ბიძინა ივანიშვილმა საახალწლოდ დაგეგმილი პრესკონფერენცია რუსეთის მოვლენების გამო გადადო
ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ „დრონი.ჯი“-ს აცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისში წინასაახალწლოდ დაგეგმილი პრესკონეფერენცია გადადო, რათა თავი აერიდებინა რუსეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან.
ქართველ მილიარდერთან უშუალოდ დაახლოებულმა პირმა შეგვატყობინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული ოპოზიციის მორიგი მიტინგის ჩატარების თარიღად 24 დეკემბერი დასახელდა. „სწორედ იმ დღეებს, ანუ, საქართველოში ძველი სტილით შობის აღნიშვნას უნდა დამთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის წინასაახალწლო კონფერენცია თბილისში, სადაც ბატონი ბიძინა ძველ ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობით აპირებდა მოსახლეობისთვის შობა-ახალი წლის მილოცვას, მაგრამ რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა ეს გეგმები შეცვალა“, - უთხრა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა „დრონი.ჯი“-ს.
მისივე თქმით, ივანიშვილის მიერ წინასაახალწლო პრესკონფერენციის გადადება, პირველ რიგში, იმას უკავშირდებოდა, რომ „ბიზნესმენს არ სურდა, გაეცა პასუხი იმ შესაძლო მწვავე შეკითხვებზე, რომლებსაც პკ-ზე ჟურნალისტები რუსეთში ჩატარებული არჩევნების დარღვევებთან და მასობრივ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით დასვამდნენ“.
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შტაბის წევრების ნაწილმა, მრჩევლებმა და პრესსამდივნოს თანამშრომლებმა რეგიონალურ ჟურნალისტებთან ჩატარებული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებულ თათბირზე, მიიღეს მითითება ახალი, წინასაახალწლო პრესკონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, თუმცა, უკვე გუშინ ყველას მოკლედ, მიზეზების მითითების გარეშე განუმარტეს, რომ პრესკონფერენცია გადაიდო.
საღამოს განმავლობაში „დრონი.ჯი“ ცდილობდა, მისთვის ცნობილ ყველა მობილურ ნომერზე დაკავშირებოდა ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ამ ინფორმაციაზე კომენტარის გასაკეთებლად, თუმცა, მასთან დაკავშირება, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, შეუძლებელი აღმოჩნდა.
„დრონი.ჯი“ ასევე დასძენს, რომ გამოაქვეყნებს გამოხმაურებას ზემოთხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუკი იგი რედაქციაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ იქნება გამოგზავნილი.
კომენტარი