სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნოდარ მელაძემ ზუსტად იცოდა, რაში იყო საქმე. რაში იყო საქმე ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ დღეს საღამოს, როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა" - კობახიძე

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ვერსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "საზოგადოებამ უკვე იცის რაშიც იყო საქმე".

ჟურნალისტების შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს კობახიძე, ის არ პასუხობს და ამბობს: "მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერი ვიცით ყველამ. გუშინ დილით რაც იცოდა ნოდარ მელაძემ და არ ვიცოდი მე, გაიგო უკვე მთელმა საზოგადოებამ".

ასევე კობახიძის თქმით, სავარაუდოდ დღეს საღამოს შსს ექსპერტიზის პასუხს იტყვის.

"დილიდანვე ნოდარ მელაძემ ზუსტად იცოდა, რაში იყო საქმე. საზოგადოებამ უკვე იცის რაში იყო საქმე.... რაში იყო საქმე ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ დღეს საღამოს, როცა საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა.

რაც შეეხება ცოდნას, გუშინ დილიდან ნოდარ მელაძემ ყველაფერი იცოდა, ამის მიუხედავად მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა. თქვენ შეიძლება არ იცოდით, მაგრამ მან იცოდა, ეს არის უკიდურესად ამორალური საქციელი",-თქვა კობახიძემ.

გუშინ, 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-ში ორი ბრიფინგი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ უწყების წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, გამოძიებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ, თავად ბრიფინგზე საზოგადოებას ნარკოტიკების ზედოზირებისკენ მიანიშნებენ.

კერძოდ, შსს-მ გუშინდელ ბრიფინგზე ახსენა, რომ ლექსო ლაშქარავა ფონიჭალაში გადაადგილდებოდა. ამას გარდა, უწყებამ გაასაჯაროვა ლაშქარავას გადაადგილების კადრებიც.

გუშინ, 11 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს, სახლში გარდაცვლილი ნახეს. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100