სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესს ენერგეტიკოსების ნაცვლად, დღეს ბოტანიკოსები აფასებენ

“ვარციხეჰესის” კასკადების მთავარი ინჟინერი ალეკო ყაველაშვილი აცხადებს, რომ მთელი მსოფლიო დგას ენერგეტიკული ცვლილებების წინაშე და მომავალში არა მხოლოდ გარემოსთვის საშიში ატომური, არამედ ძვირადღირებული თბოელექტროსადგურების გაჩერების საკითხიც დადგება. დარჩება, მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები, სადაც მათი აშენების პერსპექტივა არსებობს.

ენერგეტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს ამ მხრივ აქვს მდიდარი პოტენციალი, რადგან ქვეყანაში ჰიდრორესურსების დაახლოებით 18- 20%-ია ამჟამად ათვისებული. საქართველოს მომავალში, ჰიდრორესურსების 60-70 პროცენტის ათვისების შემთხვევაში, აქვს შანსი გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი.

“ჩვენი ელექტროენერგია აუცილებლად უნდა გავიდეს ექსპორტზე. ხუდონჰესი არის ხუთჯერ უფრო დიდი პროექტი, ვიდრე ვარციხეჰესის კასკადი. ჩვენს შემთხვევაში შემოსავლების 16% იბეგრება და შედის სახელმწიფო ხაზინაში. მხოლოდ ჩვენი კასკადიდან სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს მილიონობით ლარს. ახლა წარმოიდგინეთ ხუდონჰესი, მისი ექსპორტზე გასული ელექტროენერგია და მილიარდობით ლარი, რომლითაც შეივსება საქართველოს ბიუჯეტი. ახლა წარმოიდგინოს და დაიანგარიშოს ყველამ ის მოგება, რისი მოტანაც შეუძლია ამას 4,5-მილიონიანი ქვეყნისთვის. პროექტის მნიშვნელობა, მისი ღირებულებით უნდა შეფასდეს. ხუდონჰესზე დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, ენერგეტიკოსების შეფასებების ნაცვლად, მათ შორის, პოლიტიკოსები და ბოტანიკოსებიც კი. მე ვგულისხმობ ბოტანიკოსებს და არა გარემოს დამცველებს. მხოლოდ ზიანის მიყენებაზე თუ ვიფიქრებთ, მეც, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ზიანი მომაქვს გარემოსთვის, რადგან ვსუნთქავ და ვიკვებები ჟანგბადით, ასევე ავტომანქანებს და ნებისმიერ ტექნიკურ დანადგარებს. შეფასება უნდა მოხდეს ზიანის მიყენებისა და სარგებლის შედარებით“, -აცხადებს ის.

ალეკო ყაველაშვილს მიაჩნია, რომ არა მხოლოდ ხუდონჰესი, არამედ ყველა 40 ჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს, რომელიც დაგეგმილია 2015 წლისთვის. ისეთ მსხვილ ობიექტებზე, როგორიც ხუდონია, მშენებლობაზე დასაქმდება 4000 მდე ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ მის მომსახურებას დასჭირდება 300-400 ტექნიკური პერსონალი.

,,ამას გარდა, ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების, რადგან ამ დარგში თეორიული ცოდნა გზის ერთი ნახევარია. ენერგეტიკოსი აუცილებლად უნდა იყოს დასაქმებული, რათა თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით განიმტკიცოს. ენერგეტიკოსები იზრდებიან პრაქტიკული საქმიანობის დროს. თუ არ ავაშენებთ ასეთ პროექტებს, სულ ცოტა ხანში ენერგეტიკოსებიც აღარ გვეყოლება“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ზემოთჩამოთვლილ სიკეთეებთან ერთად იძლევა იმის გარანტიასაც, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება.

,,გარანტია იმისა, რომ სამომხმარებლო ტარიფი უახლოეს პერიოდში არ გაიზრდება არსებობს და ამის თქმა თავისუფლად შეიძლება. მეტიც, ხუდონჰესის მსგავსი დიდი პროექტების განხორციელება იმის პერსპექტივას და იმედსაც მოგვცემს, რომ ელექტროენერგიაზე არსებული სამომხმარებლო ტარიფი არა თუ ზრდისკენ, არამედ, პირიქით, კლებისკენ წავა“,- განაცხადა ვარციხეჰესის კასკადების მთავარმა ინჟინერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100