რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში
სიგარეტზე ადვალური აქციზის 10%-დან 30%-მდე გაზრდამ მისი გაძვირება გამოიწვია, რის შემდეგ მწეველების ნაწილი ფილტრიანი სიგარეტის მოხმარებიდან გაცილებით იაფფასიანი ე.წ. შესახვევი თუთუნის გამოყენებაზე გადავიდა. შესაბამისად, გაიზარდა თუთუნის იმპორტი ქვეყანაში, მათ შორის, დაბალი ხარისხის პროდუქტის შემოტანა, რის გამოც, მწეველთა ჯანმრთელობა კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დადგა.
საგადასახადო კოდექსში არსებული ხარვეზის გამო, შესახვევი თუთუნი აქციზით არ იბეგრება და არ კონტროლდება, რის გამოც სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია. შესაბამისად, მწეველებს შორის რამდენი გადავიდა თუთუნის მოხმარებაზე, ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ასევე უცნობია, რა ხარისხის თუთუნი იყიდება ბაზარზე, რადგან მას არავინ ამოწმებს. ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავებით, რომელიც მკაცრად რეგულირდება, გასახვევი თუთუნის წარმომავლობა და ნედლეულის შემადგენლობა ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია.
ცოტა ხნის წინ საქართველოში სარეალიზაციოდ შემოტანილი თუთუნი ანალიზისთვის ჰამბურგის EUROFINS (Hamburg Germany) აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ანალიზი 20 სხვადასხვა სახეობის შესაფუთი თამბაქოს ნიმუშს ჩაუტარდა, აგრეთვე, შემოწმდა 15 სხვადასხვა სახეობის ყველაზე გაყიდვადი სიგარეტიც. თუთუნის ნაწარმსა და სიგარეტში არსებული თამბაქოს მონაცემების შედარება მოხდა ორმხრივი ვილკოქსონის ტესტით.
დაუწვავი თამბაქოს ნაზავის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შეუფუთავი თამბაქოს 20-დან 11 ნიმუშში პესტიციდების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. სიგარეტთან შედარებით, შესახვევი თამბაქო შეიცავდა სამჯერ მეტი ოდენობით ბენზპირენს (პოლიციკლური ნახშირწყალბადების ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერება). სიგარეტთან შედარებით, თუთუნში ასევე აღმოჩნდა ბევრად მეტი ქრომი (Cr) და თამბაქოსთვის სპეციფიკური ნიტროზამინების უფრო ფართო სპექტრი.
გარდა ამისა, გასახვევი თუთუნის შემადგენლობაში დაფიქსირდა მძიმე მეტალები - სიგარეტთან შედარებით ორჯერ მეტი ტყვია (Pb), და კადმიუმის (Cd) უფრო ფართო სპექტრი. როგორც ცნობილია, კადმიუმის ყველა ნაერთი ძალიან ტოქსიკურია და ტყვიაზე უფრო საშიშ მომწამვლელ ნივთიერებად ითვლება.
EUROFINS-ის (Hamburg
Germany)ლაბორატორიამ შესახვევი თუთუნის შვიდ ნიმუშში აღმოაჩინა მწერების საწინაღმდეგო პრეპარატის DDT-ს (დიქლორ-დიფენილ-ტრიქლორეთანი) კვალი, რომლის გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. ჩვეულებრივი სიგარეტის ნიმუშებში ასეთი ნარჩენები არ აღმოჩენილა.
საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის სამ სინჯში აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული თამბაქოც. გენმოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენება მომხმარებლების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც, ბრენდული სიგარეტის მწარმოებლები შესყიდვამდე მკაცრად ამოწმებენ თამბაქოს ფოთოლს, რათა გენმოდიფიცირებული ნედლეული არ მოხვდეს თამბაქოს ნაწარმში.
მოწევას ჯანმრთელობისათვის ყველასთვის კარგად ცნობილი რისკები გააჩნია. თუმცა, ქვეყანაში იმპორტირებული საეჭვო წარმოშობისა და მდარე ხარისხის თუთუნის გავლენის შეფასება მწეველების ჯანმრთელობაზე ჯერჯერობით შეუძლებელია. ადამიანის ორგანიზმზე მისი უარყოფითი ზემოქმედების შედეგები უცნობი რჩება, რადგან შესაბამისი კვლევა ქვეყანაში ამ დრომდე არ ჩატარებულა.
კომენტარი