"რუსეთის მოქალაქეების ამხელა ნაკადით ქვეყანაში შემოსვლა თუ გაგრძელდა, ეს სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემასაც შეგვიქმნის" - მიგრაცია თუ რუსული ექსპანსია რბილი ძალით?
რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნიდან გასვლას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს, მათ შორის დიდი ნაკადი მოაწყდა საქართველოსაც, რაც ჩვენი საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. დიდი პრობლემაა ისიც, რომ ხანგრძლივია მათთვის კანონით მინიჭებული საქართველოში ცხოვრების უფლების ვადა - 360 დღე. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გია ხუხაშვილი საუბრობს, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გია ხუხაშვილი: - ეს ვადა არა ხანგრძლივი, არამედ უსასრულოა. საქმე ის არის, რომ როდესაც რუსეთის მოქალაქეს თითქმის მთელი წლით ვუშვებთ ქვეყანაში, მას შეუძლია წლის ბოლოს გადაკვეთოს აზერბაიჯანის ან სომხეთის საზღვარი, ისადილოს, მერე ისევ გადმოვიდეს უკან და კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს საქართველოში ცხოვრების უფლება. რუსეთის მოქალაქეების პირველი ნაკადი, რომელიც რუსეთიდან ომის დაწყებიდან მალევე შემოვიდა, რამდენიმე სეგმენტად იყოფოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ, უფრო მეტნი იყვნენ ადამიანები, რომელთაც რუსეთში შეექმნათ პრობლემები, მათ შორის ბიზნესში, და იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ აბსოლუტურად კონკრეტული მიზნებით - მათი ამოცანა იყო აქ შექმნილიყო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რუსეთის პრობლემები გადაეწყვიტათ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლით ფინანსური ნაკადების მართვა. მათ ეს ინფრასტრუქტურა საქართველოში შექმნეს და დღემდე მოქმედებენ. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, რაზეც საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა და ამგვარად რუსეთისთვის დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომში რუსეთის მხარეს აღმოჩნდა.
კომენტარი