კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში
7 ივლისს, 12:00 საათზე, CSR კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჩოლოყაშვილის 3/5, ვაკის პარკის პირდაპირ, E 207 აუდიტორია) გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“, რომელზეც განხილული იქნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებული ქართული პრაქტიკა და გაიმართება დისკუსია აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩვენს ქვეყანაში. ასევე იქნება საერთაშორისო პრაქტიკის და გლობალურ CSR რუკაზე საქართველოს ადგილის მიმოხილვა.
ლექციას გაუძღვებიან და დამსწრე სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვლენ: არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ CSR მენეჯერი და გაეროს „გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი სალომე ზურაბიშვილი, „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი და „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის წევრი კახა მაღრაძე, „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია, „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური პასუხისმგელობის მენეჯერი და მარკეტინგის დირექტორის მოადგილე რუსუდან კბილაშვილი, კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციის მენეჯერი ნინო სურვამა და კომპანია „სუფთა სამყაროს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხატია ალფაიძე.
2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრას“ ინიციატივით დაფუძნდა „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს. კლუბის მისია მდგომარეობს საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კომენტარი