სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიპლომატიური მტრობა ანუ სააკაშვილი–პუტინის „ფრაზეოლოგიური ომი“ (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა 2004 წლის თებერვალში შედგა - მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. მეორე შეხვედრა არაფორმალურ ხასიათს ატარებდა, რომელიც 2005 წლის აგვისტოში ყაზანში დსთ-ს სამიტის პარალელურად გაიმართა. 2005 წელს სააკაშვილმა პუტინი საქართველოში მოიწვია, თუმცა მისი მოწვევა უპასუხოდ დარჩა. 2007 წლის 9 ივნისს მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს სანკტ–პეტერბურგში შეხვდნენ, ისევ დსთ–ს სამიტის ფარგლებში. მათ შორის ბოლო შეხვედრა კი 2008 წლის 22 თებერვალს, ისევ დსთ–ს სამიტის ფარგლებში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას გეგმავდა და ჩრდილოელ მეზობელთან დაპირისპირებას არ აპირებდა, იქედანაც ჩანს, რომ მისი პირველი ვიზიტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწორედ მოსკოვში შედგა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ თქვა მიხეილ სააკაშვილმა ის სიტყვები ვლადიმირ პუტინის შესახებ, რომელსაც ახლა ზოგიერთები ისევ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იყენებენ. მიხეილ სააკაშვილმა ნორმალური ურთიერთობების დამყარების იმედი გამოთქვა და დასძინა, რომ მისი აზრით, ვლადიმირ პუტინის ნდობა შესაძლებელია.

დრომ გვიჩვენა ის, რაც ალბათ, თვითონ სააკაშვილმაც იცოდა, როცა იმ სიტყვებს ამბობდა: პუტინს, მოსკოვის დარად, ცრემლების არ სჯერა. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მოსკოვთან ურთიერთობა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულ ხელისუფლებას და პირადად მას სწორედ იმის შემდეგ დაეძაბათ, რაც „უფროსი ძმის“ ულტიმატუმური თხოვნა არ დააკმაყოფილეს და ძველი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებსაც კრემლმა „ჩვენი ხალხი“ უწოდა და მათთვის თანამდებობის შენარჩუნება ითხოვა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ კი დაძაბულობა თანდათან მატულობდა: მოსკოვმა იგრძნო, რომ საქართველო თანდათან, ცხვირწინ ეცლებოდა ხელიდან და უზარმაზარი მანქანაც ამუშავდა: ეკონომიკური ემბარგო, ქართველების უპერენდენტო დევნა მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში... ურთიერთობა რუსეთ–საქართველოს შორის მკვეთრად დაიძაბა. 2007 წელს საქართველოში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე კოვალენკომ განაცხადა, ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობად მოსკოვი განიხილავს, რომ უმჯობესია, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა იყოსო. ამის პასუხად მოსკოვს ისევ ცალსახად მიანიშნეს, რომ საქართველო არ აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის კურსს.

როცა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები სანკტ–პეტერბურგში, დსთ–ს სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. იმის მიუხედავად, რომ სადაო და მწვავე საკითხი ბევრი იყო, ორივე ქვეყნის მეთაურმა დიპლომატიური ტონი შეინარჩუნა და ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს უთხრა:

”ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს თქვენს გამონათქვამებს და პოზიციებს დიდი რვიანი შეხვედრაზე და წამყვან სამიტებზე, რომელიც ჩატარდა. ბუნებრივია, რომ საქართველო არა მხოლოდ მზად არის, არამედ ვალდებულია აწარმოოს დიალოგი რუსეთთან. ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე მეგობრული და ახლო ურთიერთობები. ეს ყველაზე მთავარი პრინციპია ჩვენი სტრატეგიულ მიდგომაში რუსეთისადმი და მეგობრული ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საკითხია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილებამდე მისვლა და წინ წაწევა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი: როცა პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ, პუტინმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ სოჭში იმყოფებოდა და „იქედან აფხაზეთი იმდენად ახლოა, რომ ფეხით გადასვლაც კი შეიძლება“. ამ ფრაზის შემდეგ მან წასვლა დააპირა და წესით, სააკაშვილიც თან უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ საქართველოს პირველმა პირმა ვლადიმირ პუტინიც შეაჩერა და მის რეპლიკას მისივე თანდასწრებით უპასუხა:

“ერთი წუთით... აი, ახლახან, ვლადიმირ ვლადიმირის ძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როცა აღნიშნა, რომ სოჭიდან აფხაზეთამდე ერთი ფეხის ნაბიჯია, ხოლო აფხაზეთი საქართველოა, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდა.

ეს ერთი და მეორე: რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, დღესაც ვაკვირდებოდი თვითმფრინავიდან, ეს კარგად ჩანს – ბევრად დიდი, ვიდრე საქართველოა. საქართველო პატარა, ლამაზი ქვეყანაა და უმჯობესია, მას თავი გაანებონ – ჩვენ უკვე არავისთვის არაფერი აღარ გვაქვს დასათმობი. არც ერთ მეტრს არც აფხაზეთისა და არც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ვერავინ ვერასდროს მიიღებს და ეს ყველამ უნდა შეიგნოს“. – ტრიბუნაზე ხელებდაყრდნობილი პუტინი ამ ფრაზას უხერხული ღიმილით ისმენდა და, როგორც ჩანს, კარგადაც იმახსოვრებდა (ერთობლივი პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეო სტატიას თან ერთვის)...

კულმინაციური კი 2008 წლის თებერვალში, ასევე დსთ–ს სამიტზე გამართული შეხვედრა აღმოჩნდა.

აი, როგორ აღწერს ამ შეხვედრას რონალდ ასმუსი წიგნში „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“:

„2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხუთი დღის შემდეგ პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ დსთ-ის სამიტის ფარგლებში. საუბარი კოსოვოს ამ ნაბიჯსა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობას შეეხო. პუტინს სააკაშვილისთვის უთქვამს:

აუცილებელია რეაგირება იმაზე, რაც ევროპამ კოსოვოში მოიმოქმედა; ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს და თქვენც გაითვალისწინეთ, რა წნეხს განვიცდით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიების მხრიდან – როგორღაც ხომ უნდა გამოვეპასუხოთ მათ მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ… არ გვესმის რატომ წამოიწყო ამერიკამ ევროპის ისლამიზაციის კამპანია – მას მერე, რაც ალბანელებმა თავიანთი გაიტანეს, მეტსაც მოინდომებენ და ახლა მაკედონიასაც მისდგებიან. ხომ გესმით, რომ კოსოვოს შემდეგ, დასავლეთს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ – მართალია ვწუხვარ, მაგრამ თქვენც ამ პასუხის ნაწილად მოიაზრებით…

სააკაშვილი შეეპასუხა: „მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდათ… რა კავშირი აქვს საქართველოში არსებულ ვითარებას კოსოვოსთან?! არავითარი!” მან გააფრთხილა კიდეც პუტინი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოტივაციაზე ნურავითარი ილუზია ნუ გექნებათ, რადგან ისინი მხოლოდ იმიტომ უჭერენ მხარს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რომ თვითონაც დამოუკიდებლობა სურთ, ოღონდ, რუსეთისგანო. ამაზე პუტინმა უპასუხა: „ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის, – მაგათ კი მოვუვლით როგორმე!” –და ცერა თითი გამოისვა ყელში…

სააკაშვილმა პუტინის დაყოლიება სცადა: „საქართველო თქვენთვის საუკეთესო მეზობლად შეიძლება იქცეს. დავსხდეთ და ერთად ვიფიქროთ ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, სასიცოცხლო სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებაზე, იმ საკითხთა ჩათვლით, რაც თქვენ ასე გაშფოთებთ”. აშკარად მიანიშნებდა, რომ ყველაფერზე შეიძლებოდა მორიგება – მათ შორის, თბილისის ნატო-სკენ სწრაფვაზეც, თუკი მოსკოვი ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების ნებას გამოიჩენდა.

მაგრამ პუტინმა შეთავაზებისგან თავი შორს დაიჭირა და არც სააკაშვილის მინიშნებებზე მოუხდენია რეაგირება – გადაწყვეტილება საბოლოოაო, დასვა წერტილი: „მე აქ რაღაც დათმობების სანაცვლოდ მიწებს ვერ ჩამოვარიგებ…”

შეხვედრის დასრულებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციას სიტყვა დაუგდო: «ამერიკელებს ენდობით და გგონიათ, რომ ისინი თავპირისმტვრევით გამოიქცევიან თქვენს დასახმარებლად? არავის ნდობა არ შეიძლება – ჩემს გარდა… მე სიტყვის კაცი ვარ!” – თქვა მძიმედ და დაამატა: “ასეა საქმე…” მერე იმასაც გაუსვა ხაზი, ამ საკითხების გადაწყვეტას ახლა უკვე მედვედევს გადავაბარებო. დსთ-ის სამიტის დასრულებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა საჯაროდ შეუთვალა დასავლეთს კოსოვოსთან მიმართებაში, მსგავსი გადაწყვეტილება ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათო.

ქართული დელეგაცია სანკტ-პეტერბურგიდან უაღრესად შეშფოთებული გამობრუნდა. დავით ბაქრაძეს, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სააკაშვილმა ჰკითხა, რა შთაბეჭდილება დაგრჩაო. ომის სუნი მცემსო, მიუგო ბაქრაძემ.“

ამის შემდეგ კი იყო ომი და ომისდროინდელი, სიბრაზისგან გაცოფებული პუტინი, როცა რუსეთის არმიის დიდი დანაკარგების შესახებ შეიტყო, ვლადიკავკაზში ჩავიდა და უშუალოდ აიღო ხელში ომის ხელმძღვანელობა. მერე იყო მისი მუქარა მიხეილ სააკაშვილის ერთი ადგილით დაკიდებაზე, უკვე სარკოზის თანდასწრებით, მერე კი ყბადაღებული „ჰალსტუხის თემა“, რომელზეც პუტინმა იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრაზე, სრულიად უადგილოდ და უკბილოდ (უთხრა კიდეც ტიმოშენკომ: „მე ნამდვილად ჰალსტუხის გარეშე ვარ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ“) იხუმრა, მიხეილ სააკაშვილმა კი მას მეორე დღესვე ირონიით უპასუხა:

„პუტინი მე სხეულის გარკვეული ნაწილებით დაკიდებას მიპირებდა, ახლა კი ჩემს ჰალსტუხზე საუბრობს. ერთი სასიამოვნო ახალი ამბავი მაინც არის: ის, რომ პუტინმა ჩემი სხეულის ერთი ნაწილიდან ოდნავ ზევით, ჰალსტუხისკენ აინაცვლა. ასე უფრო მშვიდად ვარ“ – თქვა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ტელევიზიის სტუდიაში გამოსვლისას.

სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილმა ჰალსტუხზე გამუდმებით მოქილიკეებს ამ თემაზე ხუმრობის ხალისიც კი დაუკარგა, როცა ბათუმში სახალხოდ განაცხადა:

„ბათუმი ულამაზესი ქალაქია შავიზღვისპირეთში და თუ ვინმე მიჩვენებს აქ სადმე ბათუმზე ლამაზ ქალაქს, მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევჭამო ჩემი ჰალსტუხი“.

და კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ამ ორი პოლიტიკოსის „ფრაზეოლოგიურ ომზე“ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით: გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, თითქოს რუსეთის პრემიერ–პრეზიდენტი სააკაშვილისგან „ლილიპუტინად“ მოხსენიებამ გაამწარა (და ეს, სხვათა შორის, უცხოურ პრესაშიც დაიწერა), ცნობილი ფაქტია, რომ არცერთი საჯარო გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილს პუტინის მიმართ ეს ფრაზა არ უხმარია:

2008 წლის 29 ნოემბერს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, პაატა დავითაიამ ჰკითხა მიხეილ სააკაშვილს: "მე მოვიყვან ამ რიტორიკის ერთ მაგალითს, რატომ უწოდეთ რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს პუტინს "ლილიპუტინი" და ამან ხომ არ გამოიწვია აგრესიული მომენტები"? სააკაშვილის პასუხი: "საზოგადოებაში ბევრი ხმა შეიძლება გავრცელდეს, მაგრამ მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს, არც ერთ სიტუაციაში, არც პირადი შეხვედრის, არც საჯარო გამოსვლის და არც სხვა ლიდერების ან რიგითი ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების ან უცხოელების თანდასწრებით არ მიწოდებია მისთვის ასე. მე ყოველთვის ხაზგასმით პატივისცემით ვეპყრობოდი მათ და არასდროს მიმიყენებია მსგავსი შეურაცხყოფა, არც სხვა შეურაცხმყოფელი გამოთქმა მიხმარია რუსეთის ლიდერების მიმართ..."

ვისაც არ უნდა, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ირწმუნოს, უფრო კონკრეტული ფაქტებით გაჯერებულ ამ ციტატას გადაავლოს თვალი:

„საინტერესოა რუსეთის პრესაში ამ მეტსახელის გამოყენების ისტორიისთვის თვალის მიდევნება. ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო ბაზა "ინტეგრუმის" მონაცემებით სიტყვა "ლილიპუტინი", თითქოს სააკაშვილის გამოთქმებთან დაკავშირებით, 100-ჯერ არის ნახსენები - ყველა მსხვილ რუსულ გაზეთში, ჟურნალში, ვებ-გვერდზე და ტელევიზიაში 2006 წლიდან მოყოლებული, ანუ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებული ლეგენდის გამოჩენიდან.

მაგრამ გაირკვა, რომ მეტსახელი მას არ მოუგონია და 2000 წლის მაისის შემდეგ ეს მეტსახელი პუტინთან მიმართებაში არაერთხელ იყო ნახმარი. 8 მაისს მემარცხენე-რადიკალურ გაზეთ "მოლნიაში": "ახლა პუტინი და მისი ლილიპუტინები ცდილობენ დასავლეთის დარწმუნებას იმაში, რომ პატარა, წარმატებული და თითქმის უსისხლო ომი, ანუ უსისხლო ოპერაცია დამთავრდა, და თუ ვინმე კიდეც სჩადიოდა ამ დროს დანაშაულს (ცხადია იგულისხმებიან რუსი სამხედროები!), ისინი უკვე მკაცრად დაისაჯნენ".

შემდეგი მოხსენიება იყო ინტერნეტ-საიტის "Русский Deadline" პუბლიკაციაში 2000 წლის 18 მაისს და ის ისევ კომუნისტებთან არის დაკავშირებული: "გვერდით დაუძლურებული მუსიკოსი გაცვეთილ ტანსაცმელში და ძველ გარმონზე მონდომებით მღეროდა "მტერს არ ჩაბარდება ჩვენი ამაყი "ვარიაგი", ოდნავ მოშორებით კი ამაყად იდგა კაცი პლაკატით "ლილიპუტინი".

მარია როზანოვას ინტერვიუში, რომელიც მან მისცა "Время MN"-ს, და დაიბეჭდა 17 ივნისს, ნათქვამია: "თუ საუბრის დასაწყისს დავუბრუნდებით, ჩემი ინტერესი პუტინის ფიგურის მიმართ უბრალოა: რად დარჩები ამხანაგო პუტინ, სიკვდილის შემდეგ? დიდ ადამიანად თუ ლილიპუტინად?". ოლეგ პანფილოვი, „რუსეთი–საქართველო: საინფორმაციო ომი“.

დაძაბული ფრაზეოლოგიის სიუხვე ჯერაც სახეზეა და ალბათ, მომავალშიც ხშირად მოგვიწევს მათი მოსმენა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის „დალაგების“ პერსპექტივა, ისევ რუსეთის სიჯიუტის გამო, ჯერაც შორეულ მომავალშია...

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100