სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პრაიმტაიმი": როგორ შედის ციხეებში ნარკოტიკები

ციხეებში ქაოსია: პატიმრები ბადრაგს არ ემორჩილებიან, ექიმებს შეურაცხყოფას აყენებენ, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყეს. აკრძალული ნივთიერება სხვადასხვა გზით აღწევს პატიმრებამდე.

ადრე, შევარდნაძის დროს, საერთოდ ისეთი უკონტროლობა იყო, რომ წამალი არა მხოლოდ შედიოდა, იქიდან ხდებოდა მისი რეალიზაცია და პატიმრები ოჯახებს ციხეებიდან ინახავდნენ. აქ მილიონობით ფული ტრიალებდა. ფული ღირდა ყველაფერი.

წამალი ჩვეულებრივ პატიმართან შეჰქონდა - ადვოკატს, მეგობარს ან ნებისმიერ ოჯახის წევრს, ეს ხდებოდა პაემნებზე შეხვედრის დროს. დიდი ოდენობით ნარკოტიკები კი უშუალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და ციხეების ადმინისტრაციის გავლით ხდებოდა ე.წ. კანონიერი ქურდებისა თუ კრიმინალური ავტორიტეტების ხელში, საიდანაც წამალი მერე უკვე იქედან გარეთ იყიდებოდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ "თავისუფლება" ჩაიკეტა და ციხეში ნარკოტიკების შესატანად უკვე დაფარულ მეთოდებს მიმართავდნენ. თეა თუთბერიძის განმარტებით, "წამალი" სხვადასხვა გზებით შედიოდა: კბილში ჩადებული, ენის ქვეშ დადებული, ტრუსის რეზინზე და ასეთ იოლ ხერხებზე აღარა მაქვს ლაპარაკი, იყო სწორ ნაწლავში დამალული, ზოგ შემთხვევაში საშოთიც კი... ციხეში წამლის საშოთი შეტანას ადვოკატი ქალებიც არ ერიდებოდნენ. ამ ინფორმაციაზე ხშირად ყბა მივარდებოდა. ინფორმაცია მათი დაკავების შემდეგ ხდებოდა ცნობილი. ექიმები მიჰყავდათ წამლის ამოსაღებად.

ციხე რეალურად იყო ის სისტემა, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა. არეულობის ფონზე ნარკოტიკების საპყრობილეებში შეტანის სულ ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ბევრი პრობლემა მისთვის ცნობილია და ამ საკითხებზე მუშაობა მიდის.

სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი:

- ნარკოტიკების შეტანა თაფლის მეშვეობით ხდება თუ არა, არ ვიცი. თუმცა, ბოლო პერიოდში, დაახლოებით ასე თვენახევარია, ძალიან სერიოზულად რომ ხდება აკრძალული ნივთების შეტანა, ამის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, მაქვს, იგულისხმება ტელეფონები, ნარკოტიკიც, სხვა აკრძალული ნივთებიც. არ არის გამორიცხული, რომ მანამდეც ეს იყო კონტროლირებადი მიწოდება. თუმცა, როცა ნარკოტიკებზე ვლაპარაკობთ, აქ კიდევ არის ერთი პრობლემაც, ზოგადად ხდება ფსიქოტროპული ნივთიერებების მიწოდება პატიმრებისთვის, პრაქტიკულად ძალიან ბევრი ადამიანი იქედან გამოდის დაავადებული ამით. იმიტომ, რომ ეს ხდება გამიზნულად. იქაური გარემო პატიმრებში იწვევდა ფსიქიურ აშლილობას, შემდეგ იწყებოდა ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა, მერე ადამიანები დამოკიდებულები ხდებოდნენ ამაზე და პრაქტიკურად ხდებოდა უამრავი ადამიანის გადაგვარება, ამ მიმართულებით ახალი და ახალი პრობლემები ჩნდებოდა, მოგვარების ნაცვლად.

- ბატონო სოზარ, ახლა რა გზებით შედის ნარკოტიკი, ალბათ, ამაზეც გაქვთ ინფორმაცია?

- რაზეც მე გესაუბრებით, ეს ხდებოდა მანამდე და წამლის მიწოდება ხდებოდა ადმინისტრაციის მიერ. ახლა რა მეთოდით ხდება, არა მაქვს ინფორმაცია. ზოგადად, რეჟიმების ლიბერალიზაციის პარალელურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წესრიგი იყოს დაცული და ძალიან მკაცრად გაკონტროლდეს აკრძალული ნივთების არშესვლა დაწესებულებაში.

- როგორ აპირებთ რეაგირებას და როდისთვის მოხდება ეს?

- რას ჰქვია როდისთვის? რეაგირება დაწყებულია და ყოველ დღე იქნება. კანონის დარღვევის მცდელობა ყოველთვის იქნება და შესაბამისად, მათთან ბრძოლაც ყოველდღიური იქნება. ის, რასაც ვაკეთებთ, ეს არის პირველ რიგში ახალი ადამიანების მიყვანა, რომლებიც დაამყარებენ წესრიგს სისტემაში.

- ჩვენი ინფორმაციით პატიმრები ბადრაგებს არ ემორჩილებიან.

- ეს აბსოლუტური სიმართლეა, არ ემორჩილებიან, თვითონ ბადრაგები გაურკვეველ სიტუაციაში არიან, იმ სასტიკი რეჟიმის მერე, რაც იყო, ვერ მიხვდნენ, სად გადის ზღვარი წესრიგის დაცვას და არეულობას შორის. ერთია წესრიგის დამყარება და მეორე ქაოსი, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ, თუმცა, იყო პრობლემა, რომ ბადრაგები ვერ ახერხებდნენ აღეკვეთათ პატიმრების ძალიან უხეში მოქცევა, მაგრამ აქაც ლაგდება ვითარება. თვითონ პატიმრების მშობლებს, ოჯახის წევრებსაც ვთხოვ, რომ გავლენა მოახდინონ პატიმრებზე. გუშინ, მაგალითად, "ნიუ ჰოსპიტალი" აპირებდა შეეწყვიტა ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ექიმებისთვის გაუსაძლისი გახდა ამ შეურაცხყოფის ატანა. ჩვენი თხოვნით გააგრძელეს... ხელშეკრულების შეწყვეტა პირველ რიგში პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის იქნება ძალიან ცუდი, ამიტომ მთელ საზოგადოებას ვთხოვ დაგვეხმაროს წესრიგის დამყარებაში და ადამიანის უფლების დაცვაში. ეს ორი ბორბალი ერთდროულად უნდა მოქმედებდეს, არ შეიძლება რომელიმეს იგნორირება.

- ექიმებზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ მათგან ნარკოტიკები მიეღოთ?

- არა, ზოგადად არ ემორჩილებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ითხოვენ რაღაც წამალს, რომელიც შეიძლება ზოგჯერ მართლა სჭირდებოდათ და არ ექცეოდა ამას ყურადღება, მაგრამ ზოგჯერ ისიც არის დასაშვები, რომ პატიმარს აქვს მხოლოდ აკვიატება. ჰგონია, რომ ეს წამალი სჭირდება და ამ დროს მას ეს არ სჭირდება. ითხოვენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, იგივე ნარკოტიკების შემცვლელ წამლებსაც და დიდი ამბებია, როცა ექიმები ამას არ აძლევენ...

სიტუაციის დალაგება არასდროს არ არის ადვილი, მაგრამ სწორედ იმიტომ ავირჩიე ეს სფერო, რომ კარგად ვიცი, რა პრობლემებია, რა გამოწვევებია, მე თვითონ ვუთხარი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მზად ვარ შევუდგე ამ ყველაზე რთულ მუშაობას, ისიც ვიცი, რომ დალაგებაც შესაძლებელია იმიტომ, რომ შემოდის თანადგომის იმედი და ასევე საზოგადოების იმედი, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რა პრობლემებია და იმასაც ხედავს, რა ძალისხმევას ვახმართ ამ პრობლემების გამოსწორებას და როდესაც ამ დახმარებას ვგრძნობ მის უწმინდესობისგან, ეკლესიისგან, ეს იმხელა ძალა და იმხელა სტიმულია ჩემს სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვისაც, პატიმრებისთვისაც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც, რომ ძალიან გვეხმარება პრობლემების გადაჭრაში.

დეა თავბერიძე, გაზეთი „პრაიმტაიმი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100