სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიჭირს ხედვა, სიარული, კვება...ხუთშაბათს ჩამოვედი სტამბულში, ძალიან ბევრი ახალი მეტასტაზი მაქვს გაჩენილი" - ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში მელანომით გარდაიცვალა

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის 5 წლის განმავლობაში მელანომას დაავადებას ებრძოდა.

ანას ორი შვილი 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.

ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.

გარდაცვალებამდე ბოლო სტატუსი ჟურნალისტმა 29 ოქტომბერს თურქეთიდან დაწერა:

"მეგობრებო, ბოდიში ყველას, ვერ გწერთ ინბოქს მიჭირს ხედვა, სიარული, კვება...
ხუთშაბათს ჩამოვედი სტამბულში და გუშინ შეძლეს ჩემი თავის დათვალიერება. ძალიან ბევრი ახალი მეტასტაზი მაქვს გაჩენილი თავში და გუშინ შეძლეს დათვალიერება პირველად, ძველებიც გაზრდილია ძალიან...
გადაწყდა უნდა გამიკეთონ მთლიანი თავის დასხივება, რომელიც 10 ან 14 დღე გასტანს და ხვალ დავიწყებ. მადლობა ყურადღებისთვის, დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის, მიყვარხართ!
პ.ს. ვმოძრაობ ეტლით და მამიდაჩემს მოვუყევი, გახვრეტილი ცხვირი, კვლავ შემიხორცდათქო, რომ ჩამოვალ კვლავ გავიხვრიტავ, მომწონს ძალიან. მამიდაჩემი მეკითხება, ნუ გადამრიე ნესტოები შეგიხორცდაო? არა ლელა არაა, მხოლოდ გახვრეტილი, ნესტოები მაქვს..."

"დრონი.ჯი" მწუხარებას გამოთქვამს მომღიმარი და მზე გოგოს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ანას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100