სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართველი" ლიტველები და ქართველი გულშემატკივრები ლიტვაში

არ არსებობს სპორტი გულშემატკივრის გარეშე და არ არსებობს გულშემატკივარი სპორტის გარეშე - ასევე არ არსებობს დიდი წარმატება საკუთარი ხალხის გვერდში დგომის გარეშე. ამის ნათელი და მშვენიერი მაგალითია საქართველოს ნაკრებისა და მისი ერთგული გულშემატკივრების ერთობლივი ბრძოლა ლიტვაში საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე.

როდესაც ხალხი და გუნდი ერთად არის, ამ დადებითი მუხტის მქონე ემოციური ენერგიის ადვილად შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ დღეს ვდგავართ ერთად - მთელი საქართველო, ამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი საპორტო ქალაქ კლაიპედაში და მშობლიური გუნდი.

ამ ჩვენთვის მეტად მეგობრული ქვეყნის ერთ მშვენიერ კუთხეში ეს დღეებია ქართული სული ტრიალებს: ქართული სპორტი, ქართული ცეკვა, ქართული სიმღერა, ქართული კულტურა, ქართული სამზარეულო, ქართული ტემპერამენტი, ქართული ხასიათი…

როგორც ყოველთვის, მხარში გვიდგანან ლიტველები – ეკრანზეც ჩანს და ტრიბუნებზეც იგრძნობა, რომ ლიტვაში ჩასულ ქართველებთან ერთად ლიტველებიც ქართველები არიან, როცა ჩვენი ნაკრების თამაშს ესწრებიან.

ეს არის უნიკალური შანსი ვაჩვენოთ ევროპას, რომ საქართველო ამ ცივილიზაციის განუყოფელი და ისტორიული ნაწილია - ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელი და გამოსაკვლევი მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიწა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში საბჭოური “წითელი ეშმაკი” იყო დაპატრონებული.

დღეს კლაიპედას ქუჩებში “თეთრ-წითელი” ზღვა ღელავს, ბობოქრობს და უამრავ უცხოელს აოცებს, თუ როგორი გულშემატკივრობა და ერთად დგომა შეგვძლებია ქართველებს.

ეს თავად ჩვენთვისაც ახალი, ჯერ კიდევ გაუკვალავი ბილიკია - პირველად მოხდა ისტორიაში, რომ კონტინენტურ ჩემპიონატზე გასულ ქართულ ნაკრებს ამ რაოდენობის გულშემატკივარი გაჰყვა და ამდენი დღეების განმავლობაში გვერდში უერთგულესად და გულიანად უდგას.

დღეს ჩვენ კიდევ ვსწავლობთ…ვსწავლობთ ერთიანობის განცდას, საკუთარი სახელმწიფოს განცდას, მხარდაჭერის ფასს, საკუთარი საუკეთესო თვისებების წარმოჩენის გზებს…ამიტომაც სასიხარულოა, რომ გაჩნდა შესაძლებლობა ამ ხალხის ლიტვაში წასვლისა და ამ დიდი და ლამაზი სპექტაკლის დადგმისა, რომელსაც ახალი საქართველო ჰქვია.

დამერწმუნეთ, ყოველ უცხოელს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ნახავს ამ ყოველივეს კლაიპედაში, საქართველოს შესახებ მხოლოდ დადებითი ემოციები გაჰყვება და ასევე მოუყვება სხვებს ამ ქვეყნის შესახებ.

წყარო: "პრესა.ჯი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100