კადიროვმა „მემორიალის“ ლიდერის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
დაახლოებით ერთი საათის წინ მოსკოვის სასამართლომ გაამართლა უფლებადამცველთა ცენტრ „მემორიალის“ ხელმძღვანელი, ოლეგ ორლოვი, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ცილისწამებისა და ჭორის გავრცელებისთვის უჩიოდა და მის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრასაც მოითხოვდა.
მოსკოვის სასამართლოს ხამოვნიჩესკის რაიონის მოსამართლემ, კარინა მოროზოვამ მიიჩნია, რომ კადიროვმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც ცხადი გახდებოდა, რომ ორლოვის გამონათქვამში ავი ჩანაფიქრი იყო. შეგახსენებთ, რომ „მემორიალის“ წევრი, ეროვნებით ჩეჩენი ნატალია ესტემიროვა 2009 წლის 15 ივლისს გაიტაცეს, მისი ცხედარი კი ცოტა ხნის შემდეგ მეზობელ ინგუშეთში იპოვეს. ამის შემდეგ ოლეგ ორლოვი გამოვიდა და მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რამზან კადიროვს დააკისრა, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან სარჩელის შეტანის საბაბი გახდა.
თუმცა, ორლოვის ადვოკატმა, ჰენრი რეზნიკმა სასამართლოზე შესძლო დაემტკიცებინა, რომ მის კლიენტს კადიროვის პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ჰქონდა მხედველობაში. „პირი, რომელიც დარწმუნებულია მის მიერ გავრცელებული ცნობების ნამდვილობაში, არ შეიძლება მიეცეს პასუხიგებაში იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გავრცელებული ცნობა მცდარი აღმოჩნდება“, – აღნიშნა მოროზოვამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
ორლოვმა სასამართლოსდასრულების შემდეგ აღიარა, რომ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება „აბსოლუტურად მოულოდნელი“ აღმოჩნდა. „იცით, ბიჭებო, პირდაპირ გეტყვით – ნამდვილად არ ველოდი. ახლა მე სახლში წავალ და დავლევ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სასწაულის მომსწრე გავხდი“, – უთხრა ორლოვმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ და დაამატა, რომ მას პროცესი შეკვეთილი, განაჩენი კი უკვე გამოტანილი ეგონა.
პროცესზე პროკურატურა ორლოვის 150 ათასი რუბლით დაჯარიმებას ითხოვდა, ხოლო კადიროვის ადვოკატი ორლოვისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმის – სამი წლით თავისუფლების აღკვეთის შუამდგომლობით შევიდა. სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მიიჩნია რა, რომ კადიროვმა უკვე დაიცვა საკუთარი პატივი და ღირსება, როცა ამ საქმესთან დაკავშირებით სამოქალაქო პროცესი გაიმართა.
წინა, სამოქალაქო პროცესს რამზან კადიროვიც ესწრებოდა და მას ორლოვის ადვოკატისგან დასმულ ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. კითხვები, ძირითადად, ნატალია ასტემიროვას მკვლელობასთან მის კავშირს ეხებოდა. ადვოკატმა ჰკითხა, ეკუთვნის თუ არა მას სიტყვები, რომლებიც ეთერ ასტემიროვამ მკვლელობამდე მოიყვანა და კადიროვს მიაწერა: „დიახ, მე ხელები იდაყვებამდე მაქვს სისხლში. მე ვკლავდი და მოვკლავ ცუდ ხალხს. ჩვენ თავიდან ვიშორებთ რესპუბლიკის მტრებს“.
„ასეთი რამ არ მითქვამს და ცხოვრებაში არც ვიტყვი“, – განაცხადა კადიროვმა სასამართლო პროცესზე, – „აი, როგორი ხელები მაქვს: თეთრი და სუფთა, გუშინწინ მანიკური გავიკეთე...“
კომენტარი