დღეიდან დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთლიანად ჭიათურა გაიფიცება
ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე ხელფასების გაზრდის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომპანიამ გაფიცულებს იგივე პირობა შესთავაზა. პირველ ეტაპზე 15%-იანი და შემდეგ 10%-ით ხელფასების ზრდა, თუმცა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მიიღო უარი.
უცვლელი რჩება გაფიცული მაღაროელების მოთხოვნა.
გაფიცულების პირობა პირველ ეტაპზე ხელფასის 30% - იანი, შემდეგ ეტაპზე კი 20%-იანი ზრდაა.
პროტესტის მონაწილეების თქმით, ხელშეკრულებაში ხელფასის ბევრად მეტი ოდენობა იყო მითითებული, ვიდრე რეალურად იღებდნენ. ამ საკითხის გარკვევას მათ ადმინისტრაცია დაჰპირდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეიდან დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთლიანად ჭიათურა გაიფიცება.
აქციის მონაწილეებმა "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შენობის წინ გადაინაცვლეს. ისინი ქალაქიდან კომპანიის წასვლას მოითხოვდნენ.
გაფიცულებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდებდნენ.
კომენტარი