"სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა 27 წლის ცოლი" - შსს ბოდბეში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობაზე
პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა შ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოდბეში, სავარაუდოდ ქმრის მიერ, დაჭრილია 27 წლის მარიამ აბაზაძე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
კომენტარი