ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:
17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31 %, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საარჩევნო ოლქში - 58%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა - 37 %, წალკის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 სთ-ზე შეადგინა 38.16%, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველი იყო.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოში, საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას საჩივრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 171 საჩივარი. მათი ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, უბანზე აგიტაციის შესახებ, წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, მარკირების პროცედურებზე, საარჩევნო უბნიდან გაძევებაზე და ასე შემდეგ. საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში იქნება შესწავლილი.
ანა მიქელაძემ კონკრეტულ შემთხვევებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მედიას:
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მარნეულის #49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დადასტურების შემთხვევავში, ცხადია ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ზუგდიდის #105-ე უბანზე მივიდა ორი ამომრჩეველი, რომლებიც იმ უბნის ამომრჩევლები იყვნენ. უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა („ყოფილი პოლიტ. პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“) უთხრა, რომ აღნიშნული პირები არ იყვენენ ამ უბნის ამომრჩევლები. მას შემდეგ, რაც დადასტურდა საარჩევნო კომისიის მიერ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ამავე უბნის ამომრჩევლები, მათ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
კომენტარი