სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შანსები აქვს რუსულ ოპოზიციას?

რა მდგომარეობაშია ამჟამად რუსული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი? საზოგადოების ის მწირი რაოდენობა, რომელიც ბედავს და რუსულ იმპერიულ მანქანას ეწინააღმდეგება, ბოლო ხანს მნიშვნელოვნად მოძლიერდა. მაგრამ საკმარისია, რომელიმე ორგანიზაციამ თუ პოლიტიკურმა პერსონამ პუტინის ძალაუფლებას გარკვეული საფრთხე შეუქმნას, რომ შავრაზმული მანქანა მაშინათვე უკიდურეს რეპრესიულ მეთოდებზე გადადის.

ვინც ყველაზე ხმამაღლა აფიქსირებს თავისი ოპოზიციური მიმართულების შესახებ, ბორის ნემცოვის პარტია „სოლიდარობაა“, რომელიც რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიულ სეგმენტზეა ორიენტირებული. მათ გვერდით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ინტერნეტ–ბლოგერები და მედიის მცირე ნაწილი უდგას. პუტინის სახელისუფლო მანქანა მთლიანად მის დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული. პარტიის ყველა შეკრება, მანიფესტაცია, მოთხოვნა აგორებული „შავი პიარითა“ გაფორმებული, რომელიც საბოლოოდ ლიდერის დაპატიმრებით დასრულდა. თუმცა, პოლიტიკურ ძალას მოქმედება არასდროს შეუწყვეტია.

საკმაოდ აქტიურები არიან დაპატიმრებული ხოდორკოვსკის მხარდამჭერი ძალები, რომლებიც სხვადასხვა სახელწოდების მოძრაობებში არიან გაერთიანებული. თუმცა, ბოლო დროს ეს მიმართულება შედარებით პასიური გახდა. დაპატიმრებული ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის მხარდამჭერები კრემლისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ და მათ მიერ მოწყობილი მცირერიცხოვანი მიტინგები, ძირითადად, პოლიციასთან რამდენიმეწუთიანი შეტაკების შემდეგ, ძალიან სწრაფად სრულდება.

„სოლიდარობას“ და ლიბერალ– დემოკრატიულ ინტელიგენციას გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. მათი მხარდამჭერი, მცირერიცხოვანი, მაგრამ მოაზროვნე ნაწილი რუსული საზოგადოების ერთ სეგმენტში სულ უფრო მეტად იმყარებს პოზიციებს. მათ ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ ნოვოდვორსკაია–ბოროვოის ტანდემის მსგავს დესიდენტობასთან, თუნდაც იმიტომ, რომ იდეოლოგიურად ხელისუფლებას მაინც ნაკლებად უპირისპირდებიან და აქცენტები უფრო სტრატეგიაზე გადააქვთ, მაგრამ რუსულ პოლიტკონიუნქტურაში ეს მაინც დიდი პროგრესია.

ოპოზიციის განვითარება სსრკ–ს დაშლის შემდეგ რუსეთში თავისებურად, ეტაპობრივად იცვლებოდა. დასავლეთის იმედი, რომ კრემლში რეფორმები სწრაფად განხორციელდებოდა, დღეისათვის ნაკლებად აქტუალურია. შესაბამისად, დაიბადება თუ არა ხელისუფლების კონკურენტი ლიდერი ოპოზიციური სპექტრიდან, ძნელი გამოსაცნობია.

ბორის ნემცოვის, უკვე ჩრდილში მდგარი ირინა ხაკამადას, ვალერია ნოვოდვორსკაიას, გარი კასპაროვის გვერდით ახალგაზრდული ორგანიზაციების მთელი წყება ჩნდება. მათი უმრავლესობა მკვეთრად რადიკალურია, თუმცა ესეც რუსული ტენდენციაა: წლების შემდეგ, ამ პარტიების და გაერთიანებების უმრავლესობა ხელისუფლებასთან ლოიალურ დამოკიდებულებას ამჯობინებს.

კურიოზულია, მაგრამ კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილ პარტიად კომუნისტური პარტიაც ითვლება, მაგრამ მათი შესაძლებლობები მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით მხარდამჭერი ჰყავთ. თუმცა, ისიც უკვე პროგრესია, რომ რუსეთში ბევრს ესმის, პუტინი „რუსეთის მამა“ რომ არ არის. ქვეყნის განვითარების ახალი კურსი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ერთნაირად ესმით. მაგრამ აღსანიშნავია ერთი საყურადღებო დეტალიც: არსებობს რუსი ემიგრანტების ნაწილი, რომელიც ირწმუნება, რომ რუსული ოპოზიციის უმარავლესობა მაინც თავად „კა–გე–ბე“–ს მიერ არის მართული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100