სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მილიარდერის ლოგიკა: მართალია, „იცემეთ“, მაგრამ ისევ იცემებით...

ვინ თქვა, რომ ისტორია არ მეორდება: ჯერ იყო და, საქართველოს უახლესი ისტორიის გამეორება მაშინ ვნახეთ, როცა ქუთაისში მეოცნებეებმა სარეცხი მანქანების დარიგება დაიწყეს და ფლაერებში მოსახლეობას 1000 ლარის ფარგლებში სურვილების ჩაწერა შესთავაზეს. ეს უკვე გავიარეთ: ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ მაშინ აწ განსვენებული ოლიგარქის სახლთან თბილისში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ჭყლეტა იყო და რამდენჯერმე სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო - ქალები ცუდად ხდებოდნენ.

რიგში ჩადგომის მიზეზი კი გავრცელებული ხმები იყო იმის შესახებ, პატარკაციშვილი თითო კაცზე 300 ლარს არიგებს, მხოლოდ პირადობის მოწმობა და მის სახლთან მისვლაა საჭიროო. მართალია, ეს მხოლოდ ხმები იყო და ასე არ მომხდარა, მაგრამ არც კვამლი გაჩენილა უცეცხლოდ.

მანამდე კი იყო „აღორძინება“ და საარჩევნო ბუკლეტებში ჩადებული ხუთლარიანი: სწორედ ამდენი ღირდა ერთი ხმა. ახლა ხუთლარიანებს არ გიდებენ ფლაერებში, ცოტა უნდა შეწუხდე - ოცნება გაისიგრძეგანო, სიტყვებად გადააწყო და ფლაერში ჩაწერო. მართალია, სეირნობისთვის პრიორიტეტმინიჭებულმა მილიარდერმა, შესაძლოა, მის წასაკითხად ვერც მოიცალოს, მაგრამ თუ გაგიმართლა და ქუთაისში დაიბადე, იქნებ ათასი ლარის ფარგლებში დაწერილი ოცნება იქვე აგიხდინონ...

მოკლედ, საქართველოში პოლიტიკის ყიდვის მსურველები არ ილევიან. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ყველას ჯვარი სწერია, ეს ამბავი უბრალოდ, გამახსენდა: ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთისთვის გივი თარგამაძისთვის მიცემულ ინტერვიუს ვკითხულობდი და ასეთ კითხვა-პასუხს წავაწყდი:

„-ბატონო გივი, როგორ ფიქრობთ, გაიზიარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილის ბედს?

-ანუ, მოკვდება თუ არა, ეგ გაინტერესებთ?..“

მისი ბედის გაზიარება აშოროს, მაგრამ ივანიშვილი რომ უკვე გაკვალულ გზას მიჰყვება, ცხადზე უცხადესია. განსხვავება ისაა, რომ ბოლო თეთრამდე საკუთარი ფინანსური რესურსის დახარჯვაში ამჯერად, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მილიარდერს ხელისუფლება ეხმარება: ჯარიმის გადახდის ყველა ვადის საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ მისი აქტივები გუშინ დააყადაღეს.

მილიარდერი, მამა და კოალიციის ლიდერი, რომელიც წესით, კანონმორჩილების ნიმუშად უნდა გამოდგებოდეს, თავად გახდა კანონის უგულებელყოფის სიმბოლო. კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის „შეწერვად“ გამოცხადებამ და მისმა იგნორირებამ სწორედ ის ექო გამოიწვია, რითაც ისევ წარსულში ვბრუნდებით: „ივანიშვილი კაი ბიჭია, ფულს არ შეიწერს“; „სულელი კი არაა, უაზრო ფული გადაიხადოს სააკაშვილის „ობშიაკში“ (ასე ზოგიერთები საქართველოს ბიუჯეტს უწოდებენ, - ლ.მ.)“; მიდით, აბა, თუ მაგრები ხართ, შეაწერეთ!“ - ასეთი აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

თუმცა, წარსულთან შედარებით ერთი, თვალშისაცემი და ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის აშკარად არახელსაყრელი სხვაობა მაინც არის: ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება საქართველოში ამომრჩევლის რაიმე სახით მოსყიდვის მიმართ. „სხვათა შორის, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამისთვის მხოლოდ ტაშს დაგვიკრავს“, - ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია და კაცმა რომ თქვას, ის მართლდება კიდეც, ოღონდ ეგაა, ზოგი შეგნებულად იყრუებს თავს და ჯიუტად არ სურს ამ ტაშის ხმა გაიგონოს - ვერაფერს იზამ, ნებაყოფლობითი სიყრუეც არჩევანი ყოფილა...

როცა მოსყიდვის მეთოდებმა არ გაამართლა, ივანიშვილის გარემოცვაში ახალი მეთოდის დამუშავება დაიწყეს და ექსპერიმენტის სახით მას გუშინ მიმართეს: სამეგრელოში გადამისამართებულმა ივანიშვილის „მძიმე არტილერიამ“ - ირაკლი ალასანიამ დროებით ისევ ცენტრში გადმოინაცვლა (ოჰ, ეს სტრატეგია! არ აცლიან კაცს მშობლიურ რეგიონში ნებივრობას...) და გუშინ, არც მეტი, არც ნაკლები, მილიარდერთან ერთად ქართლის ოკუპირებული ზონის სიახლოვეს მდებარე სოფლების „დალაშქვრა“ გადაწყვიტა და მერეთში ჩავიდა კიდეც.

მერეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელია და სოფლის ცენტრიდან 200 მეტრის დაშორებით რუსი ოკუპანტების საგუშაგო მდებარეობს. რამდენიმე მანქანით მერეთში ჩასულ მეოცნებეებს ადგილობრივები აგრესიულად დახვდნენ: მანქანიდან გადმოსული ივანიშვილის მისამართით მაშინვე გაისმა ფრაზები: „აქ რა ესაქმებათ რუსეთის აგენტებს?“; „მისამართი შეგეშალათ, 200 მეტრით იქეთ უნდა გაჩერებულიყავით!..“; „წადით აქედან!..“ - ამ ფრაზების გადაფარვას მანქანებით მოსული მეოცნებეები და გორიდან გამოძახებული მათი აქტივი „ბიძინას“ სკანდირებით ცდილობდა, დამხვდურთა უმრავლესობა კი „მიშას“ სკანდირებდა. სიტუაცია თანდათან დაიძაბა, როცა მოსახლეობის ორი, დაპირისპირებული ნაწილი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა:

„რუსეთთან გინდათ, ბიჭო? რუსეთი რომ ბომბებს გვაყრიდა და მე ვომობდი, მაშინ სად იყავი?“,-ეკითხებოდა ერთი ჯანიანი ჯეელი მეორე, არანაკლებ ჯანიან ჯეელს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა. სხვათა შორის, ისევ მილიარდერისადმი ლოიალური ტვ-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩანს, რამდენად არაადეკვატურია „ქართული ოცნების“ ეს აქტივისტი, როცა რუსებთან „დალაგების“ სურვილზე პრეტენზიას ასე პასუხობს: „პატრულს რომ აფინანსებდა, მაშინ კაი იყო, არა?“, „ვინ, ბიჭო?“, „ვინ და - ივანიშვილი!“...

ამავე ვიდეოში (მასალას თან ერთვის) 5:00-ზე არის სიტყვიერი პაექრობა ალასანიასა და ხანშიშესულ გლეხს შორის, რომელსაც ისევ მთავარი მტერი - რუსეთი და რუსეთთან მეოცნებეების დამოკიდებულება აღიზიანებს:
ალასანია: „შენ ახლა ცოტა განერვიულდი. შენ ხომ მოგისმინე და ახლა მეც ხომ უნდა მომისმინო?“
გლეხი: „რა უნდა მოგისმინო? შენ თეთრი ხარ და მე მზეში გახუნებული კაცი ვარ...“

ასე უბრალოდ და გლეხურად, ქართლური პირდაპირობით აუხსნა მერეთელმა გლეხმა ირაკლი ალასანიას განსხვავება მასსა და ზოგადად, გლეხებს შორის. არ ვიცი, გამოიტანს თუ არა ყოფილი დიპლომატი ამ შედარებიდან სათანადო დასკვნას, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი უზუსტესი მინიშნება, პირადად მე, ჯერ არსად შემხვედრია...

ისე, ამ შეხვედრიდან და მისი შედეგებიდან სწორი დასკვნა, როგორც ჩანს, მეოცნებეებმა ვერ გამოიტანეს, რადგან მაშინვე პროვოკაციაზე ალაპარაკდნენ: თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რა მოლოდინი აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს და მათ აგრესიულ მხარდამჭერებს:

მერე რა, რომ ივანიშვილის აზრით, რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო, მერე რა, რომ ალასანიას აზრით, საქართველო სააკაშვილის ქმედებებმა დააშორა ნატოს - ამ აზრების მიუხედავად, სადაც უნდა ჩავიდნენ, იქ მათ მოსახლეობა აღფრთოვანებით უნდა შეხვდეს, ხოლო ვინც კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს, მიუხედავად ასაკისა და სქესისა, აუცილებლად „ნაცმოძრაობის ზონდერია“. ასე იყო გუშინაც: ჩაშლილი შეხვედრა და მას მოყოლილი ჩხუბი რიგიანად არც კი იყო დასრულებული, რომ მეოცნებეები უკვე ფორუმებზე და სოცქსელებში წერდნენ, მერეთში სამაშველო სამსახურის უფროსი ამოვიცანითო...

ეს ბრალდება მოგვიანებით კოალიციის ლიდერმაც გაიმეორა და რაც ყველაზე პარადოქსული იყო, ხალხი „დაამშვიდა“, მსგავსი შემთხვევები კიდევ იქნებაო - მართალია, ზოგიერთები „იცემეს“ და მუშტი მოხვდათ, მაგრამ პრინციპში, ამას ვერაფერს ვუზამთ, ბრძოლისუნარიანობით უნდა აღიჭურვოთ, პირობას ვერ მოგცემთ, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ არ განმეორდებაო, დაახლოებით ასე ბრძანა. ანუ, რა გამოდის: მე ვიცი, რომ ჩემს თქვენთან მოსვლას ჩხუბი და თავპირისმტვრევა მოჰყვება, მაგრამ მაინც უნდა მოვიდე, თქვენ კი მუშტი მოგხვდებათ, მაგრამ ჩემი ხათრით მოითმინეთო...

ისე, მერეთში ისტორია კიდევ ერთ დეტალში გამეორდა და ეს ისევ „მილიარდერ ტვ-ს“ გავრცელებულ სიუჟეტში გამოჩნდა: ყველას გვახსოვს, როგორ „მოხსნა“ ედუარდ შევარდნაძის დაცვამ 2003 წლის 23 ნოემბერს ტრიბუნიდან დაცვის ობიექტი, როცა ის სიტყვით გამოდიოდა პარლამენტის სხდომაზე.

ანალოგიური სურათი ვიხილეთ მერეთშიც: მილიარდერის დაცვამ დაცვის ობიექტს ინტერვიუ შეაწყვეტინა და მანქანაში უკრა თავი. და კიდევ ერთი დეტალი: მაშინ პარლამენტის სხდომაზე შევარდნაძის გამოსვლას ფონად სააკაშვილის „გადადექით! დაუყოვნებლივ გადადექით!“ გასდევდა, მერეთში კი, მანქანაში ჩასმამდე, ივანიშვილის ინტერვიუს ფონი „მიშა! მიშა!“ სკანდირება იყო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100