სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომიკოსი სევდიანი თვალებით

მას სომეხ ჩარლი ჩაპლინს ეძახდნენ. მეგობრებისათვის ის იყო მგერი (ნათელი, მზიური), ხალხისათვის ფრუნზე. 1930 წელს დაიბადა ლენინაკანში(გიუმრი), მუშა-მოსამსახურის ოჯახში. მამას უნდოდა მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ ბავშვობიდან თეატრმა გაიტაცა. ჯერ დრამატულ წრეს მიაკითხა. პირველივე სპექტაკლში პატარა როლი მისცეს. ტრაგიკული სიტუაციის დროს უნდა შემოსულიყო და ეთქვა „ვამ პისმო ოტ კნიაზა", მაგრამ გამოჩენა და პირველი სიტყვები უკვე ჰომერულ სიცილს იწვევდა. ფრუნზე გაკვირვებული და გაბრაზებული გადიოდა კულისებში და ვერ ხვდებოდა დასცინოდნენ თუ რა ხდებოდა. ძალიან გვიან მიხვდა, თუ რამხელა ბედნიერებაა, გააცინო მაყურებელი.

მსახიობი თავიდანვე ვერ გახდა. მამა ქურდობისათვის დააპატიმრეს (კომბინატიდან ქსოვილი გამოიტანა გასაყიდად) და ოჯახი მისი სარჩენი გახდა. ფრუნზემ ქარხანას მიაშურა. მხოლოდ 26 წლის ასაკში დაამთავრა ერევნის თეატრალურ-მხატვრული ინსტიტუტი და მიღებული იქნა სუნდუკიანის სახელობის თეატრში. მიმღები საგამოცდო კომისიის ერთმა წევრმა მეორეს გადაულაპარაკა: ამას სარკე საერთოდ არ ექნება ნანახი, რა წარმატებას უნდა მიაღწიოს ასეთი ფიზიონომიის მსახიობმაო. არადა მისი გარეგნული მონაცემები და ღვთის მიერ ნაბოძები ნიჭი გახდა მისი შემოქმედებითი წარმატებების განმსაზღვრელი.

პირველი როლი კინოში კავშირის ყველაზე დიდმა მეზღაპრემ ალექსანდრე როუმ შესთავაზა ფილმში „სევანის ტბის საიდუმლოებები" ამას როლს ვერც დაარქმევდი, ქვები უნდა გადაეყარა. საბოლოოდ ფილმში მისი მარცხენა ფეხი მოხვდა.

სამაგიეროდ წარმატებული გამოდგა მისი კარიერა თეატრში. მაყურებელი უკვე მისი სპექტაკლების სანახავად დადიოდა. კინოში კი 35 წლის ასაკში მიიწვიეს. გიორგი დანელიამ გადაიღო ფილმში „ოცდაცამეტი". როლი პატარა იყო. ფრუნზე პროფესორ ბერგს ანსახიერებდა. დებიუტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ „ზევით" რაღაც მოეჩვენათ და ფილმი კინოგაქირავებიდან ამოიღეს. შემდეგ გამოჩნდა ლეონიდ გაიდაი და ფრუნზე ჯიბრაილის როლზე მიიწვია ფილმში „კავკასიელი ტყვე ქალი". ფილმში ჯიბრაილის ცოლის როლში გადაიღეს მისი მეუღლე დინარაც. ამ ფილმმა, როგორც რეჟისორს, ასევე შემოქმედებით კოლექტივის ყველა წევრს უდიდესი წარმატება და პოპულარობა მოუტანა. მალე როლან ბიკოვმა „აიბოლიტი-66" გადაიღო და იქაც გაიბრწყინა ფრუნზემ. ამას მოჰყვა დანელიას „არ დაიდარდო" და მსახიობი დიდების ზენიტში მოექცა.

პოპულარობას და წარმატებას ჩრდილად ადგა მისი პირადი ცხოვრება. სტუდენტი იყო, რომ ცოლად შეირთო გოგონა, სახელად ხაპა. ოჯახმა არჩევანი დაუწუნა, თავი იჩინეს მატერიალურმა და ოჯახურმა პრობლემებმა და წყვილი მალე დასცილდა ერთმანეთს. მეორე ქორწინება საბედისწერო აღმოჩნდა. ინსტიტუტში გაიცნო დინარა პილოსიანი. მალე დაქორწინდნენ. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, შეეძინათ ორი შვილი: ქალიშვილი ნუნე და ვაჟი ვაზგენი. 70-იანი წლების დასაწყისში დინარას აღმოაჩნდა მემკვიდრეობითი ფსიქიური დაავადება... ჩამოშორდა თეატრს. ფრუნზეს არ უშვებდა გადაღებებზე. აჩემებული ჰქონდა, რომ მის ქმარს ქვეყნის ყველა კუთხეში საყვარლები ჰყავდა. ფრუნზეს ბევრ საინტერესო როლზე მოუხდა უარის თქმა. ხალხმა იცოდა მისი მდგომარეობა და თანაუგრძნობდა. 1975 წელს მიანიჭეს სომხეთის სახელმწიფო პრემია. ფრუნზე ალკოჰოლს მიეძალა, ბევრს სვამდა.

ამ პერიოდში გადაიღო იგი დანელიამ „მიმინოში", მაგრამ გადაღებები ლამის ჩაიშალა. დანელიამ, რომელმაც გადაღების წინ 8 კბილი ამოიღო, რომ პრობლემას შემდეგ თავი არ ეჩინა და გრაფიკი არ დარღვეულიყო, ულტიმატუმი წაუყენა მკრტჩიანს: ან როლი, ან ალკოჰოლი. ფრუნზემ თავი შეიკავა, 10 დღე არ დაულევია. ფილმმა არნახული წარმატება მოუტანა. თითონ ფილმი სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვეს. დანელიას საყვარელი მსახიობები იყვნენ კიკაბიძე და ლეონოვი. ლეონოვმა მის ყველა ფილმში ითამაშა. გადაწყვეტილი იყო, რომ ლეონოვს შეუსახლებდნენ ნომერში ვალიკოს, როგორც სვერდლოვსკის წარმომადგენელს. გადაიღეს რამოდენიმე სცენა, მაგრამ ეს ის არ იყო რაც უნდოდათ. დანელია მაინც ჯიუტად ითხოვდა ლეონოვის გადაღებას. სცენარისტები გაბრიაძე და ტოკარევა მკრტიჩიანს ითხოვდნენ.

საბოლოოდ ყველაფერი ორიოლითა და რეშკათი დამთავრდა და მკრტჩიანი მეოთხე სცენარისტი გახდა, რადგანაც ფილმში ფრაზები საკუთარი იმპროვიზაციის შედეგია:

«Вы почему кефир не кушаете? Что, не любите?»

«Такую личную неприязнь я испытываю к потерпевшему, что кушать не могу»

«Валико-джан, я тебе один умный вещь скажу, но только ты не обижайся!»

«Эти „Жигули“ чем думают, я не знаю. Под ногами крутятся, крутятся, крутятся…»

რესტორანში ცეკვის სცენა ისეთი ხმაურით მიდიოდა, რომ სასტუმრო „რასიას" არ ეძინა. ფრუნზეს დანახვაზე და ცეკვაზე ხარხარს ბოლო არ უჩანდა. ის უკვე მთვრალი იყო და ვერაფრით ახერხებდა იატაკიდან ცხვირსახოცის აღებას.მაშინ დანელიამ კიკაბიძეს დავალა აერთმია ცხვირსახოცი. ამაზე ფრუნზე ისეთ სახეს იღებდა, რომ ხარხარი არ წყდებოდა. ერთხელ ნიუ-იორკის სცენაზე გამოსული მსახიობი 5 წუთი ჩუმად იდგა და ელოდა, სანამ მაყურებელი მის დანახვაზე ატეხილ სიცილს შეწყვეტდა.

დაჯილდოვებაზე კრემლში მისულ დანელიასა და კიკაბიძეს დაცვამ საბუთები მოსთხოვეს. ამ დროს ფრუნზე მივიდა და მცველს შეეკითხა: «Разве иностранные шпионы в Кремль без пропусков ходят?!» რა თქმა უნდა საბუთები აღარ მოუთხოვიათ.

მკრტჩიანი შემდეგ გადაიღეს ფილმებში „ბაღდასარი ცოლს შორდება", „ჯარისკაცი და სპილო", „ალიბაბა და 40 ყაჩაღი" და „ამაოებათა ამაოება". იგი ყველას უყვარდა. არასოდეს თავის უბედურებას თავზე არავის მოახვევდა, ყოველთვის სხვის გამხიარულებას ცდილობდა. სომხებს აქვთ ასეთი გამოთქმა „შენს ტკივილს წავიღებ"(ქართველებს მსგავსი გვაქვს „მტლად დაგედები"), ასე იცხოვრა მთელი ცხოვრება. ერთი შეუსრულებელი ოცნება ჰქონდა. კინოში უნდოდა სირანო დე ბერჟერაკის შესრულება.

80-იანი წლების დასაწყისში დინარას ავადმყოფობა გართულდა. სად აღარ ატარა სამკურნალოდ. ვერდიქტი საშინელი იყო - ფსიქიატრიულში დაწვენა სიცოცხლის ბოლომდე. რამოდენიმე წლის შემდეგ ფრუნზემ ხელახლა იქორწინა. ცოლად შეირთო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ქალიშვილი ტამარა, მაგრამ მალე გაიყარნენ.

90-იანი წლების დასაწყისში შეწყვიტა კინოში გადაღებები, თეატრიდანაც წამოვიდა გულდაწყვეტილი, არ აირჩიეს მთავარ რეჟისორად. გადაწყვიტა თვითონ დაეარსებინა თეატრი.

ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას უკვალოდ არ ჩაუვლია: განუვითარდა კუჭის წყლული და ცეროზი, ამას ემატებოდა გულის სისუსტეც. ერთადერთი ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში ვაჟი ვაზგენი დარჩა (ქალიშვილი ნუნე არგენტინაში გათხოვდა), მაგრამ უარესი წინ ელოდა, ვაზგენს დედის ავადმყოფობა აღმოაჩნდა. ფრუნზემ საფრანგეთში წაიყვანა შვილი, მაგრამ უიმედოდ დაბრუნდა - დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარებოდა.

ერევანში დაბრუნებულებს ქვეყანაში საშინელი ვითარება დახვდათ, არ იყო სინათლე, სითბო. ქვეყანა სამხედრო მოქმედებების გამო ბლოკადაში იყო. მკრტიჩიანმა ახალი დარტყმა მიიღო. გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი მსახიობი აზატ შერენცი. გამწარებულმა დალია და საავადმყოფოში აღმოჩნდა. კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. სახლში გამოწერეს. მას და ვაზფენს ფრუნზეს უმცროსი ძმა ალბერი უვლიდა. 1993 წლის 29 დეკემბერი იყო, ძმამ ორივე ძლივს დააძინა და სახლში გადავიდა. დილით შემზარავი ამბავი გაიგო.

მსახიობის დაკრძალვაზე მთელი ერევანი შეიკრიბა. გადაწყდა, რომ ახალი წლის დადგომამდე დაეკრძალათ. გამოთხოვება დიდხანს გაგრძელდა. ჩამობნელდა. ანთებული მანქანების შუქზე მიაცილებდნენ მის ცხედარს სომხური სულის გმირების პანთეონში. ხალხი ანთებული სანთლებით ქუჩაში იდგა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100