მსოფლიოს ეკონომიკა ამერიკის დეფოლტის თავიდან აცილებას ელის
ამერიკის შეერთებული შტატების ვალი დღითიდღე იზრდება და შესაბამისი ინსტიტუტები კრიზისი წინაშე უძლურნი არიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი მოუწოდებს აშშ–ს, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს პარტიათა შორისი უთანხმოება, ვალის „ჭერის“ გაზრდასთან დაკავშირებით, და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ელის.
ლაგარდი მიიჩნევს, რომ აშშ–მა უნდა შეიმუშაოს დამაჯერებელი გეგმა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა იქნას მიღებული. თუკი აშშ–ის ხელისუფლება ვალის ზედა ზღვარს არ ასწევს, რომელიც 14,3 ტრილიონ დოლარზეა დაფიქსირებული, 2 აგვისტოს ქვეყანას ტექნიკური დეფოლტი დაემუქრება, საკრედიტო ვალდებულებების ნაწილში.
ლაგარდი ასევე გამოვიდა ევროზონის ლიდერებისადმი მოწოდებით, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ იმ ზომების მიღება, რომლებიც ევროკავშირის ბოლო სამიტზე იქნა შეთანხმებული, რათა რაც შეიძლება მალე შეაკავონ საკრედიტო პრობლემები და გააძლიერონ ეკონომიკა. სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ იაპონიამ თამამი ნაბიჯები გადადგას უზარმაზარი სახელმწიფო ვალის შემცირების მიზნით, განვითარებად ქვეყნებს კი შეახსენა დამატებითი ქმედებების აუცილებლობა, რათა ეკონომიკის „გადახურება“ არ მოხდეს.
კომენტარი