თავშესაქცევი მეცნიერება - ძალიან საინტერესო ფაქტები ლუდის შესახებ
…2009 წელს, როცა დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ ჯარისკაცებს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყო: გამოიყო საკმაოდ დიდი თანხა, რათა ცხელი წერტილიდან დაბრუნებულებს, სადაც ალკოჰოლის მიღება სასტიკადაა აკრძალული, ლუდით ღირსეულად გამასპინძლებოდნენ. მსგავსი რამ 2007 წელსაც მოხდა, როცა ავღანეთში 6 თვიანი მსახურობის შემდეგ სამშობლოსკენ გამომგზავრებულ ჯარისკაცებს ლუდი თვითმფრინავშივე მიართვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრძოლა დასრულებული იყო.
…. გერმანელმა სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ ვოლფგანგ კლემენტმა, რომელიც 2002-2005 წლებში ქვეყნის ეკონომიკისა და შრომის მინისტრი იყო, მოითხოვა, ლუდი აფთიაქებშიც გაყიდულიყო. იგი ამბობდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს სასმელი იმდენად დადებით გავლენას ახდენდა, ნამდვილად იმსახურებდა, მაღაზიების გარდა, აფთიაქების დახლებიც დაეპყრო. მართალია, ვოლფგანგ კლემენტის ინიციატივა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ლუდის ისტორიაში ამ ფაქტმა მაინც ღირსეული ადგილი დაიკავა.
… იაპონელებს მთელი მსოფლიო ბევრჯერ გაუკვირვებიათ და ასე მოხდა მაშინაც, როცა ამომავალი მზის ქვეყანაში ცისფერი ლუდის გაყიდვები დაიწყეს. ეს სიახლე 2009 წელს კომპანია Hokkaido Abashiri Beer -ის თანამშრომლებმა ტოკიოს სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად დანერგეს. მოგვიანებით მათ უკვე მწვანე და წითელი ფერის ლუდებიც ჩამოასხეს. ლუდის ცისფრად შეღებვა მასში ზღვის ხავსის გარევით მოხერხდა, რამაც სასმელს მხოლოდ ფერი შეუცვალა, გემო კი ჩვეულებრივი დაუტოვა. რაც შეეხება მწვანე ლუდს, მისი ფერიც ზღვის ხავსებით არის შეცვლილი, წითელში კი ასკილის ნაყენი ყოფილა გარეული.
… საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება `ლუდის ღიპის~ შესახებ, თუმცა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ადამიანის გასუქებაში ლუდს მინიმალური `წვლილი~ შეაქვს. სინამდვილეში ამ უსიამოვნებაში დამნაშავე მხოლოდ არასწორი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი რეჟიმია. შვედი და გერმანელი მკვლევარები აღნიშნულ საკითხზე დაახლოებით 9 წელი მუშაობდნენ და საერთო ჯამში, 8 ათასამდე მამაკაცი და 13 ათასამდე ქალი შეისწავლეს.
…ცნობილია ლუდზე მისაყოლებელი ყველის რამდენიმე გამორჩეული სახეობა, რაც ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიოს გასაოცებლად შესანიშნავად გამოიყენეს და ყველის გემოს მქონე ლუდი ჩამოასხეს. სიახლე ბაზარს კომპანია Belvoir Brewery -მ შესთავაზა. სასმელი სპეციალური ტექნოლოგიითაა შექმნილი, რისი წყალობითაც ყველის გემო ლუდთან შესანიშნავადაა შეხამებული და შედეგად უნიკალური, რბილი გემოა მიღებული.
კალიფორნიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების სწავლულებმა დაადგინეს, რომ ლუდი დიდი რაოდენობით სილიციუმს შეიცავს, ნივთიერებას, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ძალიან ადვილად ამუშავებს და ისეთი საშიში დაავადების განვითარებას აფერხებს, როგორიცაა ოსტეოპოროზი (დაავადება დაკავშირებული ძვლის ქსოვილის დავიწროებასთან, რომელიც ძვლის მოატეხილობასა და დეფორმაციას იწვევს).
22 წლის ამერიკელმა გამომგონებელმა ჯონ კორნველმა `ლუდის მსროლელი მაცივარი~ შექმნა. უჩვეულო გამოგონების არსი შემდეგში მდგომარეობს: სპეციალური მოწყობილობა მიერთებულია მაცივარზე, რომელიც პულტის დახმარებით იმართება და კატაპულტირების პრინციპით, შესაძლებელია, ლუდის იმ ადგილამდე ტყორცნა (3 მეტრის მანძილზე), რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ, ადამიანი წინასწარ განსაზღვრავს.
ფრანგმა მელუდეებმა ჩამოასხეს ლუდი, რომელიც 24 კარატიანი ოქროსგან შედგება. სასმელს სახელიც შესაბამისი აქვს მიღებული 24 Саrats. ლუდი ბაზარზე შეზღუდული რაოდებით გამოვიდა, სულ 2 ათასი ბოთლი. 1 ბოთლის ფასი 49,9 ევროა. როგორც ამბობენ, ოქროს მქონე ლუდს სტრესის და ასევე, სხვადასხვა დაავადების დამარცხებაც კი შეუძლია.
იაპონელი მეცნიერების მტკიცებით, ლუდს ადამიანის ორგანიზმის რადიოაქტიური გამოსხივებისგან დაცვა შეუძლია. მათი თქმით, საკმარისია 500 მილიგრამი ლუდი, რომ რენტგენის სხივებისა და წყალბადის იონების ზემოქმედება მთელი 34 პროცენტით შემცირდეს.
გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ლუდი ბელგიის სკოლებშიც იყიდებოდა. სხვა დანარჩენის პარალელურად, ბელგიაში ასევე იხარშება ლუდი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1,5 პროცენტამდეა. ასეთი სასმელი განკუთვნილია სადილზე ან ვახშამზე მისაყოლებლად... დღესაც კი ძალიან ბევრი უჭერს მხარს იმას, რომ სკოლებში ლუდი კვლავ დაბრუნდეს, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ იგი ტკბილ გაზირებულ სასმელებზე ბევრად სასარგებლოა.
ამერიკელი და ახალ ზელანდიელი მეცნიერების ინფორმაციით, 2 კათხა ლუდი ადამიანს მეხსიერების გაუმჯობესებაში ეხმარება.
ლონდონში არსებული ლუდის პაბების ყველაზე გავრცელებული სახელწოდება “წითელი ლომი” გახლავთ. ეს სახელი დაახლოებით 630 პაბს ჰქვია.
ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი ვაშინგტონში ყოფილა. იქ ზუსტად 1027 დასახელების ლუდი იყიდება.
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდი Samuel Adams Utopias გახლავთ, რომელიც ამერიკულ ბოსტონში იწარმოება. მასში ალკოჰოლის შემცველობა 27 პროცენტია, რაც პორტვეინზე მნიშვნელოვნად მეტია.
ყველაზე პატარა ზომის ბოთლებში ლუდს შვეიცარიის ერთ-ერთ სოფელში, ციურიხთან ახლოს ასხამენ, რომელთა ტევადობა სულ რაღაც 40 მილიგრამია, თუმცა ფასი კი შთამბეჭდავია და 3-4 ევრო ღირს.
ლუდის ყველაზე მსხვილი ექსორტიორი მსოფლიოში კომპანია Arthur Guinness and sons -ია, რომელიც 1759 წელს დაარსდა. ქარხანა 23 ჰექტარზეა გაშენებული და იგი ირლანდიაში, კერძოდ კი დუბლინში მდებარეობს.
ერთი ადამიანის მიერ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით დალეული ლუდის რეკორდი ამერიკელ მამაკაცს, მეტსახელად “გოლიათ ანდრეს” ეკუთვნის. მის ანგარიშზე 119 კათხა ლუდი მოდის, რომელთაც “გოლიათმა” სულ რაღაც 6 საათში მოუღო ბოლო.
წოდება “ლუდის ყველაზე დიდი მოყვარული მსოფლიოში” 1991 წელს 73 წლის ინგლისელ ქალბატონს ჰარიეტ ბრუქსს მიენიჭა, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 70 ტონა ლუდი დაულევია.
მსოფლიოში ყველაზე ძველ ლუდსახარშ კომპანიას Weihenstephan ეწოდება, რომელიც მიუნხენის სიახლოვეს ჯერ კიდევ... 1040 წელს დაარსდა და იმავე ადგილას, იმავე სახელწოდებით დღემდე მუშაობს.
ბულგარელმა მეცნიერებმა ლუდში სარძევე ჯირკვლების მასტიმულირებელი ნივთიერება დაამატეს, რაც როგორც მისი ავტორები ამტკიცებენ, იმას ნიშნავს, რომ სასმელს, სახელწოდებით Boza მკერდის გადიდება შეუძლია. კვლავაც იაპონელი მეცნიერების აღმოჩენა: მათი თქმით, ლუდის სმა ადამიანს გაციებასთან ბრძოლაში ეხმარება. უპირატესობა კი მაინც უალკოჰოლო ლუდს ენიჭება. მოსაზრების ავტორები განმარტავენ, რომ ნივთიერება ჰუმულონი, რომელსაც სვია შეიცავს, ეფექტურია გაციების სიმპტომების წინააღმდეგ. ჰუმულონი შესანიშნავად უმკლავდება ვირუსებს, რომელიც შეიძლება ბრონქიტის, პნევმონიის და სხვა სერიოზული უსიამოვნებების მიზეზი გახდეს.
სხვა ყველაფერთან ერთად, არსებობს შემწვარი ლუდიც! ამერიკელმა შეფ-მზარეულმა მარკ ზეიბლმა დაამტკიცა, რომ ლუდი შესანიშნავი პროდუქტია არა მხოლოდ ბოთლსა და ქილაში, არამედ ტაფაზეც.
გარეგნულად პროდუქტი რავიოლის წააგავს, თუმცა შიგნით შეხვდებით არა ყველს ან ხორცს, არამედ ლუდს. ზუსტად როგორ მზადდება მარკ ზეიბლის შემწვარი ლუდი, უცნობია, რადგან ტექნოლოგიას ამერიკელი შეფ-მზარეული მთელი 3 წელი იგონებდა. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ იგი დააპატენტა და საიდუმლოს არავის უმხელს.
კომენტარი