სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მგლების შემოსევა სამეგრელოში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 26 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა, - აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართული სხდომის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა მიიღეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეისწავლეს რიგი ხარვეზები, რომელიც გახდა 12 მარტის გადაწყვეტილების საფუძველი, როდესაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. დღეის მონაცემებით კი, რიგი საკითხებიდან საბჭომ მიიჩნია, რომ უმრავლესობა უკვე გამოსწორებულია.

პრეზიდენტი გუბერნატორებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სოფლის მეურნეობის საკითხები იყო. შეხვედრაზე რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. გუბერნატორების აზრით, გლეხებს უნდა მიეცეთ საშუალება, სურვილის შემთხვევაში, გაანაღდონ სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ვაუჩერები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის რწმუნებულებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან ახალი ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, მათთან ერთად იმუშაონ ამ სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოში შეხვედრები გამართა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს გაბრიელა ბატაინი დრაგონს. ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებასაც მოაწერა ხელი. მათ შორის ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების, კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონვენციას; კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოადგილეებთან ერთად პანკისის ხეობაში ჩავიდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ადგილობრივი უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. გურამ ოდიშარიამ სოფელ დუისში პანკისის ხეობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა. მან ასევე შეხვედრები გამართა სკოლის პედაგოგებთან და ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში გურამ ოდიშარიამ ბაწარას ნაკრძალი და ხადორის ხეობაში არსებული სხვადასხვა კულტურული ძეგლი დაათვალიერა.

პრემიერის დავალებით შექმნილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი საგანგები რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. დღეს ენერაგეტიკის მინიტრი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გორში იმყოფებოდა და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ. მუნიციპლიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მათ ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ძლიერმა ქარმა გორში 40-მდე საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ან ნაწილობრივ სახურავის გარეშე დატოვა. მშენებლებმა უკვე დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. მეორე ეტაპზე კი კორპუსები თუნუქის სახურავით გადაიხურება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის ინფორმაციით, ზარალმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 5 მილიონი ლარი შეადგინა. დაზიანებული სახლების აღდგენას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. დაფინანსება სარეზერვო ფონდებიდან მოხდება. ადგილობრივი ბიუჯეტების პარალელურად, შედარებით მასშტაბურ სამუშაოებს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისშიც. აღსანიშნავია, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დედაქალაქშიც მიმდინარეობს.

მგლების შემოსება სამეგრელოში. ზუგდიდის რაიონში, სოფელ ცაისში მტაცებელმა ცხოველმა მოსახლეობას პირუტყვი გაუნადგურა. ოჯახები ზარალს ითვლიან და დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მგელი დასახლებულ პუნქტებშიც გამოჩნდა, რის გამოც ბავშვების სკოლაში გაშვებას ერიდებიან.

ჩეჩელაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა და ერთი სახლის სახურავი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალე მოახდინეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, გამგეობა დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს. ხანძრის გამომწვევი მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

წალენჯიხაში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი მუნიციპალური ავტობუსი გახდა. გაფიცულების თქმით, წალენჯიხა-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი მათ არათანაბარ კონკურენციაში აყენებს. მძღოლების ინფორმაციით, ავტობუსს წალენჯიხის ბაზარში აჰყავს მგზავრები და არა სადგურზე.

საზარელი მკვლელობა თბილისში. ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქმარმა ცოლი, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა. მოგვიანებით ამავე მანქანით, ცხედრიანად, მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. მოკლული თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ამავე ბაღში ამ დრომდე მუშაობს მოკლულის დედამთილი. აღსაზრდელთა მშობლები სამსახურიდან მის დათხოვნას ითხოვენ.

მეოთხე დღეა ფოთში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის მუშაობა პარალიზებულია. ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. ორმა მუშამ კი შიმშილობა დაიწყო. გაფიცულების მთავარი მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა. მეტალურგიული ქარხნის მუშებს დღეს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია შეხვდება.

დღეს დილიდან ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დაგვიანებული ხელფასების გაცემას ითხოვენ. ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ბოლო 3 თვის განმავლობაში კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ, რის გამოც მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. მათ ქარხნის ადმინისტრაციაც პასუხობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100