პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით გამოიცადა
როგორც იგეგმებოდა, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი უპილოტო მფრინავი აპარატი და მართვის სისტემა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში გამოიცადა. აპარატის აფრენა ხდება პნევმატური კატაპულტით, ხოლო აპარატი აღჭურვილია შიგაწვის ძრავით.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრენი აპარატის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია: ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი; ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი; სიჩქარე – 60-160 კმ/სთ; აპარატი აღჭურვილია ორკამერიანი ვიდეოპლატფორმით, ფოტოკამერით, თერმული და ინფრაწითელი კამერებით.
დაშვებისას იხსნება პარაშუტი და ზედმეტი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, იბერება უსაფრთხოების ბალიშებიც. აპარატი გამოიყენება ნებისმიერ კლიმატურ პირობებსა და ტემპერატურის ნებისმიერი სახის ცვალებადობის დროს. უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება ისეთი რთული საბრძოლო მისიების დროს, როგორებიცაა საზღვაო პატრულირება, თვალთავალი, დღისა და ღამის დაზვერვა, ბრძოლის ველის მეთვალყურეობა და სხვ.
ქართული საფრენი აპარატი შექმნილია თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" მიერ.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ სიახლეს მოჰყვება ასეთივე ხარისხის უამრავი სამოქალაქო პროდუქცია. "წელიწადნახევარში ამას ისე დავხვეწთ, რომ ყველა მსოფლიო ანალოგს გაუტოლდება. წელს აღლუმზე გამოვიყვანოთ ესენი და შემდეგ აღლუმზე გამოვიყვანოთ ხუთჯერ და ათჯერ დიდები",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საცდელ პოლიგონზე, თავდაცვის მინისტრთან საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, მთავარი უპირატესობა არის ის, რომ უცხოეთში სამხედრო ტექნიკის ყიდვისას, არის ალბათობა, გამყიდველმა ტექნოლოგია მოწინააღმდეგეს გაუზიაროს. "ამას ვერავინ ვერავის გაუზიარებს. რაც მთავარია, ეს არის დასაწყისი და პერსპექტივა გვაქვს, ბევრად დიდები გავაკეთოთ, ბევრად უფრო დახვეწილები, ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ეს ტექნოლოგიები. ამას, სამხედროს გარდა, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალური ცოდნისა და ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საქართველოში",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ამ დარგს აქვს დიდი პერსპექტივა ქვეყნის თავდაცვისა და კომერციული თვალსაზრისით. "ქართველებს სამხედრო ინჟინერიის ნიჭი აქვთ. ყველაზე მაგარი ამერიკული თვითმფრინავი მოიგონა ქართველიშვილმა. ნადირაშვილის არის ის რაკეტები, რომლითაც რუსები გვირტყამდნენ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქართული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ ინფორმაცია პირველად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, გივი თარგამაძემ გაავრცელა. ინფორმაცია მას შემდეგ გამჟღავნდა რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ებრაულ კომპანია „ელბიტ“-ს 35 მილიონ დოლარს და უპილოტო საფრენ აპარატებს დაუბრუნებდა.
„აქ 35 მილიონი დოლარის მოწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზეა საუბარი და ეს არის უპილოტო თვითმფრინავები. საქმე აქ არა თუ ტრაგიკულად, არამედ სასიხარულოდაც არის. საქმე ის გახლავთ, რომ ქართულმა მხარემ თავად დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების წარმოება. აქედან გამომდინარე, შეძენილი ისრაელის წარმოების უპილოტოების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ეს ტექნიკა უკან დავაბრუნოთ და ჩავაქროთ ეს კონფლიქტი.“- ამბობდა თარგამაძე.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის წინ რუსეთმა ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის საიდუმლო კოდები მიიღეს. ამის შესახებ „ვიკილიქსის“ პუბლიკაცია იტყობინება. პუბლიკაცია ეხება ტეხასურ კომპანია „სტრატფორის“ მიმოწერებს, რომელიც გეოპოლიტიკურ ანალიზზე მუშაობს.
ერთ-ერთი წერილი, რომელიც ელექტრონულ ფოსტაზე 2009 წლის 26 თებერვალსაა გადაგზავნილი, ეხება რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებს. „სტრატფორის“ თანამშრომლის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომამდე თბილისი ცდილობდა ახალი იარაღის შეძენას და პირველ რიგში - უპილოტო მფრინავი აპარატებისას, რომლითაც ისრაელისგან ადრე მიღებული „გაშიფრული“ უპილოტოები უნდა შეეცვალათ.
მექსიკაში მყოფი აგენტი იტყობინებოდა, რომ, ომის დაწყებამდე, საქართველო უკავშირდებოდა რომელიღაც ადგილობრივ „იარაღის ბარონს“ იმ მიზნით, რომ შეეძინა ახალი უპილოტო მფრინავი აპარატები: „ქართველები ცდილობდნენ ეპოვნათ ის, ვინც შეძლებდა მიეყიდა მათთვის იარაღი და მზად იყვნენ გადაეხადათ მაღალი ფასი. ასე იმიტომ ნერვიულობდნენ, რომ იცოდნენ, ომი იყო მოსალოდნელი.“ - წერს „სტრატფორის“ თანამშრომელი თავის კოლეგას.
„სტრატფორის“ აგენტმა ასევე გაარკვია, რომ ისრაელისგან მიღებული უპილოტოების დეფექტი მდგომარეობდა შემდეგში: საქართველოში განთავსებული უპილოტოების საიდუმლო კოდი ისრაელმა რუსეთს გადასცა. სანაცვლოდ კი რუსეთისგან მიიღო ანალოგიური ინფორმაცია ირანში განთავსებული "Тор М-1"-ის შესახებ, რომლებიც ირანმა 2006 წელს მიიღო.
ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა საქართველოს რპეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან ქართული საარტილერიო დანადაგარის პოლიგონზე გამოცდისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იარაღის ადგილობრივი წარმოება კარგი იმით არის, რომ გაცილეებით იაფი ჯდება და „აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაცაში არ მოგატყუოს, ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს, ან ვიღაცამ გადამწყეტ მომენტში არ შეგიჩეროს იარაღის მოწოდება.“
აღსანიშნავია, რომ ეს ქართული შეიარაღების წარმოების პირველი შემთხვევა არ არის. 2011-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა „დელტამ“ შექმნა საარტილერიო სისტემა და ქართული ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“.
ქართული უპილოტო საფრენი აპარატის შექმნას უკვე გამოეხმაურნენ ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმები. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს სამხედრო წვრთნებსა და სამზადისს.
„საქართველოს მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევა ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც პროვოკაცია და ჩვენ მას დაუყოვნებლივ აღვკვეთავთ“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა და დასძინა, რომ ოსურ მხარეს აქვს საშუალება, ჩამოაგდოს უპილოტო საფრენი აპარატები, თუ ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში გამოჩნდებიან.
„არც ისე დიდი ხნის წინ საქართველომ სამხედრო მანქანების „ლაზიკასა“ და „დიდგორის“ ხმაურიანი პრეზენტაციები მოაწყო. ახლა ისინი აპირებენ ახალი უპილოტო თვითმფრინავის წარდგენას მსოფლიოსთვის, ეს კი იმის დასტურია, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ აგრესიული გეგმა, - ხაზი გაუსვა იახნოვეცმა.
გამოყენებულია სააგენტოების "ინტერპრესნიუსის", "ნიუს.ჯი"-ს, თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდისა და საკუთარი რესურსის მასალები.
კომენტარი