სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მასონთა ლიდერთან

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, ალბათ, ბევრი თქვენგანი შეხვედრია პროფილებს, რომელთა ავტორებიც პირად ინფორმაციაში, მიმოწერაში და სტატუსებში არ მალავენ, რომ ქართველი მასონები არიან. ერთ–ერთი ასეთი პროფილის ავტორმა ქართული მასონური ლოჟის დაფუძნების გეგმაც კი დაანონსა.

ცოტა ხნის წინ „დრონი.ჯი“ სწორედ ამ პროფილზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით წერდა, რომ უახლოეს მომავალში თბილისში სხვადასხვა ქვეყნის მასონთა ლოჟის წარმომადგენლების ჩამოსვლა იგეგმება.

დღეს კი „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს იმ პროფილის ავტორთან, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს და ფსევდონიმის მეშვეობით კონტაქტობს, ამავე დროს, პირად მიმოწერაში აცხადებს, რომ ქართველ მასონთა ლოჟის აღდგენის პროცესშია ჩაბმული. მან „ფეისბუქის“ მეშვეობით ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვებს „ფეისბუქითვე“ უპასუხა.

დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხების კომპეტენტურობიდან გამომდინარე, მკითხველს შეუძლია, თავად დაასკვნას, არის თუ არა პროფილის ავტორი ნამდვილად მასონი, ინტერვიუს ავტორის პოზიცია ზემოთხსენებულ პიროვნებასთან დაკავშირებით კი სათაურშია გამოტანილი.

"დრონი.ჯი"-ს მიერ მიერ დასმულ შეკითხვებს და მათზე გაცემულ პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

- ერთი შეხედვით, შეიძლება დაინტერსებულმა ადამიანმა უამრავი მასალა მოიძიოს მასონებზე, მაგრამ აქედან უმეტესი ნაწილი ან ყალბია, ან გადაჭარბებული, ან კიდევ არაკომპეტენტური. რით არის გამოწვეული მასონების შესახებ არსებული სერიოზული ლიტერატურისა და წყაროების დეფიციტი, ნაწილობრივ - მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში?

- საქართველო ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში განსაკუთრებულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როდესაც მასონურმა საძმომ ნელ-ნელა დაიწყო ჩრდილიდან გამოსვლა და საზოგადოებასთან ურთიერთობა (აშშ, ევროპა, იაპონია და სხვ.) საქართველო და ქართული საზოგადოება “რკინის ფარდის” იქეთ იმყოფებოდა, რაც სრულიად გამორიცხავდა ინფორმაციის მიღებას.

მასალა, მართლაც, უამრავია: სხვადასხვა ელექტრონულ გვერდზე, სოციალურ ქსელებში, პირად გვერდებზე, სხვადასხვა მიმართულების ორდენების ვებ გვერდებზე, ბლოგებზე. იბეჭდება ლიტერატურა და ვრცელდება უამრავი ვიდეო.

მასონური საძმო არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, მაგრამ ის არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია საიდუმლო.

ამით ბევრი ადამიანი ცდილობს გამდიდრებას და საზგადოებისთვის “საიდუმლო ბურუსით მოსილი”, რაღაც საკრალური და მისტიური ისტორიების წარმოდგენას, რათა მათი შეთხზული ყვითელი ლიტერატურა სარფიანად გაიყიდოს. არიან ისეთებიც, რომლებიც “მასონურ ორდენზე ჩატარებულ კვლევას” მიიწერენ და ამ “კვლევის” საფუძველზე აღმოჩენილ “მაკომპრომენტირებელ” ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობენ გაავრცელონ რელიგიური ისტერია.

ვცდილობთ, მათ ავუხსნათ, რომ მასონური ორდენი შედგება მხოლოდ რეგულარული მასონობისგან და რომ მის გარდა არსებობს კიდევ მრავალი განშტოება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მასონობასთან.

ასეთია, მაგალითად, „დიადი აღმოსავლეთი”, მემფის მიცრაიმი, მრავალი ორდენი თუ საიდუმლო საძმო, რომელთა საქმიანობა საზოგადოებში შეიძლება ნეგატიურად შეფასდეს ამა თუ იმ თვალსაზრისით.

„დიადი აღმოსავლეთი” აქტიურად ერევა პოლიტიკაშიც, რელიგიურ საკითხებშიც და არის უფრო ლიბერალური. მის რიგებში ქალებსაც ნახავთ, ათეისტებსაც და სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტებსაც. უკვე სამი საუკუნეა, ისინი თავს “მასონებად” მოიხსენიებენ და, შესაბამისად, პროფანთა მიერ ზერელედ ჩატარებული “კვლევის” შედეგად გამოქვეყნებული სტატიები, რითაც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ამ „განშტოებათა” საქმიანობის შეფასება, საზოგადოებას ანტიპათიას უღვივებს რეგულარული მასონური საძმოს მიმართაც.

ვერ დაგეთანხმებით, რომ მსოფლიოში მასონური ლიტერატურის დეფიციტია. ბოლო 30-40 წელი მრავალ ენაზე გამოდის პროფესიონალ, მცოდნე ავტორთა და მეცნიერთა ნაშრომები, მათ შორის ტამპლიერებზეც, რეგულარულ მასონობაზე, მის ისტორიაზე და სიმბოლიკაზე.

საქართველოში, ქართულ ენაზე დაწერილ წიგნს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ რუსულიდან თარგმნილი ავანტიურისტული ან ფსევდორელიგიური წიგნები ან იმავე რუსულ ენაზე დაბეჭდილი ლიტერატურა. არის მრავალი ავტორი, მაგალითად, გიზე, რომელიც მასონობას არავის ახვევს თავს და მხოლოდ ობიექტურად, ფაქტებზე დაყრდნობით, მრავალი წლის კვლევისა და ანალიზის შედეგად დაწერილ საკუთარ, საღი აზრის მქონე წიგნს სხვადასხვა ენაზე აქვეყნებს და ამით მასონურ გილდიას უფრო მეტ სინათლეს ჰფენს საზოგადოების თვალში.

2011 წლის სექტემბერში ორ გამოცემას ვგეგმავთ ქართულად. ერთი სწორედ გიზეს წიგნის თარგმანია გერმანული ენიდან და მეორე ქართველი ძმების დაწერილი წიგნია. ვფიქრობ, ეს ორი გამოცემა მეტ ნათელს მოჰფენს საკითხს და მრავალ შეკითხვას გასცემს პასუხს. მუშაობა ამ მიმართულებით არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გააქტიურდება კიდეც.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართველ მასონებზე და ზოგადად, ქართველ მასონთა ლოჟაზე?

-საქართველოში პირველი წერილობითი საბუთი მასონური ლოჟის არსებობისა და მასონების აქტივობის შესახებ გვხვდება მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში. თუმცა, ეს ის პერიოდია, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და არც დამოუკიდებელი ქართული მასონური იურისდიქცია გაგვაჩნდა. საქართველოში ორი ლოჟა იყო – ქუთაისში და თბილისში. კიდევ ორი ქართული ლოჟა რუსეთში იყო - პეტერბურგში და ერთი მათგანი რუსეთის ფედერალური საბჭოს (პარლამენტის) შენობაშიც კი იკრიბებოდა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მრავალი თბილისელი და ქუთაისელი ძმა სქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის წევრი გახდა. ეს გულწრფელი პატრიოტები და სამშობლოს მოტრფიალე ადამიანები იყვნენ. თუმცა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მათმა უმეტესობამ ემიგრაციაში, საფრანგეთში გადაინაცვლა, სადაც ორი ლოჟა შეიქმნა. პარიზში ერთი ქართული, მეორე კი ჩეჩნურ-ქართული ლოჟა დაფუძნდა. საქართველოში ისტორიის ძაფი ამ მხრივ 90 წლის წინ გაწყდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებზე მეტი ინფორმაციის მოძიება და შემდგომში წიგნის სახით გამოცემა.

ქართველებმა ამ კუთხითაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორიული წარსული, რადგან ეს ხალხი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მარგალიტები იყვნენ. დღეს საქართველოში რამდენიმე ძმა ვმოღვაწეობთ, სხვა ქვეყნების იურისდიქციებში ვართ ინიცირებულები და ვცდილობთ საქართველოში დამოუკიდებელი დიადი ლოჟის შექმნას. ამას კი წინ, სულ მცირე, სამი ლურჯი ლოჟის გახსნა უძღვის.

ამ ეტაპზე ორი სადეპუტაციო (არასრული დამოუკიდებლობით, სხვა ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი და იქ დაარსებული - საქართველოს მოქალაქეობის მქონე ძმებისთვის და კანდიდატებისთვის) ლოჟა არის შექმნილი, ორი სხვადასხვა ქვეყნის მასონური იურისდიქციის ქვეშ. ჩვენ მესამის გახსნასაც ვგეგმავთ 2012 წლის მარტში, რაც, საბოლოოდ, საშუალებას მოგვცემს 2012 წლის სექტემბრისთვის შევქმნათ საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სტრუქტურა და იურისდიქცია.

- რატომ არის მასონთა რიტუალები, შეხვედრის ადგილები, ძმების ვინაობა და ა.შ. მკაცრად გასაიდუმლოებული? რატომ არ ზრუნავენ მასონები მათი შეხვედრების ამსახველი კადრების განსაჯაროებაზე – რა საიდუმლო გამჟღავნდება, თუკი ხალხი ვიდეოკადრებს ნახავს?

- ნებისმიერ მასონს შეუძლია (და დასავლეთში ბევრი ამას აკეთებს) მასონურ ორდენში საკუთარი წევრობის შესახებ ხმამაღლა განაცხადოს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის და არა სხვა ძმის შესახებ. შეხვედრის ადგილიც მრავალ ქვეყანაში ცნობილია საზოგადოებისათვის.

რიტუალს ანუ “მუშაობას” თავისი დატვირთვა აქვს და პროფანისათვის (ადამიანისთვის, ვინც არ არის მასონური საძმოს წევრი) ის გაუგებარია, რადგან ყოველი ლოჟის შეკრება და მუშაობა არის ადამიანზე მუშაობა, ადამიანის, ინდივიდის განვითარება გარკვეული ალეგორიებისა და ცოდნის გამოყენებით. მასონის ერთ-ერთი მიზანია საკუთარი თავისა და მის გარშემო მყოფ ადამიანთა განვითარება – არა საზოგადოების, როგორც მთლიანის, არამედ თითოეული ინდივიდის, რადგან ინდივიდთა ერთობა ქმნის ჯანსაღ საზოგადოებას.

ჩვენ კარგი ადამიანისგან უკეთესი ადამიანის ჩამოყალიბება გვსურს.

ეს არ ეხება მისი პოლიტიკური, რელიგიური და კულტურულ-ეროვნული თვითმყოფადობისა და მრწამსის შეცვლას. აქ საუბარია მხოლოდ მის ინდივიდუალიზმზე, განათლებაზე, ჰუმანისტურ მსოფლმხედველობაზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე, მათი აზრის პატივისცემაზე, ტოლერანტობაზე და ა.შ.

საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი ვინაობა და შეკრების ადგილი გასაიდუმლოებულია. პირდაპირ ვიტყვი – ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ისეთი რეაქციული ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. პირადად მე მათ ნაკლებად გავუწევდი ანგარიშს, მაგრამ ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია, რომელთა სიმყუდროვის დარღვევა ჩვენთვის დაუშვებელია.

მჯერა, რომ ათ-ოც წელიწადში სიტუაცია შეიცვლება და ქართველი მასონებიც უფრო ღიად იმოქმედებენ. რუსეთში, სერბეთსა და რუმინეთში 15 წელი დასჭირდა იმას, რომ დიადი ლოჟის წევრებს საკუთარი ვინაობა გაემხილათ. იქ საზოგადოებას ნაკლებად აინტერსებს ძალადობა, თუნდაც მასონების მიმართ.

მასონებს კარგად ახსოვთ კათოლიკური ეკლესიის მიერ განხორციელებული დევნა, რაც ბოლოს იოანე პავლე მეორის შემწყნარებლობის ბულათი დასრულდა. გვახსოვს ფაშისტური გერმანიის და საბჭოთა სუკ-ის მიერ განხორციელებული დევნა და მილიონობით მასონის განადგურება. გვახსოვს და ვხედავთ რელიგიურ ექსტრემიზმს, თუმცა ბევრ ქვეყანაში საზოგადოებამ უკვე განვლო შეუცნობელის შიშის ეტაპი და ქართული საზოგადოებაც ჩადგება მათ რიგში, ამას გარკვეული დრო, წლები სჭირდება.

-თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მასონების მიმართ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. სტუმრებს, რომლებიც თბილისში ჩამოსვლას აპირებენ, თუ ეუბნებით, რომ ისინი იმყოფებიან ქვეყანაში, სადაც “მასონი” სალანძღავი სიტყვაა? რა სიტუაციაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

- ჩვენი კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა სულ სხვა სურათი. გამოკითხულთა (გამოკითხულია 3200 მოქალაქე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, შესაბამისი სქესობროვი, ასაკობრივი, აღმსარებლობითი და სხვა კრიტერიუმების სრული დაცვით) 38,4% დადებითად უყურებს მასონური საძმოს ჩამოყალიბებას საქართველოში, 19,2% - ნეგატიურად, დაახლოებით 40%-ს კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, მათ სულ სხვა საკითხები აწუხებთ.

გეთანხმებით, ინფორმაციულმა ვაკუუმმა და სხვა ფაქტორებმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილში მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია მასონების მიმართ. მათგან უმეტესობამ არც იცის, თუ რა არის მასონური ორდენი, თუმცა სმენიათ, რომ ეს არის ანტიქრისტიანული, სატანისტური თუ „ბურჟუაზიულ-იმპერიალისტური” გაერთიანება.

აქვე მინდა დავურთო, რომ რეგულარულ მასონურ ორდენში მიღებისთვის უმთავრესი მოთხოვნაა ღმერთის, შემქმნელის არსებობის რწმენა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი აღმსარებლობის ხართ, ღმერთი ერთია და საერთო. რაც შეეხება სატანისტურ სექტას, ის 1966 წელს შეიქმნა, „დაგვესესხა” გარკვეულ სიმბოლიკას, რომელიც, პრინციპში, მასონურიც არ არის. ჩვენ ამ სიმბოლიკას, უბრალოდ ჩვენებური დატვირთვით ვიყენებთ. სატანისტურ სექტასთან მასონურ ორდენს არანაირი კავშირი არა აქვს.

ჩვენი საქმე არ არის არც რელიგია და არც პოლიტიკა. თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი აღმსარებლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებები, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ხედვა, მაგრამ ამ საკითხებზე არ ვსაუბრობთ ლოჟაში და არც ლოჟის სახელით არ ვახორციელებთ რაიმე ჩვენს საქმიანობას. ჩვენ, როგორც ყველა რეგულარული მასონი, ვართ სახელმწიფოსა და მისი მთავრობის ერთგულები (მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა). დაუშვებელია მასონმა მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შეთქმულებაში ან ღალატში, ეს ჩვენს ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ჩვენმა უცხოელმა ძმებმა კარგად იციან ის რეალობა, რაც საქართველოში მასონებთან არის დაკავშირებული. მათ ჩვენი ესმით და ცდილობენ გაგვამხნევონ. ჩვენ გავდივართ იგივე გზას, რაც მათ ერთი საუკუნის წინ გაიარეს და, შესაბამისად, გამოცდილებაც დაუგროვდათ.

“მასონი”, როგორც სალანძღავი სიტყვა, ისევე როგორც “ცისფერი” და “კახპა” ჩვენს საზოგადოებაში ალბათ უფრო შურის და ბოღმის აღმნიშვნელია. თუ რომელიმე ქალი არ მოსწონთ, მაშინ ის ნამდვილად „კახპაა” და თუკი ადამიანი, ვინც ვიღაცის რისხვა დაიმსახურა, მამრობოთი სქესისაა, მაშინ ის აუცილებლად „ცისფერია”. აი, “მასონი” კი უფრო ელიტარული სალანძღავი ტერმინია, რაც თავის თავში ბევრ სიმდიდრესა და თავისუფლებას, ძალაუფლებასა და არაეროვნულობას გულისხმობს.

ფაქტია, რომ მასონები მდიდრებიც არიან და ღარიბებიც, ძალაუფლების მქონენიც და ნაკლებად, თუმცა ყველა მასონი ერთგულია საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საზოგადოების და გულწრფელად ცდილობს მის განვითარებას, გაძლიერებას და განმტკიცებას.

უმეტეს სხვა ქვეყნებში მასონთა თავშეყრის ადგილი და საქმიანობა ცნობილია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საამაყოა მასონური ორდენის წევრობა. აშშ-ში იმდენი განშტოება არსებობს, რომ, როგორც მომიყვნენ, თურმე ბაიკერებისთვისაც არსებობს ლოჟა. ყველა მასონი საკუთარი ქვეყნის და კულტურის ნაწილია. შესაბამისად, ის მოქმედებს როგორც საყოველთაოდ აღიარებული მასონური წესდებით, ასევე საკუთარი კულტურული გარემოს ელემენტების გამოყენებით.

-თქვენ შექმენით ფან-ჯგუფი ფეისბუკზე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქვე ქვეყნდება ინფორმაცია მიმდინარე ამბებზე...

- ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საზოგადოებასთან ურთოერთობა ელექტრონული ფორმითაც, სხვადასხვა სოციალური ქსელების, ვებ გვერდების, ბლოგებისა თუ ფორუმების მეშვეობით. საქართველოში ამას დამატებითი ფუნქცია აქვს, სანამ ქართულ ენაზე არ გამოქვეყნდება შესაბამისი ლიტერატურა. ჩვენ ვართ Facebook-ზე,Twitter-ზე, Youtube-ზე, ვიყენებთ Blogger-ს და სხვა ელექტრონულ საშუალებებს.

მიგვაჩნია, რომ ამ საშუალებებით მცირედ, მაგრამ მნიშვნელოვან ინფორმაციას მივაწვდით ყველას, ჩვენს საზოგადოებას, ნეგატიურად თუ პირიქით, პოზიტიურად განწყობილ ადამიანებს. ჩვენი აქტიური მომხმარებელი ფეისბუკის ქართველ მომხმარებელთა 2%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ინტერნეტის მომხმარებელთა დაახლოებით 7%-მა დაათვალიერა ჩვენი გვერდი, დატოვა კომენტარი და მიიღო სასურველი ინფორმაცია. არ მოგეჩვენოთ, რომ ეს დაბალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11-13% იყენებს ინტერნეტს.

-დავუშვათ, არსებობს რიგითი ობივატელი, რომელიც დაინტერესებულია მოხვდეს მასონთა შორის და საკმაოდ კეთილგანწყობილია მათ მიმართ. იმ მიუწვდომლობის საფარის” გათვალისწინებით, რაც მასონებს და მათ გაერთიანებებს აკრავს გარს, რამდენად შესაძლებელია ასეთი პირის მოხვედრა მასონთა ლოჟაში? არსებობს რაიმე კრიტერიუმები, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს?

-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ არის აუცილებელი კრიტერიუმები, რომელსაც პროფანი მაძიებელი ანუ კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. ხაზს გამოვყოფდი რამდენიმე კრიტერიუმს: კანდიდატს უნდა სწამდეს, სჯეროდეს შემქმნელის არსებობის, ათეისტისთვის გზა ორდენში (ისევ და ისევ რეგულარულ მასონურ ორდენზეა საუბარი) დახურულია. იგი უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის (თუმცა სასურველია კანდიდატის ინიცირება 24 წლის ასაკიდან) და, რა თქმა უნდა, მამრობითი სქესის, არ უნდა იყოს ნასამართლები და უნდა ჰქონდეს “კარგი სახელი”, ანუ უნდა იყოს რაინდი, ჯენტლმენი საკუთარი ცხოვრებითა და სულისკვეთებით. კანდიდატი არ უნდა იყოს დამძიმებული ვალებითა და ფინანსური პასუხისმგებლობით და მისმა ოჯახმა უნდა იცოდეს მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ.

დღეს რაც შეეხება კანდიდატების მიღებას ჩვენთან, ეს, მეტწილად, პირადი ნაცნობობით ხდება. ნებისმიერ კანდიდატს თავდებად ისედაც მინიმუმ ერთი ძმა უნდა დაუდგეს, შემდგომ სხვა სამი ძმა ხვდება და ესაუბრება და ბოლოს კი მისი მიღების საკითხის განხილვისა და დადებითი შედეგის მიღების შემდეგ უკვე მთლიანად ლოჟა უყრის კენჭს მის კანდიდატურას. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით.

-რას ეტყოდით მათ, ვისაც მასონები კაცობრიობის მტრებად მიაჩნიათ და მათზე წინასწარ აკვიატებული წარმოდგენები აქვთ?

- მეტი იკითხონ და მეტი ანალიზი გაუკეთონ ღირებულ და ობიექტურ წყაროებს. მასონი ვერ იქნება კაცობრიობის მტერი, მაშინ მტრების ნუსხაში გვეყოლებოდა ვერდი, მოცარტი, ლეონარდო, კონან დოილი, მარკ ტვენი, ბახი, ლისტი და მრავალი სხვა ხელოვანი, ღირსეული, პატრიოტი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი. მასონების ეშინიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც სურს მსოფლიო ბატონობა და რელიგიური თუ ეთნიკური კუთხით ადამიანების “გარყვნა”.

ჩვენ არა ვართ საიდუმლო ორგანიზაცია და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს საძმოს, უბრალოდ, გააჩნია საიდუმლო, ისევე, როგორც, ალბათ, ყველა ადამიანს, ყველა ოჯახს და ყველა ინსტიტუტს, თუმცა ეს არ არის ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არსებული ცოდნა და საიდუმლო.

ჩვენ არც რელიგიურ ინსტიტუტებს ვებრძვით და, მითუმეტეს, არც რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს, ვინაიდან ჩვენც ამ ჯგუფების წევრები ვართ. ეს არ არის მასონის ინტერესი. ჩვენ გვაინტერესებს თვითგანვითარება, განათლება, დამატებითი ცოდნის მიღება, სვლა სინათლისაკენ, ღმერთთან დაახლოება და ჩვენს გარშემომყოფთა ინტელექტუალური და მორალური გაძლიერება-განვითარება.

-ის სიმბოლოები, რომლებიც მასონებთანაა ასოცირებული, გარკვეულწილად, სხვადასხვა რელიგიურ წყაროებშიც გვხვდება, მათ შორის ქრისტიანული რელიგიის მთავარ წიგნში – ბიბლიაში. რატომ შეიძინეს ამ სიმბოლოებმა, მაგალითად, თვალმა - ასეთი იდუმალი და ხშირ შემთხვევაში, საშიში იერი?

- ეს სიმბოლიკა ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში არსებობდა, ასევე ყველასთვის ცნობილი ხუთქიმიანი ვარსკვლავიც. ეს არ არის მხოლოდ მასონური სიმბოლო, მას ქრისტიანულ რელიგიაში ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლური დატვირთვა აქვს, ისევე როგორც ყოვლისმხედველი თვალი ქრისტიანულ სარწმუნოებაში ღმერთის მზერას აღნიშნავს.

რა თქმა უნდა, არსებობს სპეციფიკური მასონური სიმბოლიკაც, მაგალითად, გონიო და ფარგალი, რასაც ჩვენთან ალეგორიული სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ასევე, ორი სვეტი, რომელიც სოლომონის ტაძრის შესასვლელს ამშვენებდა, გადატეხილი სვეტი და ა.შ. არცერთ ამ სიმბოლოს, ჩვენი დატვირთვის მიხედვით, კავშირი არა აქვს რელიგიასთან.

სიმბოლიკა ისეთი რამ არის, რაც ადამიანში გარკვეულ ემოციებს იწვევს. სვასტიკა არ იყო ჰიტლერის და ხუთქიმიანი ვარსკვლავიც არ იყო ლენინის, მაგრამ დღეს ეს სიმბოლოები მათ რეჟიმებთან ასოცირდება. მსგავს შემთხვევას წარმოადგენს „დავითის ფარის” სიმბოლო ანუ ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც დღეს იუდეველთა რელიგიური სიმბოლოა. ეს საკმაოდ ძველი სიმბოლოა, რომელიც ებრაელთა რელიგიის აღმნიშვნელი მხოლოდ მე-19-20 საუკუნეებში გახდა.

მე-14 საუკუნიდან ცენტრალურ ევროპაში ამ სიმბოლოთი ებრაულ დასახლებებს აღნიშნავდნენ, თუმცა რელიგიასთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მას სულ სხვა ეზოთერული მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა და დღესაც ასე გააჩნია მასონებისთვის.

-მასონები აცხადებთ, რომ თქვენი მიზანია, შექმნათ უკეთესი მსოფლიო. რათქმა უნდა, მცირე ინტერვიუში ამის ჩატევა წარმოუდგენელია, მაგრამ იქნებ მაინც მოკლედ გვიპასუხოთ, როგორ აპირებთ ამას?

- მასონები ვაცხადებთ, რომ ჩვენი სურვილია კარგი ადამიანისგან შევქმნათ და განვავითაროთ უკეთესი ადამიანი, ჩვენ ინდივიდი გვაინტერესებს, ადამიანი – და არა მსოფლიო ან თუნდაც ადგილობრივი საზოგადოება, როგორც მთლიანობა. მთავარია, ადამიანი იყოს მორალურად მტკიცე, განათლებული, განვითარებული, შეეძლოს აზროვნება და ანალიზი და ასეთ ადამიანთა ერთობა თავისთავად შექმნის უკეთეს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოსა და მსოფლიოს.

-მასონთა რიგებში არ ირიცხებიან ქალები, რა მოსაზრება უდევს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას და აქვს თუ არა ამას რაიმე საერთო ქრისტიანულ და სხვა რელიგიათა ტრადიციასთან, რომლის მიხედვითაც ქალებს არა აქვთ მღვდელმსახურების უფლება? საერთოდ, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, როდესაც მასონობას რომელიმე რელიგიას ადარებენ და ამის მიხედვით მსჯელობენ მასზე?

- თქვენს შეკითხვას ბოლოდან ვუპასუხებ. მიმაჩნია, რომ რელიგიისა და მასონური ორდენის შედარება, პარალელების გავლება და იმის მტკიცება, რომ მასონობა ებრძვის რელიგიას არა თუ არასწორი და მცდარია, არამედ ზედმეტად აბსურდულიც. ყველა ძმას საკუთარი რელიგიური აღმსარებლობა და რწმენა გააჩნია, თავისი ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, ბუდისტური ტაძარი, სადაც ის დადის და ლოცულობს. ლოჟაში მოსული ძმა მუშაობს საკუთარ ადამიანურ გამოვლინებებზე, ინტელექტზე, მორალურ განვითარებაზე და ეს მუშაობა არ არის დაკავშირებული რელიგიასთან.

რეგულარულ მასონობაში ქალები არ დაიშვებიან, გარკვეულ იურისდიქციებში მათთვის არსებობს ცალკე ლოჟები, თუმცა, ტრადიციულად, ქალბატონი მამაკაცის “ძმა” ვერ გახდება. მეუღლე, მეგობარი, კოლეგა, ხელმძღვანელი და ა.შ. – რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ძმა? არა! არის კიდევ სხვა მიზეზებიც, მაგრამ ძირითადი კონცეფცია ეფუძნება სწორედ ძმურ ურთიერთობებს მასონურ ორდენში... ამას არანაირი კავშირი არა აქვს გენდერული თანასწორობის დარღვევასთან ან ქალთმოძულეობასთან. უბრალოდ, არის ურთიერთობები, რომლებიც მხოლოდ მამაკაცთა შორის რეგულირდება...

-თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველო, ქართული საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ქართველ მასონთა ლოჟა იატაკქვეშეთიდან ამოვიდეს, შეკრებაზე განსახილველი ან განხილული საკითხები საჯარო გახადოს?

- რაც შეეხება ქართული საზოგადოებისა და, მასთან ერთად, ჩვენს მზაობას იმისათვის, რომ შედარებით ღიად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და საზოგადოებას გავაცნოთ რიგი ინფორმაცია, ამისთვის ერთი დეკადა მაინც არის საჭირო. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ სწრაფად ვითარდება, ვნახოთ...

ჩვენ არ ვართ „იატაკქვეშეთში”, მოდით ამას “ჩრდილი” დავარქვათ. შეკრებაზე განხილული საკითხები საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მაინც ვერ გახდება. რა საჭიროა? ყველა ორგანიზაციას საკუთარი შიდა დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა გააჩნია, ასევეა მასონურ ორდენშიც.

ბოლოს დავამატებდი, რომ ქართულმა საზოგადოებამ მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უნდა ისწავლოს, მოსმენა და სხვისი აზრის პატივისცემა. ჩვენი სახელმწიფო და ერი არის ერთ-ერთი უძველესი, განათლებული და ღირსეული პლანეტაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა ოკუპაციის ნალექებს მალე ვძლევთ, მივხვდებით, სად არის ჭეშმარიტება, სინათლე და ღირსება და ამ სინათლისკენ გავაგრძელებთ სვლას ისევე ღირსეულად და მრავალფეროვნად, როგორც ჩვენს ერს შეშვენის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100