ერთი ლექსით თქმული სათქმელი: როინ აბუსელიძის „ჩემი ნენეი"
ჩემი ნენეი
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენეი -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენეი -
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -
„მერსედესით“ დადის და
ჩემი ნენეი -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს „ჟა დორეს“ სუნი ასდის და
ჩემი ნენეი ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია, მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენეი წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი – მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენეი წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენეი სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახეი!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!..
ვიდეო: ლექსს კითხულობს ავტორი
კომენტარი