სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლექსი ქალებზე, რომლებიც ვერ გამარტივდნენ...

ლექსით ვაგიჟებთ ამინდს წვიმიანს,
ჩვენდიდები და მაინც ბავშვები,
ქარიშხლებივით არ გვეშინია,
ცეცხლთან თამამად გათამაშების!
ამოვეცანით სურდათ კარტივით,
სულელმა წლებმა ბევრი იწვალეს,
სხვა ქალებივით ვერ გავმარტივდით,
სული ვერაფრით გამოვიცვალეთ...
ვერ დავემსგავსეთ ფიფქის ცივ წყებას,
არც ილუზიებს არ გავეტირით,
ბედად ვარგუნეთ გადავიწყება,
გულში დარჩენილ მრავალწერტილებს!..
და იზრდებიან თუმცა ხეებად
ფიქრები – სული მათ ვერ მოჩრდილეს,
გზა–გზა ნაპოვნმა სიყალბეებმა,
ჩვენ ვერაფრით ვერ დაგვიმორჩილეს.
ამ ვარსკვლავებით ზეცა გვიცინის,
ჩვენ – პოეზიის ცისფერ დობილებს,
აფორიაქებთ ჩვენი სიცილი
აბსურდებს – ჩვენგან უარყოფილებს.
ალა, მაისებს კაბად ვიზომავთ,
ისევ ბავშვები, თუმცა დიდები,
ყელს ჩამოსწყდება ჩავლილ სიზმრებად,
წვიმები – თეთრი მარგალიტები.
სულს გაზაფხულის ქარით შეფერილს,
ცამდე და უფრო მაღლა ავიტანთ,
და პირველივე მატარებელით,
მივდივართ, სადაც ვიწყებთ თავიდან!
სადაც ლექსებში ვერ ჩავეტევით,
და ლექსებივით გადავირევით,
ჩვენგან მოგონილ სიუჟეტებით,
ჩვენ – საკუთარი ფილმის გმირები.
სადაც ვარსებობთ სულით ყვავილის,
გვახარებს წვიმის წამით ხსენება,
ხვალ რუსთაველზე ისევ ჩავივლით,
და გაზაფხული აგვედევნება.
ამოვეცანით სურდათ კარტივით,
და ჩვენგან მხოლოდ დარჩათ სიტყვები,
სხვა ქალებივით ვერ გავმარტივდით,
ამ საუკუნის სერაფიტები!..



ავტორი: ქეთევან ნათელაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100