შსს-ს მიერ თბილისში „დაკავებული“ "კანონიერი ქურდი" სინამდვილეში საქართველოს რუსეთმა გადასცა
რუსულ გამოცემა „პრაიმ კრაიმზე“ დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „ივერონი“ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, უბრალოდ, ტყუილი გამოდის:
როგორც ირკვევა, თბილისის აეროპორტში შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი, ვინმე „ბაჩუკა“ სინამდვილეში ქართველმა სამართალდამცველებმა კი არ დააკავეს, არამედ რუსულმა მხარემ ქართულს ხუთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ გადმოსცა.
ანუ, გამოდის, რომ შსს ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოსკოვთან დაწყებული და დასრულებული მოლაპარაკების შედეგებით მანიპულირებას ცდილობს, საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის და „კანონიერ ქურდებთან“ მებრძოლი სტრუქტურის სახელის დამკვიდრებას ცდილობს.
უფრო კონკრეტულად, "Прайм Крайм"-ის ცნობით, "მოსკოვიდან თბილისში 42 წლის "კანონიერი ქურდის" - ბადრი დვალის, მეტსახელად "ბაჩუკას" დეპორტაცია განხორციელდა".
"ბაჩუკა" თბილისში მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ავიაკომპანია "შ7"-ის მიერ განხორციელებული რეგულარული რეისით ჩამოიყვანეს.რუს და ქართველ სამართალდამცველებს ზუსტად ხუთი თვე დასჭირდათ საიმისოდ, რომ დეპორტაციის საკითხი გადაეწყვიტათ" - წერს "Прайм Крайм".
მისივე ინფორმაცით, დვალი ციხიდან 2012 წლის ნოემბერში გათავისუფლდა. ნოვოსიბირსკის მხარის ქალაქ ტოგუჩინის ციხის ჭიშკართანვე იგი ფედერაციული სამიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების მოქალეთა ყოფნის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
ქუთაისის მკვიდრი ბადრი დვალი ადრე სამჯერაა ნასამართლევი და "კანონიერი ქურდის" სტატუსი სამშობლოში 1991 წელს მიიღო. ოჯახთან ერთად რუსეთში გადასვლის შემდეგ "ბაჩუკამ" დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ბინების გაქურდვით იყო დაკავებული.
თითოეულ ასეთ დანაშაულში ბაჩუკა პირადად მონაწილეობდა, ვინაიდან საკეტების სპეციალისტად არის ცნობილი და მშვენივრად ერკვევა ამ საქმეში.
ბოლო საპატიმრო ვადა - 10 წელი მას მოსკოვში მომხდარი განსაკუთრებული მასშტაბების ჯგუფური ყაჩაღობისთვის მიუსაჯეს, რომლის შედეგად დაზარალებულის ჯანმრთელობას განსაკუთრებით მძიმე ზიანი მიადგა. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დვალი მონაცვლეობით ნოვოსიბირსკის ოლქის სხვადასხვა კოლონიებში იხდიდა სასჯელს.
საქართველოს შსს-ს მტკიცებით კი, "კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედაგად 2012 წლის 28 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საბარგო განყოფილებასთან ნარკოსაშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1970 წელს ქ. ქუთაისში დაბადებული, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. "კანონიერი ქურდი" ბადრი გიგლას ძე დ. დააკავეს და ამ ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მულხის პირველი ნაწილით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს".
კომენტარი