21-ე საუკუნე, თბილისი, ცივ და ბნელ ოთახში შიმშილთან მებრძოლი 4 ბავშვი
ოჯახი, რომელზეც დრონი.ჯიმ ახლა უნდა გიამბოთ, საქართველოში არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანასკნელი. ბოლო პერიოდში სულ უფრო მომრავლდა უმუშევარი და სოციალურ ზღვარს დაბლა მყოფი ოჯახები, რომელთათვისაც საკვების მოპოვება ცხოვრების მთავარ საზრისად იქცა.
თინათინ ბენიძე უკვე წლებია გლდანში, პოლიციის წინ მდებარე დევნილების კორპუსში სამადლოდაა შესახლებული და ოთხ შვილთან და უმუშევარ ქმართან ერთად ყოველდღე ლუკმა-პურისთვის იბრძვის.
ის აფხაზეთიდან დევნილია და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. ქუჩაში დარჩებოდა, რომ არა დევნილების კორპუსის მცხოვრებნი. სწორედ მათ მოუძებნეს ოთახი და დღეს თინათინი ცივ და უსინათლო ოთახში ოთხ შვილს ზრდის.
არც გამრიცხველიანება და არც ელექტროენერგია - ზამთრის ცივი დღეებისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი შეშის ღუმელია, რომლისთვისაც შეშას მეზობლები აძლევენ.
ამბობს, რომ სოციალური დახმარება აქვს, მაგრამ მრავალშვილიან დედას ეს ფული საჭმელშიაც არ ჰყოფნის. ქმარი ფიზიკურ სამუშაოზე იშვიათად თუ მუშაობს, თვითონაც უკვე წლებია სამსახურის შოვნას ამაოდ ცდილობს. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებებს, ამის შესახებაც ბევრჯერ განაცხადა, თუმცა აქაც არ გაუმართლა.
დევნილთა სამინისტროში ოთახის დაკანონების შესახებ განცხადება არაერთხელ შეიტანა, თუმცა პასუხი დღემდე არ ჩანს. ბინის გამოყოფაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ასე უპასუხოდ და დახმარების მოლოდინში გადის წლები, მისი შვილები კი უკვე გაიზარდნენ, უფროსი სკოლის მოსწავლეა, პატარები კი ბაღში დადიან.
თინათინ ბენიძე შვილებზე ნერვიულობს და ელემენტარულს, შიმშილისგან გადარჩენას სთხოვს მთავრობას.
პ.ს. დრონი.ჯის რედაქცია იმედს გამოთქვამს, რომ ამ ოჯახის პრობლემები შესაბამის ორგანოებამდე მიაღწევს და ხელისუფლება თინათინ ბენიძისა და მისნაირების პრობლემებზე უფრო აქტიურად დაფიქრდება.
კომენტარი