სიძულვილის შემცველი პოსტის გამო ნანა კოსტავა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს
ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ნანა კოსტავა სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებულია. თუმცა კოსტავა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადების გამო დაუპირისპირდა, "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრად და საკრებულოს დეპუტატად რჩება.
სამოქალაქო სექტორი კოსტავას პარტიიდან გარიცხვას და შესაბამისად საკრებულოს დეპუტატის სტატუსის შეჩერებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ქუთაისში დღეს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა.
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ - ეს პოსტი სალომე ბარკერის ფოტოთი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა 28 მაისს გამოაქვეყნა, როცა ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში, ჩანჩქერზე დაღუპული 16 წლის გოგონა ჟურნალისტის და იყო. სოფიო ნიკოლაიშვილი სკოლის ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ საკუთარი პოსტი პროტესტის შემდეგ წაშალა და განმარტა, რომ არ იცოდა ამ ტრაგედიის შესახებ.
კომენტარი