სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ მოიპარა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება?

ახლოვდება ახალი წელი და პოლიტიკური პროცესები ცივდება. როგორც იტყვიან, ახალ წელს მარტო ნაძვის ხეები „მუშაობენ“. ახლა ჭაღებიც დასაქმდნენ. ადრე მთაწმინდა იყო ჭაღარა, ახლა რუსთაველია ჭაღ-არა.
ბევრს აბდღვრიალებული ჭაღები უშლის ნერვებს. ბევრს უხარია, მაგალითად ირაკლი ჩხიკვაძეს, რომ ხედავს, ბედნიერი დადის.
მე ასე ვერ მაბედნიერებს მიშიკოს ჭაღები, მაგრამ რუსთაველზე ბურჯანაძის „მუშაობას“ ისევ ჭაღების „მუშაობა“ მირჩევნია, ბოლოს და ბოლოს, ქუჩას მაინც არ კეტავენ და თანაც ბდღვრიალებენ და არ ღრიალებენ. რას ამბობ, არც დედას იგინებიან. ეს ცოტაა?
ახლა არ თქვათ, ამდენი ფული იფლანგებაო, დენი იწვებაო. რას ამბობ, ის მიტინგომანია იაფი დაჯდა? თქვენ არ ნაღვლობთ, ბიუჯეტის არ იყოო, მაგრამ ერთი ბურჯანაძეს ჰკითხეთ...
ეგ ბურჯანაძემ ინაღვლოს, ჩვენ ის ვინაღვლოთ, რომ „ღორის გრიპი“ ღორობს და ნამეტანი გვიტევს. გვამშვიდებენ, ნუ გეშინიათ, ეპიდემია არ არის, ეპიდემიას მაშინ გამოვაცხადებთ, ყოველი მეათე რომ ამ გრიპით გასუდრული ივლისო.
აბა, რა უნდა ქნან, ჭიპაშვილივით ხომ არ მოგვექცევიან ისევ, ზედ ნაახალწლევს, ბედობა დღეს რომ გამოხტა პირდაპირ ეთერში „პახმელიაზე“ – „ქათმის გრიპის“ ეპიდემიააო და მთელ ქვეყანას კანალიზაციაში გააშვებინა საცივ-ბაჟე.
საცივ-ბაჟეს რომ მოვეშვათ, „უცნობმა“ თავისი გადაცემის დახურვის მიზეზად წინასაშობაო მძიმე მარხვა მოიმიზეზა.
არადა, თავის დროზე პირობას დებდა, სანამ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იქნება, მე აქ ვიჯდებიო. არ გადადგა კიდე ეს მიშა და რა ქნას ახლა, არ წავიდეს სტამბოლში გასაკაჟებლად? ჰოდა წავიდა. წასვლამდე დამშვიდობების „სპიჩი“ ხია და მერე იმ ეთერს პირდაპირი მიაწერეს, მაგრამ „რეალ ტი-ვი“-მ დაასტუკა, დამთავრდა თუ არა პირდაპირი ეთერი მიუკაკუნა, აქა ვართო. უცნობი იქ აღარ იყო და როგორც მერე გაირკვა, საერთოდ საქართველოშიც აღარ ყოფილა, მისი ბედი კი, თურმე, ასევე საქართველოში არმყოფ ეროსი კიწმარიშვილს გადაუწყვეტია, ეროსი მაყუთის გასაჭრელადაა გაჭრილი ევროპაში.
ოქრუაშვილთანაც ყოფილა. ოქრუაშვილს კიდე მაკლერობა დაუწყია, ხალვაში უნდა დავაკავშიროო.
ეროსი კიწმარიშვილს გაუგია, ვისაც მოუკლავს ის მოკლავს არწივსა მაღალ მთისასაო და ჰგონია, რომ ისევ „რუსთავი 2“-ვით მძლავრ ტელეარხს შექმნის და ისევ მიიღებს რევოლუციაში მონაწილეობას და ისევ „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიის პატრონი გახდება.
თუ ამის განმეორების სჯერა, მაშინ იმისიც უნდა სჯეროდეს, რომ მერე ისევ მოუწევს მოწეწვა ქვეყნიდან... უცნობი სტამბოლშია, ეროსი - ევროპაში.
ებრალიძესთან კი აგერ მერობის ახალი კანდიდატი, ვალერი კვარაცხელიაც მიდის. მხნედაა - უალტერნატივო კანდიდატი ვარო. პირი მოსკოვისკენ ქნა და აქეთ მყოფებს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოამღერა – „თქვეენ ეერთი გუუუნდი ხაართ“...
ყველა კანდიდატიო, რომელიც დღემდეა დასახელებულიო, პრაქტიკულად ერთ გუნდს წარმოადგენსო. ერთ ჯგუფსო, რომელნიც მოჩვენებითად არიან დაყოფილნი ხელისუფლებად და ოპოზიციადო, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთო, რომ არსებობდეს ნამდვილად ალტერნატიული კანდიდატიო, რომელსაც აქვს სხვა პრინციპები, სხვა ხედვები და სხვა პოლიტიკური მიზნებიო.
ჩვენ გადავწყვიტეთო, კი ამბობს, მაგრამ ვინ შედის ამ „ჩვენში“? თვითონ დანაქუცდა და მრავლობით რიცხვს ამიტომ მიმართავს? თუ თავის არსებაში კრემლი ჩაიპირქვავა და ამას გულისხმობდა?
მეო უეჭველი გავიმარჯვებ და ეს საქართველოს გადასარჩენად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებაო. ნაბიჯი ნამდვილად იქნება, ოღონდ ქვეყნის კი არა, თავისი, მერე რა, რომ ფეხზე ებრალიძის ნაყიდი „ტუფლები“ ეცმევა. ნაბიჯი ნამდვილად იქნება, მაგრამ, წინ თუ უკან? ალბათ წინაც და უკანაც. აბა, სიარულს ხომ არ მოიშლის წინ და უკან თბილისსა და მოსკოვში ან თუნდაც „კუხნა-სპალნაში“? ეს ნაბიჯი იქნება, თორემ ვალერი კვარაცხელია ისე გახდება ქალაქის მერი, როგორც მე - ბურგუნდიის ჰერცოგი.
კვარაცხელიას მერობა მოუნდა. ოპოზიცია კი მადაზე მოვიდა, თუ თბილისის მერს ვარჩევინებთ ხალხს, ბარემ ქუთაისის, ფოთის, რუსთავისა და ბათუმის მერებიც ხალხს ავარჩევინოთო.
იმდენი იძახეს, სანამ უმრავლესობამ არ წააყვედრა, თბილისის მერი რომ არჩევითი ხდება, ეგეც პოლიტიკური შეთანხმების შედეგია და შეირგეთო.
ოპოზიცია კი გაიძახის, თუ თბილისელებს ვარჩევინებთ მერს, თუ თბილისში შეიძლება მერის პირდაპირი გზით არჩევა, იქ რატომ არ შეიძლებაო? ესენი იმდენს იძახებენ, სანამ თბილისის მერის არჩევითობასაც არ გადააფიქრებინებენ მიშას.
არადა, იცის ოპოზიციამ, რომ ხელისუფლება სხვა ქალაქებში აღარ წავა ამ დათმობაზე, მაგრამ „ზრდილობიზა“ „აწვებიან“, ჰოდა „ზრდილობიზაც“ აგებენ მერე ყოველგვარ კამპანიას.
სადღაც კიდე, ამდგარან და ჩაუტარებიათ რაღაც გამოკითხვა, მიშა სააკაშვილი წლის მთავარ უფლებადამრღვევად გამოაცხადეს, საუკეთესო უფლებადამცველად - ირინა ენუქიძე. შეკრებილან 20-მდე არასამთავრობო, სამართალდამცავებთან დაპირისპირებული ოჯახის წევრები და იმათ დაუსახელებიათ, მაგრამ მთელ ამ ამბავში ერთი დიდი უხერხულობაა - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეორე ადგილზე გაიყვანეს უფლებადამცველებში.
ერის სულიერი წინამძღვარი მაგათ „პრავაზაშიტნიკი“ ჰგონიათ. ქალბატონი ირინა გარდაცვლილია, მაგრამ ვინც მესამე ან მეოთხე ადგილზე გავიდა, ძალიან მაინტერესებს, არანაირი უხერხულობა არ იგრძნო ამ ამბავში, ან არ გააპროტესტა?
ენჯეოშნიკებს ამის არ ერიდებათ და ამ ნოღაიდელს კიდე - ქურდობა. ლელა კაკულიას ტექსტი „მოჰპარა“, ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ლელა კაკულიასავით კი წინასწარმეტყველებს, ესაო, ისაო, ქვეყანას არ მიუღწევია იმ ზღურბლისთვის, როდესაც გამოსავალი უკვე აღარ არსებობსო.
ვითარების სიმძიმის მიუხედავად, მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელიაო, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება სახელმწიფი ბიუჯეტს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიხედვით კი არ დაგეგმავს, არამედ სწორად შეარჩევს პრიორიტეტებს და დემოკრატიულ რეფორმებს განახორციელებსო. ამ თვალსაზრისით, დამდეგი 2010 წელი გადამწყვეტი იქნება, სააკაშვილის რეჟიმი ან ხალხისაკენ შემობრუნდება, ან ხალხისაგან იზოლაციაში მოექცევაო.
ეს ზურაბ ნოღაიდელი ბოლო დროს ისე ხშირად დადის გურიაში, რომ უკვე რაცხა „აბდალ“ განცხადებებს აცხობს. ახლა სოკრატე არც ადრე ბრძანდებოდა, მაგრამ... ახლაც, ამ კვირაშიც ჩავიდა ოზურგეთში და მერმე ერთი ამბავი ატეხეს, პოლიცია და უშიშროება ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერების სატრანსპორტო გადაადგილებას აფერხებდაო.
ვინ ვის რას უფერხებდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში ჩემი ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიქცია – „ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერებიო“. პარტაქტივისტები რომ თქვათ, წელი გაგიკავდებათ? ნოღაიდელის მხარდამჭერებიო. რა კაი სანახავი იქნება ის, ვინც ნოღაიდელს მხარს უჭერს და მასზე ამყარებს ივერიის გაბრწყინების იმედებს.
ახლა, ეს ცოდვა, სხვათა შორის, თვით მიშა სააკაშვილსაც ადევს კისერზე, როცა გაგვიპრემიერმინისტრა. თუ ვინმე მეტყვის, რა ქნას, არ ჰყავდა მაშინ სხვა არავინო. მე კიდევ ვეტყვი ჩვენს პრეზიდენტს - როცა არ გეყოლებათ სათანადო კადრი თანამდებობაზე დასანიშნად, თქვით „პუსტა-პუსტა“!
ისევ ეს პოლიტდომინო სჯობია იმგვარ ჭადრაკს, სადაც მარტო პაიკები კი არ ლაზიერდებიან, პირუკუ - ლაზიერები პაიკდებიან და მერმე იწყებენ აგანგალა-განგალას.
დავიღალეთ ჯერ გალაზიერებული და მერე ისევ გაპაიკებულების აგანგალა-განგალათი. ამას სჯობია „პუსტა-პუსტა“! ნოღაიდელის პრემიერმინისტრობას პუსტა-პუსტა არ სჯობს?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100