"ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, რის გამოც იზოლირებულ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ"
წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის - დაავადებთა კონტროლის წარმომადგენელი.
წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, რის გამოც იზოლირებულ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ - ინფორმაციას დაავადებთა კონტროლის წყალტუბოს სამმართველოს უფროსი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, სასტუმრო თავიდანვე არ იყო კარანტინისთვის სათანადოდ მოწყობილი, რის შესახებაც ტურიზმის ადმინისტრაციას აცნობეს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა.
ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც სასტუმრო პრომეთეში მოწყობილ კარანტინში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს კარანტინში სხვა პირებთანაც ჰქონდა შეხება, რის გამოც ათ ადამიანს ანალიზი აუღეს. ინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ის საქართველოში სარფის გავლით მოხვდა.
სასტუმროში მყოფი პირების თქმით, მათ არ იციან არის, თუ არა შენობაში სათვალთვალო კამერები. ამასთან, აცხადებენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. ტურიზმის ადგილობრივი წარმომადგენლობაში ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარი