დღეს ასე მწარედ რაღა ატირებს, ათას-ჭირ-ვარამ გამოვლილ თბილისს?!
წუხელის
ძალზე გულცივად
წვიმდა,
ცხელი ბეჭები
ეწვოდა ივნისს,
მე, ახლა
მხოლოდ სიმშვიდე
მინდა,
მსურს გაღიმებულს
ვხედავდე თბილისს.
ცა იხსნებოდა გრგვინვით და მეხით,
არვინ უწყოდა ელოდა ვინ_ ვის,
ღრუბლები გულზე შემდგარი ფეხით
იდგნენ და
სუნთქვას უკრავდნენ თბილისს.
წვიმა ლოკავდა ვერეს ნაპირებს,
ცას მზერა ჰქონდა მთრთოლვარე ჩვილის,
დღეს ასე მწარედ რაღა ატირებს,
ათას-ჭირ-ვარამ გამოვლილ თბილისს?!
ავი ხმა ჰქონდა წუხელის ქუხილს
და კოჯრის ტყიდან ჭოტების კივილს,
ღამე მატებდა სხავანაირ წუხილს,
სისხლის ცრემლები სცვიოდა თბილისს.
ვით დავუფასოთ მშობელს ამაგი,
რა გზები ერგო მძიმე და რთული
და მაინც იდგა მუხა ჭარმაგი,
ნატყვიარი
და წელგამართული.
/ნანა მეფარიშვილი/
კომენტარი