"სიკვდილიანობის პროცენტი მთელს მსოფლიოში საგანგაშოდ მომატებულია...ვერ შევედრებით ჩვენ იმ ქვეყნებს, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია..."
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების შექმნა გახდეს საჭირო. ასევე ამბობს, რომ მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, ახლა უხილავ ომშია და თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რა იქნება მომავალში.
მისი თქმით, სიკვდილიაობის პროცენტი მთელს მსოფლიოში საგანგაშოდ მომატებულია.
"ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ომში ვართ დღეს, ეგეთი პანდემია 1918 წლის შემდეგ არ ახსოვს მსოფლიოს. ის ღორის გრიპი არ შეედრება ამას. სიკვდილიანობა ბევრად მეტია. თუ დასაწყისში ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი ორსა და სამს შორის მერყეობდა, დღეს ხუთსა და ექვსს შორის მერყეობს. ზოგიერთ ქვეყნებში ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემით, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, 10 და 12 პროცენტს შორის სიკვდილიანობა. სადაც ძალიან განვითარებული რეანიმაციული სამსახურები აქვთ, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია, სადაც ჩვენ ვერ შევედრებით. ვერ შევედრებით ჩვენ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას" - აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანას სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.
"ლოქდაუნი გვაქვს ჩვენ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულ ქვეყანაში. სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.“ - ამბობს ამირან გამყრელიძე.
კომენტარი