სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „მათ იციან, რომ ჩვენთან გამარჯვებულები არ არიან...“

თელავში, ქალაქის განვითარების პროექტის პრეზენტაციის დროს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და ვლადიმირ პუტინი მოიხსენია, როგორც „დამპყრობლის ახალი-ძველი უფროსი“:

„რამდენიმე დღის წინ, დამპყრობლის ახალმა-ძველმა უფროსმა დაგვინიშნა გენერალური ბრძოლის ახალი ადგილი და ახალი დრო: შემოდგომის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები - ყველამ მოვისმინეთ ტელევიზიით. მაგრამ მათ, როგორც ვერ მოგვიგეს ბლოკადა, როგორც ვერ მოგვიგეს ომი, დემოკრატიულ ბრძოლას, მითუმეტეს, ვერ მოგვიგებენ.

იმიტომ, რომ დემოკრატიას ყოველთვის ხალხი იგებს და ქართველი ხალხი აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლასაც, პუტინს კი, პაემანი რომ დაგვითქვა ოთხი დღის წინ, შემოდგომაზე შევხვდებით, მათ შორის - განახლებული კახეთის ქუჩებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხშირად ეკითხებიან, რა საჭიროა ამდენი ახალი სტადიონი, ამდენი ახალი საავადმყოფო, მისი პასუხი კი ასეთია:

„დიახ, ვაშენებთ ახლაც და ავაშენებთ მომავალშიც. თუნდაც იმიტომ გვინდა ახალი საავადმყოფოები, რომ მანამდე მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი კომფორტული მკურნალობა, მხოლოდ მათ მიუწვდებოდათ ამ სიკეთეებზე ხელი, დღეს კი ეს ყველაფერი ეკუთვნის ყველას თანაბრად და თქვენც, ვისაც ხალხი აქამდე ფეხებზე გეკიდათ, კეთილი ინებეთ და პატივი ეცით მას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ჩვენ გავუძელით ომს. დაასახელეთ ქვეყანა, სადაც შეიჭრა საბჭოთა კავშირი ან რუსეთი და არ ჩამოაგდო მთავრობა, არ გადაუარა და არ ჩატკეპნა ის ქვეყანა მიწაში და არ გატეხა ხერხემალში. ჩვენი ქვეყანა ამაყად დგას და ამაყად აფრიალებს თავის დროშას მაინც.

და ამიტომ, მათ იციან, რომ საქართველოსთან გამარჯვებულები ვერ არიან. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოოდ გამარჯვებულები ვიქნებით, როცა საბოლოოდ გავთავისუფლდებთ მათი ჯარებისგან და საბოლოოდ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. მაგრამ, მათ იციან, რომ არ არიან გამარჯვებულები.

მაგრამ მათ, როგორც ვერ მოგვიგეს ბლოკადა, როგორც ვერ მოგვიგეს ომი, დემოკრატიულ ბრძოლას, მითუმეტეს, ვერ მოგვიგებენ. იმიტომ, რომ დემოკრატიას ყოველთვის ხალხი იგებს და ქართველი ხალხი აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლასაც“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100