„სანამ ანაკლიას და ლაზიკას დაანგრევ, უკეთესი სპიჩრაიტერი იქირავე, ბიძინა ბიძია!..“
ვინც არ იცის, მაგრამ სათაურმა დააინტერესა: სპიჩრაიტერი ინკოგნიტო მწერალია, რომლის ნააზრევი და იდეები გამოიყენება დამკვეთის მიერ საჯარო გამოსვლებისათვის. როგორც წესი, სპიჩრაიტერის მომსახურება ფასიანია და მას იყენებს თითქმის ყველა პოლიტიკოსი - დამწყებიც და სტაჟიანიც.
ქართულ პოლიტიკაში ქართულ პოლიტიკურ ოცნებებზე საავტორო უფლებების მქონე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ბევრს აწვალებდა და აწვალებს კითხვა: ჰყავს თუ არა ივანიშვილს სპიჩრაიტერი და თუ ჰყავს, რად არ ჰყავს ისეთი, ვინც კარგ ტექსტს დაუწერს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ივანიშვილი ტექსტებს ხან ქაღალდიდან, ხან კი სუფლიორის მეშვეობით კითხულობს. იქედან გამომდინარე, რომ ზოგჯერ მსგავსი სიტყვები ერთმანეთში ეშლება, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ სპიჩრაიტერი ნამდვილად ჰყავს.
თუ ამას დავუშვებთ, ისიც უნდა მოვაყოლოთ ამბავს, რომ ბიძინას სპიჩრაიტერი მისი ყველაზე დიდი მტერი გამოდის: პოლიტიკოსობაზე მეოცნებე მილიარდერის საჯარო გამოსვლები იმდენად ზედაპირული, კონტექსტიდან ამოვარდნილი, უღიმღამო და გამაღიზიანებელია, რომ დაძაბული, დაჭიმული ივანიშვილის ნახვა ტრიბუნასთან სიბრალულს უფრო იწვევს, ვიდრე პოლიტიკურ თანაგრძნობას.
თუ სპიჩრაიტერის ბრალი არაა და ბიძინა ივანიშვილის ახირება იყო, რომ მაგალითად, ოზურგეთის აქციაზე, გურულებთან საუბარი ფრანგი დეკარტეთი უნდა დაეწყო, თანაც, მისი ყველაზე გავრცელებული ფრაზით - „ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ“ - მაშინ უბრალოდ, ივანიშვილმა ჯერაც არ იცის, როგორ მიმართოს ხალხს, რომლის წიაღიდან წამოსულადაც მიიჩნევს თავს, სინამდვილეში კი ხალხი ისევე უცხოა მისთვის, როგორც პუტინისთვის მის სამშობლოდ მიჩნეული სოფელი მეტეხი...
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს და, როგორც ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, ამ ბოლო დროს უფრო უკეთ გამოსდის ხალხთან კონტაქტი, უშუალოდ ხალხისადმი მიმართვა (რა სასაცილო და ერთდროულად, შეურაცხმყოფელიცაა ივანიშვილისთვის, რომ ხალხისადმი მიმართვის დახვეწის გამო აქებენ). მართალია, საყვარელიძე ამბობს, სუფლიორები არ დამინახავს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უშუალოდ ხალხს მიმართავდაო, მაგრამ დამწყები ჟურნალისტი ან სულაც, დაკვირვებული ადამიანიც მიხვდებოდა, რომ ოზურგეთის მიტინგზე გამოსვლისას ივანიშვილმა სუფლიორი გამოიყენა.
„კაცმა რომ თქვას, მერე რა? სუფლიორი მიღებული ფორმაა“ - იტყვის ვიღაც და მართალიც იქნება, თუმცა, სუფლიორი კია მიღებული, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსვლას აპირებს, როცა ზეპირად მხოლოდ „გამარჯობა, გურულებო!“ და „საქართველოს გაუმარ-ჯოს!“ იტყვის, 8 წუთიან გამოსვლას კი წაიკითხავს, მთლად მისაღები და აღსაფრთოვანებელი არ უნდა იყოს...
არადა, სპიჩრაიტერი აშკარად ეცადა, ივანიშვილის სიტყვა გურულ რეალობას მორგებული და მასაზე გათვლილი ყოფილიყო: მასში, რა თქმა უნდა, ჩართო ნოდარ დუმბაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და გერონტი ქიქოძეც, ანეკდოტიც კი ჩაურთო - მერე რა, რომ ცოტა უკბილო... მაგრამ, როგორც საბა იტყოდა, „ამითი არაფერი გამოვიდა რა“, რადგან ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აკლდა ის, რასაც პოლიტიკაში მუხტს, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში კი მარილს ეტყვიან.
რა თქმა უნდა, სპიჩრაიტერის მთავარი დანიშნულება პოლიტიკური გზავნილებია და ასევე ის, რომ ეს გზავნილები მკაფიო, მარტივად აღსაქმელი და მიზანმიმართული იყოს. თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, ადვილად გავარკვევთ, რატომ ურჩევდნენ მიტინგის შემდეგ სოციალური ქსელების იუზერები (ზოგი გულწრფელად, ზოგიც დაცინვით) მილიარდერს უკეთესი სპიჩრაიტერის დაქირავებას: ნიშანდობლივია, რომ სამეგრელოში ჩასატარებლად დაანონსებული გრანდიოზული აქციის ფონზე ივანიშვილი საქართველოს ამ რეგიონსაც შეეხო, მაგრამ შეეხო ძალიან უტაქტოდ და მოუზომავად.
თავად განსაჯეთ: პოლიტიკოსი, რომელიც გურიაში გამოდის, საუბრობს ურეკის სანაპიროს უნიკალურობაზე, ამ დროს კი ირონიულად მოიხსენიებს ანაკლიას და მისი რეაბილიტაციისთვის დახარჯულ თანხას: „ანაკლია ხომ ააშენა და დაუმეგობრა იურმალას“ - ეს ფრაზა არა ზრდასრული და შემდგარი პოლიტიკოსის, თავნება ბავშვის აკვიატებას უფრო ჰგავს, რომელსაც არ მოსწონს, რომ მის გვერდით მოთამაშე ბავშვს უკეთ და მის გარეშე გამოსდის რაღაც კარგი და ლამაზი.
ანაკლიის შემდეგ ივანიშვილი ლაზიკას პროექტსაც შეეხო და გაკვირვებით იკითხა: „როგორ შეიძლება, ჭაობზე აშენებული ქალაქი საიმედო იყოს, ვინ ჩადებს მასში ინვესტიციებს?“, მერე კი შეაჯამა - ამდენი თანხის ანაკლიასა და ლაზიკაში ჩადებას არ სჯობს, ურეკი ავაშენოთ?.. რა თქმა უნდა, სამეგრელოში არცერთი გონიერი ადამიანი არ იქნება ურეკის აშენების და გაფართოების, იქ თანხისა და ინვესტიციების ჩადების წინააღმდეგი, მაგრამ ვერც იმათ გავამტყუნებთ, ვინც ივანიშვილის განცხადება მტკივნეულად აღიქვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მოარული ხმები - ივანიშვილს სამეგრელო გულზე არ ეხატებაო, მართალი ყოფილა.
„დასანგრევ მშვიდობის ხიდს და ქუთაისში პარლამენტის შენობას კიდევ ორი ობიექტი - ანაკლია და ლაზიკა შეემატა“ - ასე აღიქვეს ივანიშვილის გზავნილი სამეგრელოში და მილიარდერს, თუკი მაინც გადაწყვეტს და ერთხელ უკვე უკანმოუხედავად დატოვებულ სამეგრელოში ისევ ჩავა, დიდი ჯაფა დაადგება იმის დასამტკიცებლად, რომ სამეგრელომ მისი გზავნილი არასწორად გაიგო...
ივანიშვილის ლაფსუსები მხოლოდ პოლიტიკური კუთხით არ გამოვლენილა. მისმა სპიჩრაიტერმა თუ თავად ივანიშვილმა ვერც ის გაარჩიეს, ქართული წარმოების „ლაზიკა“ ტანკია თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ვინმემ, შესაძლოა თქვას - „მერე რა მოხდა, სამხედრო ტექნოლოგიაში ვერ ერკვევა“, მაგრამ საქმეც სწორედ ამაშია: პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელიც ხელისუფლერბაში მოსვლას აპირებს, ტანკსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას კი უნდა ასხვავებდეს ერთმანეთისგან.
ივანიშვილის პოლიტიკურ მარგალიტებს კიდევ ერთი დეტალი შეემატა: როცა მილიარდერმა დასვა რიტორიკული შეკითხვა: უჭერს თუ არა მხარს სინამდვილეში სააკაშვილს დასავლეთი და კერძოდ, აშშ, პასუხის გაცემაც თვითონ მოინდომა, მაგრამ ისეთი წიაღსვლები „ჩაახუჭუჭა“, რომ კაციშვილი ვერ გაიგებდა, რა სახით გასცა პასუხი ამ შეკითხვას: ესეც, პოლიტიკური დემაგოგიის ახალი საგაკვეთილო ნიმუში...
მაგრამ ივანიშვილის გამოსვლის გვირგვინი მაინც დამშვიდობება და მომავალი აქციის დაანონსება იყო: „მომდევნო აქცია სამცხე-თიანეთში გაიმართება, 1 ივლისს!“, - განაცხადა მან და ზოგიერთებმა სულ ტყუილად დაიწყეს ინტერნეტში საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის დასახელებათა ძებნა - რამე უჩვენოდ ხომ არ შეცვლილაო: ასეთი კუთხე საქართველოში, არც არსებობს და არც არასდროს არსებობდა. არადა, ივანიშვილს არაერთხელ წაუტრაბახია, მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილიო.
საინტერესოა, ბოლოს როდის იყო ბიძინა ივანიშვილი სამცხე-თიანეთში?...
კომენტარი