სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა ხეჩუაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიება

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ სეოკ-ის სარჩელის დაკმაყოფილებით მხოლოდ ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება გააუქმა.

საუბარია მოსამართლის იმ განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 14 თებერვალს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიება, საქმის არსებითი განხილვა კი ჯერ არ დაწყებულა.

„მთავარი საკითხი, რაზეც მიდის საუბარი, ჯერ არ დაწყებულა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ოპონენტების მხრიდან ნაადრევად არ გახსეს სიხარულის საფუძველი. ჩვენ გვაქვს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ხუთდღიანი ვადა, თუმცა დღეს გავივლით კონსულტაციებს იურისტთან და გუნდის წევრებთან ერთად. შესაძლოა, ჩვენ არ გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ზუსტად იმ მოტივით, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოს აქვს ორთვიანი ვადა და არ მოხდეს საქმის არსებითი განხილვის დროში გაწელვა. ამ მოტივით შესაძლოა დროებითი შეზღუდვა, რომელიც საქალაო სასამართლომ გააუქმა, არ გავასაჩივროთ. წესით ოპონენტების მიზანიც ის უნდა იყოს, რომ საქმის არსებითი განხილვა დროულად დაიწყოს. ჩვენ მათი მხრიდან არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა საქმის არსებითად განხილვასთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც სააშკარაოზეა გამოტანილი. მათ ჩვენგან დოკუმენტაცია უკვე მიიღეს, დარწმუნებული ვარ რომ უკვე ეცნობიან და ადექვატურ პასუხებს გასცემენ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც არსებობს და არ იქნება მხოლოდ ხელის ჩამორთმევაზე საუბარი“,- აცხადებს ზაზა ხეჩუაშვილი.

საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვალს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

მოსამართლის განჩინებაში წერია, რომ გაუქმდეს სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლის მიხედვითაც აეკრძალა სეოკ-ს 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეული პირების ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედების შესრულება, შეჩერდა ოლიმპიური კომიტეტის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრულ წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადაო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში შესვლამდე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ყრილობაზე წარდგენილ დელეგატთა შორის იყო ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც იურიდიულად არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100