ლიტვის საგარეო უწყების მეთაური; „ნატოს ჩიკაგოს სამიტი საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება“
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი დარწმუნებულია, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტი საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება. ამის შესახებ მან 2 მარტს გრიგოლ ვაშაძესთან ვილნიუსში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ნატოს ჩიკაგოს სამიტი საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება ალიანსის წევრობისკენ მისი სწრაფვის კუთხით“, - განაცხადა აჟუბალისმა.
„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და ვამზადებთ ყველაზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და ფორმატს საქართველოსთვის, რომელიც ISAF-ის პროგრამაში ძალიან საიმედო და მნიშვნელოვანი მოთამაშეა. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. როცა ვამბობ „ჩვენი“, ვგულისხმობ ნატოს“, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ირანის საკითხთან დაკავშირებულმა სიტუაციამ დააჩქაროს საქართველოს ინტეგრირება ნატოში, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ ამ ორ თემას შორის კავშირს ვერ ხედავს:
„ირანის გარშემო შექმნილი სიტუაცია რეგიონალური წესრიგის საკითხია. რაც შეეხება ნატოს, ეს საქართველოს სტრატეგიული მიზანი გახლავთ. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომლისკენაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მივილტვით“.
შეხვედრის დროს აჟუბალისმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან მოლაპარაკებებში და ქართველ კოლეგას თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ მოლაპარაკების დაწყება მიულოცა. ლიტვის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად აჟუბალისმა ნატოს გაფართოება მიიჩნია, რაც ალიანსში საქართველოს ინტეგრაციასაც გულისხმობს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს გაფართოებას არამხოლოდ გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ კონკრეტულად, იმ ხალხის სასარგებლოდაც, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს ასრულებს, რათა ალიანსის წევრი გახდეს“, - განაცხადა აჟუბალისმა ერთობლივ ბრიფინგზე.
თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ დაამატა, რომ ნატო არამხოლოდ სამხედრო ალიანსი, არამედ „დემოკრატიულ ხალხთა კლუბიცაა“.
„ეს არის დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური ალიანსი, ამიტომაც საქართველო ისწრაფვის არამხოლოდ ნატოს მეშვეობით საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენი დემოკრატია უფრო ქმედითი გახდეს“, - დაამატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგის ბოლოს განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად, „ნატოს გაფართოებას ქვეყნებისთვის სტაბილურობა, დემოკრატია და ერთმანეთთან თანამშრომლობა მოაქვს“.
კომენტარი