სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციას შეხვდა და მათ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის გეგმა, ბაქო-თბილისი-ყარსისა და ანაკლიის პორტის პროექტები გააცნო.

როგორც შეხვედრაზე აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაურმა, გენერალმა პოლ სელვამ აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა ასევე იყო საქართველოს წვლილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების მისიაში.

„ჩვენ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს წვლილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების მისიაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ლოჯისტიკურ სისტემასთან და ავღანეთიდან საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისადმი“, - აღნიშნა გენერალმა პოლ სელვამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციასთან ერთად აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრო, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეირაღებული ძალების გენრალური შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კბილცეცხლაშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100