სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპაცია: 25.02.1921 - ბრძოლის ველი და მენშევიკთა უნიათობა (ვიდეო)

«25 თებერვლის ღამეა. ტაბახმელაზე საშინელი ქარი ქრის. ხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თხელ ფარაჯებში გახვეულნი, გაყინულნი, გულდასმით ვდარაჯობთ კუთვნილ სივრცეს. სასროლად გამზადებული თოფები ხელში გვიჭირავს. ოთხნი ვართ: მათიკაშვილი, სომხიანცი, ანდრონიკაშვილი, ლომკაცი, 21 წელს არც ერთი ვართ გადაცილებულნი, ტანითაც დაბალი და სუსტი აგებულებისანი ვართ, ყველაზე ჯმუხი აგებულებისაა სომხიანცი, ქართველთა ერთგული და გულადი სომეხი».

«ტაბახმელას რაიონის ერთ ტრანშეაში 40 ჯარისკაცია. მათ კაპიტანი ყიფიანი მეთაურობს. უცბათ, ტრანშეას თავს დაესხა წითელი რაზმი. თითქმის ალყაში მოაქცია. რიცხობრივად, მათ შორის, უშველებელი სხვაობაა, მაგრამ ქართველები არ ნებდებიან. იმედოვნებენ, დახმარება მოუსწრებთ. ეს იმედი ამაოა. ქართველთა რაოდენობა სწრაფად კლებულობს. რჩება მხოლოდ ფეხზე მდგომი ხუთი ჯარისკაცი და მათი კაპიტანი. ბოლშევიკები ტრანშეას იღებენ.

ხუთი გადარჩენილი რწმუნდება, რომ დამარცხება გარდაუვალია. ისინი ერთ მუშტად იკვრებიან. კაპიტანი მათგან ცოტა მოშორებით აღმოჩნდა, მას არც გაქცევა სურს და არც ცოცხლად მტრის ხელში ჩავარდნა. მკერდზე რევოლვერს მიიდებს და ერთი მეორის მიყოლებით ტყვიებს დაიხლის. სასწაული! კაპიტანს სიკვდილი არ ეკარება. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს. უეცრად, ვიღაცამ უსწრაფესად ხელიდან გამოგლიჯა რევოლვერი. ეს სამხედრო სკოლის კურსანტები გამოჩნდნენ დასახმარებლად. კურსანტებმა მტერი უკუაგდეს. ტრანშეა ბოლშევიკებისაგან გაწმინდეს».

«ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ხელყუმბარები და ჭურვთა ნამსხვრევები, ჩვენ კი, სანგრებში ჩამალვას, სანგრების პირას ფეხზე დგომას ვარჩევდით, თავგანწირვით ვიბრძოდით და არც მსხვერპლი გვაკლდა».

«თბილისის გარშემო დღეცა და ღამეც გაშმაგებული ბრძოლები გრძელდება. იგი მხოლოდ 24-25 თებერვალს, ღამით, 12 საათზე მთავრდება».

«ლომებივით იბრძვიან იუნკრები ყველა ნაწილებიდან. იუნკრები ყველაზე მედგრად და განუწყვეტლივ ამაგრებენ ფრონტს... ისინი ჩასაფრებიან წუნკალა მტერს და მთელი დღე-ღამეს, როგორც ზღვის ტალღებს, უკუაქცევენ ბოლშევიკების იერიშებს...»

«ვენაცვალე! ვენაცვალე! ჩახედეთ, ჩახედეთ იმ თხრილებში... ჰყინავს... თხრილებში მდგომი წყალი გაყინულია... ხელები დალურჯებიათ მებრძოლთ და მაინც ოხუნჯობენ... ყველა აქაა, ბრძოლის ველზე...»

დავით თურდოსპირელის (დ. ჩხეიძე) წერილიდან

«თბილისისკენ რუსები ჩვენს გვამებზე გადაივლიან», გადაწყვიტეს იუნკრებმა, და მართლაც, მათ ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევიათ უკან».
«დედაქალაქის მთელი მოსწავლე-ახალგაზრდობა, როგორც სტუდენტობა, ისე საშუალო სასწავლებლების უფროსი კლასების მოწაფეები ფრონტზე არიან და აღუწერელი გმირობით იბრძვიან. ჯერ არავის ახსოვს ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება და დაუზოგავი თავგანწირვა.»

დიდი გამძლეობა აღმოაჩნდა ქართველ ერს! მისი სულიერი სიმტკიცე არ შეირყა!... არ შეირყა მისი რაინდული მხნეობა...
მას მოსტაცეს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მაგრამ ვერ გატეხეს! ვერც დაიმონებენ!...

რემონ დიუგე (XXს. ცნობილი ფრანგი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, 1919-1924წწ. ცხოვრობდა საქართველოში.)

გერონტი არჩვაძე (მოხალისე)

როდესაც იუნკრებს ტყვია-წამალი შემოელიათ, გერასიმემ თავის ბიძაშვილს, შეძლებულ ვაჭარს, კოლა არჩუაძეს დახმარებისთვის მიმართა. ძნელად, მაგრამ მაინც იშოვეს საჭირო ტყვია-წამალი. დამშვიდობებისას, მორიდებით უთხრა ბიძაშვილმა: «თბილისი ბოლშევიკებმა დაიკავეს, ბრძოლა წაგებულია და შენც თავს ნუღარ დაიღუპავ!» «რა ფასი აქვს ვაჟკაცის სიცოცხლეს, თუ სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში არ დაიხარჯები!» მიუგო გერასიმემ და მოხალისე ასეულთან ერთად, რამდენიმე დღეში, გმირულად შეეგება სიკვდილს.

შემდგომ, დრამატულად განვითარდა მოვლენები. იმ დღეებში გერასიმეს უმცროსი და, ნიფორა თხოვდებოდა. გერასიმეს დაღუპვის ამბავი თბილისიდან ჩამოსული ახლობლისგან შეიტყო მამამ, რომელმაც სახლთან ახლოს განმარტოვებულმა გამოიგლოვა შვილი, შემდეგ სასწრაფო საქმე მოიმიზეზა და თბილისში გამოემგზავრა.

მამამ თუთიის ჭურჭელში ჩასვენებული შვილის ცხედარი ქუთაისამდე საბარგო ვაგონით ჩუმად ჩამოიტანა, მერე კი, ურმით სოფლამდე ააღწია და ქალიშვილის ქორწილის დამთავრებამდე, ცხედარი სოფლისგან მოშორებით, სათიბში გადამალა.

დედისთვის ამ შემზარავი სიმართლის გამჟღავნება მეტად ძნელი აღმოჩნდა. სოფელს რომ არ გაეგო, დედამ შვილი ჩუმად დაიტირა. ცხედარი იმავე საღამოს «ჭბოს მთავარანგელოზის» ეკლესიის ეზოში, ყოველგვარი რიტუალის, საფლავზე სახელისა და გვარის მინიშნების გარეშე, საიდუმლოდ დაკრძალეს, რადგან არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი «მოღალატე» ქართველი იუნკერი, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოეღოთ საფლავიდან და უკვალოდ გადაეკარგათ.

ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)

1921 წლის მარტში ბესოს უმცროსმა დამ, 22 წლის მარიამ კემულარიამ, შეაღწია ფილიპე მახარაძესთან და სთხოვა, ნება დაერთოთ ძმის ცხედარი საძმო საფლავიდან ქუთაისში გადაესვენებინა. მახარაძის შეკითხვაზე: «ბიძიკო, შენ პატრონი არ გყავს?» მან უპასუხა: «პატრონი თქვენ მომიკალით!»...

ნება დართეს. მარიამმა მუშები იქირავა და მარტის სუსხიან დღეს «სობოროს» საძმო საფლავი გაიხსნა. შეამოწმეს თერთმეტი დაღუპული ვაჟკაცი, ბესო მათ შორის არ იყო. «მეტი აღარ შეგვიძლია!» - განაცხადეს მუშებმა. მარიამმა სთხოვა მეთორმეტეც ენახათ და თუ ბესო არ იქნებოდა, იმ მეთორმეტეს წაასვენებდა, დაკრძალავდა და იგლოვებდა როგორც ძმას. მეთორმეტე სწორედ ბესო აღმოჩნდა!...

მარიამმა ძმა ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში დაკრძალა. გავიდა ხანი, საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დაანგრია, სასაფლაო გააუქმა და იმ ადგილას ე.წ. «მთავრობის სახლის» აშენება გადაწყვიტა.

ოჯახმა ბესოს საფლავი კვლავ გახსნა და ნეშტი საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენა.

(დისშვილის ნათელა ხურცილავას მოგონება)

მიხეილ იოსელიანი (ოფიცერი)

ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ კოჯორ-ტაბახმელაში ბრძოლის დროს ბაბუას ყური ჩამოათალეს და სისხლისგან იცლებოდა. როდესაც ადიუტანტმა მას ბრძოლის ველიდან გაყვანა შესთავაზა, უპასუხა: «ამ ბიჭების მშობლებს რა პასუხი გავცე და ჩემს, დედით ობოლ, შვილს თვალებში როგორ ჩავხედო!»

ბაბუა იუნკრებთან ერთად სობოროს ეზოში დაუკრძალავთ.

(შვილიშვილის რუსუდან იოსელიანის მოგონება)

შალვა ერისთავი (იუნკერი)

ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, იუნკერთა წინსვლა სერიოზულად შეაფერხა სტრატეგიულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევებმა. იუნკრები პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე «მაქსიმისაკენ“. მოიერიშეებს მალევე გამოეყო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა «მაქსიმის“ ლულა.

მოგვიანებით, თანამებრძოლებმა თხრილში ნახეს სასიკვდილოდ დაჭრილი და გულწასული შალვა ერისთავი, რომელსაც სიცოცლის უკანასკნელ წუთამდე თოფი ხელიდან არ გაუშვია. მიუხედავად იმისა, რომ თვალს ვერ ახელდა და ფეხზე ვერ დგებოდა, იგი საბრძოლო განკარგულებებს მაინც იძლეოდა...

იმ დღეებში შალვა ერისთავის გმირობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი, გასაგები მიზეზების გამო, მას მხოლოდ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ.

იოსებ (ოსიკო) ჯანდიერი (იუნკერი)

ამონაწერი დედის დღიურიდან
«ოსიკა შევიდა «ვაენი უჩილიშჩაში” იუნკერად 1920 წლის 15 სექტემბერს ქ.თბილისში.
ოსიკა 1921 წლის 17 თებერვალს წავიდა ბრძოლის ველზე კოჯორის მთებზე ტაბახმელაში, ბოლშევიკებთან ომობენ ჩვენი ქართველები, მამაცათ ომობენ საშინელს ომში ნამეტნავათ იუნკრები.
იუნკრებმა დაიწყეს ომი საღამოს 17 თებერვალს 1921 წელს.
ოსიკას მამაცობის ხმა მოდის, ძალიან მამაცად ეომება და დაჭრილი ამხანაგები გამოჰყავს თურმე თავის ზურგით ბრძოლის ველიდან და ისევ ბრძოლაში შადის, ამას დაჭრილები ამტკიცებენ.
4 მარტს 1921 წელს დააგდეს ხმა, რომ ჩემი ოსიკა მკვდარი არის ჩამოყვანილი მიხეილის საავადმყოფოში. მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. დამარწმუნეს რომ ოსიკა არა არისო.
მითხრეს, რომ როცა კოჯორი დაცალეს, ბათუმისკენ წაიყვანეს ჯარი, ოსიკასაც მაშინ გაუვლია და არ ვიცი მართალია თუ არა.
ვანოს ეგონა რომ ოსიკა ჩემთან არის, ვაიმე შვილო, მგონი უბედური დედა გავხდი. ზოგი ამბობს, რომ მომიკლეს, ზოგი მეუბნება, რომ დაჭრილი ბაქოში არის ტყვეთა..ეხლა ბაქოში ვეძებთ, თუ იქაც არ აღმოჩნდა, დიდი უბედურება მომივა, ალბათ ბოლშევიკებთან ალექსანდრეს ბაღშია დამარხული ან ვაენი სობოროში ბრათსკი მაგილაში. ვაი შენ დედას შვილო რატომ არ მოვკდები..
ვაი ჩემო უბედურო თავო. დღეს 10 აპრილს 1921 წ. დავრწმუნდით, რომ უბედურობა მოგვივიდა, მე და ვანოს ოსიკა აღარა გვყავს.. ლალა ვაჩნაძე დარწმუნებით ამბობს, რომ მიხეილის საავადმყოფოში ნახა მიცვალებული ჩემი ოსიკა. ლალამ მითხრა, გულში ქონდა თურმე ტყვია მოხვედრილი და მკერდში ერთი შტიკი მოხვედრილი, ვაი შენ დედას შვილო, რატომ არ მოკვდი შენ მაგივრათ, რომ შენ დაგეყარა ჩემთვის მიწა.
16 მაისი 1921 წელი, თბილისი. დღეს ვიპოვე ჩემი გმირი 19 წლის ვაჟკაცის საფლავი ვაენი სობოროში წმინდა ალექსანდრეს ტაძრის ეზოში არის ჩემი ოსიკა ბევრი სხვა ამხანაგებთან ერთად დამარხული.

ნიკოლოზ (კოლია) ლორთქიფანიძე (იუნკერი) 19 თებერვალს ბრძოლის ველზე მაშინ დაიჭრა, როდესაც დროშა ეჭირა ხელში. დაჭრილებს რუსი სალდათები ხიშტებით ანადგურებდნენ, თუმცა, კოლია სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. კოლია ტყვედ აიყვანეს და მძიმედ დაჭრილი სარდაფში დაამწყვდიეს. მისი მოგონებიდან: "გაუბედურებულ, ძონძების ამარა, ფეხშიშველა რუს სალდათებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ სად და რისთვის იბრძოდნენ, ვკითხე, იცოდნენ კი სად მოდიოდნენ?" "არც ვიცოდით სად მოვდიოდით, გვითხრეს ჩვენი მტრები ბურჟუაზები ცხოვრობენო, გაანადგურეთ მტერი და ქვეყანაც და ნადავლიც თქვენიაო", - უთხრა ერთ-ერთმა სალდათმა.

სარდაფში გამომწყვდეული კოლიას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. ბევრი სისხლი დაკარგა და გონებას კარგავდა. მესამე დღეს მტრის პოზიციები ქართველებმა დაიკავეს, კოლია ტყვეობიდან დაიხსნეს და თბილისში, წმ. მიხეილის ლაზარეთში ჩამოიყვანეს. ლაზარეთში კოლია და მისი უახლოესი მეგობარი, იუნკერი ზურაბ ტატიშვილი ერთად აღმოჩნდნენ. ზ. ტატიშვილი დაჭრილი იყო გულ-მკერდის არეში. ამ დროს მენშევიკური მთავრობა ბათუმიდან ემიგრაციაში მიდიოდა.

ნიკოლოზის მამას, იასონ ლორთქიფანიძეს, როგორც ეროვნული ბანკის მმართველს, ჩაბარებული ჰქონდა ჩვენი ქვეყნის სავალუტო ფონდი და საქართველოდან მის გატანას კურირებდა. სწორედ ამ დროს შეატყობინეს, რომ მისი შვილი მძიმედაა დაჭრილი. კოლია ლორთქიფანიძის მამა, იასონი სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში და მიუხედავად საფრანგეთში გადაგზავნილი ქონებისა, თავის ოჯახთან ერთად საქართველოში დარჩა. სამშობლოში დარჩენა მას ძვირად დაუჯდა.

საქართველოს ანექსიის შემდეგ ლორთქიფანიძეების ოჯახი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო ბანკის (დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, ფურცელაძის ქუჩის N12-ში) ცხოვრობდა, ყველანაირად შეავიწროვეს, ქონება ჩამოართვეს, იასონი კი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა ფიზიკურ განადგურებას ეს ოჯახი მაინც გადაურჩა.

სხვათა შორის, ეს ცალკეული გმირობის მაგალითია, მაგრამ ზოგადად, გვარდიის ბრძოლისუნარიანობა საკმაოდ დაბალი იყო - 1920 წლის ბოლოს გვარდიაში დემობილიზაცია გამოცხადდა, უვადო შვებულებაში გაუშვეს ოფიცრები. არადა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს მაშინდელ მთავრობას უკვე ჰქონდა დეტალური გეგმა ხელთ, სადაც აღწერილი იყო, რას და როდის აპირებდნენ ბოლშევიკები.

მათი საქართველოზე შეტევის თარიღად 1921 წლის თებერვალი სახელდებოდა. აქედან გამომდინარე, ალბათ, არცაა გასაკვირი ის სიტუაცია, რომელიც რ. გაბაშვილმა აღწერა, როცა ტაბახმელაში მიმდინარე ბრძოლებში ქართული შეიარაღებული ძალების სავალალო მდგომარეობა იხილა:

რ. გაბაშვილი: „რაც მახსოვს“:

„ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. ოფიცერი ჩრდილელი მბრძანებლობდა ამ „ბატარეას“. სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს („გიმნასტიკისა“) ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსადა სჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს, ამ სიცივეში, არც ცხელი საჭმელი უნახავთო.

იმ საღამოსვე წერილობითი „პატაკი“ წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: რა ვქნათ, ხალხი არა გვყავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინცაო.“

„დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: აბა ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!“ შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი… სადა გვყავს ცხენები? – აგერ ცხენები… ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა… ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, – მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი… რომ „ეკუნკულნა“ ფრონტებს შორის.“

„როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება, დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც; ჰეკერის პლანიც, – 1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ – ჩვენ მოვახდინეთ „დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!“ ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბ-ნმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: „უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო“-ო. ტუტუცი ცხვარის ანგარიში, – მგლის მადის… ვითომ გასანელებლად“ - რ. გაბაშვილი, „რაც მახსოვს“.

"1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი გაბო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანია საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყება. მაგრამ არც ამ განცხადებამ იქონია გავლენა მთავრობაზე“ - გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი.

გ. მაზნიაშვილი: „მოგონებები“ :

„ომის დაწყების პირველ დღეებიდან თბილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს არ აწვდიდა… ჩემს განკარგულებაში არ იყო კავალერიის არცერთი ნაწილი, რომ შეძლება მქონოდა გამეგზავნა მტრის ბანაკის დასაზვერად“ (გვ. 11). „ჩემს განკარგულებაში არ იყო არცერთი ცხენოსანი კაცი, რომელიც შემეძლო გამეგზავნა მოხსენებით შტაბში, თუ ვინიცობაა [144] ტელეფონის ქსელი გაფუჭდებოდა, ამ დროს კი შტაბში გარდა ცხენოსან ორდინარცებისა იდგა რამდენიმე ავტომობილი“ (გვ. 174). „ლაშქრის შტაბმა, არ ვიცი რა მიზეზით, საჭიროდ არ ჩათვალა გამოეგზავნა ჩემთვის კავალერიის ერთი ესკადრონი მაინც, ცხენოსანი ჯარი კი იდგა იმ დროს სოფელ ლილოსთან სრულიად უსაქმოდ“ (გვ. 166). „მაშინ, როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისში და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენის სხვა მრავალი მოწყობილობა.

შემდეგში საპატიმროში, პირადათ გოგუას და მთავრობის ზოგიერთ დარჩენილ წევრთ ხშირად ვეკითხებოდი: როგორ მოხდა, რომ საწყობებში დაგროვილი იყო აუარება ქონება, მთარობას კი პოზიციებზე გამოჰყავდა ცუდად ჩაცმული ჯარისკაცები, ხოლო სამობილიზაციო პუნქტებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ საჭირო საგნების გაცემაზე? მთავრობის წევრნი, ჩემს შეკითხვაზე მომეტებულ შემთხვევაში სდუმდნენ, ხანდახან კი იტყოდნენ: შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო“. ასეთივე დურაქულ პასუხს იძლეოდა თურმე კალისტრატე გოგუა: „ვცდილობდით ეს ქონება შეგვენახა, რომ დიდხანს გვყოფნოდაო“ (გვ. 169- 170).

"გენერალი მაზნიაშვილი მეუბნება:„აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთ საჭიროებისათვის (ლაპარაკია იმაზე, გვარდიელი ცხენს რომ არ ათხოვებდა ფრონტის სარდალს შიკრიკის გასაგზავნად), შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა და წამიყვანა იმ ადგილების საჩვენებლად, სადაც წინა დღეებში ქართველმა მებრძოლებმა სასტიკი მარცხი მიაყენეს რუსებს.

აი, ამ სანგარში შემოიჭრა მტერი, მაგრამ დახოცეს, დასჭრეს, გაჰყარეს და ტყვეები ჩავიგდეთ ხელში. ორიოდე ცხენოსანი ესკადრონი რომ გვყოლოდა, გაქცეული მტრების სადევნელად, სულ გავანადგურებდით და ათასობით კიდევ მეტს ტყვეებს ჩავიგდებდით ხელში…" შემდეგ მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო. [146]

ისე დამშვიდებული წამოვედი, რომ ნასადილევს, დაქანცულს, დამეძინა და მარტო საღამოს 9-საათზე მივედი „ფრასკატი“-ში, ახალი ამბების გასაგებად. ვლაპარაკობდით ომიანობაზე, რომ შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: „ბრძანებაა გაცემული, 12-საათზე ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ!“- რ. გაბაშვილი "რაც მახსოვს". (გაბაშვილი პარლამენტარი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან"- ლ.ბ.).

თვით ერთ-ერთმა ცნობილმა მენშევიკმა – პეტრე გელეიშვილმა აი, რა უპასუხა მტრის შემოსევითა და ქართველ ხელისუფალთა უცხოეთში გაქცევით შეცბუნებულ მუშებს, როცა მათ ჰკითხეს: „– ამხანაგო პეტრე, ეს რა ამბავია, რავა იქნება ეხლა საქმე? რა გვეშველება? „ამხანაგმა“ პეტრემ ნერვიული გაბრაზებით შეჰყვირა: – გამიჭირეთ საქმე, ყველგან მაგას მეკითხებიან: „რა მოხდა, რა მოხდა?!-ო, რა მოხდა? რაზე ღელავთ?: ერთი სოციალისტური პარტია მიდის, მეორე მოდის, სხვა არაფერი, საღელავი რაა?“ (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები, გვ. 324).

ცნობილი ისტორიკოსი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი -
„როცა 1921 წელს, თებერვალ-მარტის მძიმე დღეებში, საქართველო გააწვინეს მაგიდაზე და გამოცდილმა ქირურგმა – საბჭოთა ხელისუფლებამ – სასტიკი ოპერაცია გაუკეთა, მან იცოდა, რომ ავადმყოფი გააბრუა და ოპერაციისათვის უკვე მოამზადა მასზე არა ნაკლებ გამოცდილმა, თუმცა არა მასავით გამბედავმა ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ“...

სტატიას კი დავასრულებთ ციტატით მიხეილ მჭედლიშვილი ნაშრომიდან "ოჩოპინტრე მენშევიკები ხელისუფლების სათავეში":

„იმათ გასაგონადაც, ვინც თვლის, რომ მაინც არაფერი გამოვიდოდა რუსის ჯართან ბრძოლაში დიდი წინააღმდეგობის გაწევით, რადგან, კიდევაც რომ დაგვემარცხებინა მე-11 არმია, ახლა აგერ სხვა არმიები მოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის დასაპყრობადო:

კი მაგრამ, რუსეთის მთავრობამ, იგივე საქართველოსოდენა ფინეთს, ანდა უფრო პატარა – ბალტიისპირა ქვეყნებს რატომ არ შეუსია რუსის ჯარი?! იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ლენინმა აღნიშნულ ქვეყნებში, არათუ ვერ იპოვა დასაყრდენი – მე-5 კოლონა, ბოლშევიკ-ნაძირალათა სახით, არამედ პირიქით, ლენინმა იქ ნახა ერთ მუშტად შეკრული ხალხი მტკიცე ხელისუფლებით და შესაფერისი თავდაცვისუნარიანობით, რის გამოც ლენინმა ვერ გაბედა მათ ქვეყნებში შეჭრა.

ყველამ კარგად იცის, თუ რა დღე აყარა რუსის ჯარს პილსუდსკის პოლონეთმა. ყველამ კარგად იცის ისიც, რომ ლენინი საქართველოსგანაც მსგავს წინააღმდეგობას მოელოდა და იმიტომ ვერ რისკავდა დიდხანს მასთან ომის წამოწყებას. იგი მას შემდეგაც ორჭოფობდა, როცა სტალინი და ორჯონიკიძე პირიქით, საქართველოს სისუსტეზე მიუთითებდნენ და მისი წრაფი მოხრჩობის იმედს აღუთქვამდნენ, თუკი მათ ნებას დართავდა იქ ჯარებით შესევაზე.

ახლა მე გეკითხებით: საქართველოს რომ ჰყოლოდა ჯერ ის ორი რკინის დივიზია, რომლის შეიარაღებას უფასოდ სთავაზობდა ჯერ გერმანია და მერე ინგლისი, – ამასთან, რაც მთავარია, მთავრობას რომ შეექმნა 67000- იანი არმია, რომლისთვისაც საჭირო ბიუჯეტი 1919 წელს „დამფუძნებელმა კრებამ“ დაამტკიცა, მაგრამ ხელისუფლებამ სადღაც გააქრო, ლენინი ჩვენთან ომს გარისკავდა?

არა, ვერ გარისკავდა! მაგრამ, ვთქვათ და ეს ომი მაინც წამოეწყო – თუკი ცუდად შეიარაღებულმა, ხელისუფლების მიერ გერად მიჩნეულმა ერთმა მუჭა ჯარმა სოღანლუღის ფრონტზე, სადაც ამ ჯარის სარდალ მაზნიაშვილს არა თუ უსაჭიროესი კავალერია, არამედ ერთი ცხენიც არ ჰყავდა თავისთვის, და მაინც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი და 1600 მათი ჯარისკაციც ტყვედ ჩაიგდეს, რა დღეს დააყენებდნენ, ამ ჩვენს შესანიშნავ სარდალს ზემოთხსენებული რაოდენობის ჯარი რომ ჰყოლოდა სათანადო შეიარაღებით?"

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

ვიდეო: პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის „დამოუკიდებლობის 1005 დღე“ ბოლო, მეექვსე სერია - ოკუპაცია.

სცენარის ავტორი მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი გიორგი მოლოდინაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100