11 ივლისი: შოკოლადის დღე
დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული „დღესასწაული“ 1995 წელს ფრანგებმა შემოიღეს.
როგორც ცნობილია, შოკოლადი პირველად აცტეკებმა შექმნეს და ისინი ამ პროდუქტს „ღვთიურ საკვებს“ უწოდებდნენ. ევროპაში კი ეს ტკბილეული პირველად ესპანელებმა შეიტანეს და მას ენერგიისა და ძალების მოსაკრებად იღებდნენ. შოკოლადს „სიცოცხლის ელექსირს“ უწოდებდნენ.
ამ დროისათვის შოკოლადი ხელმისაწვდომი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენისთვის იყო. ქალბატონები კი თვლიდნენ, რომ შოკოლადი მამაკაცისადმი ლტოლვის გასაღვივებლად საუკეთესო საშუალება იყო. შოკოლადის ფართო წარმოება მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო და იგი ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის გახდა.
როგორც ცნობილია, შოკოლადი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც რელაქსაციასა და ფსიქოლოგიური განწყობის პოზიტივისკენ ცვლილებას იწვევს. მაგალითად შავი შოკოლადი ენდორფინის გამონთავისუფლებას უწყობს ხელს. ენდორფინს კი „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. ეს ჰორმონი ადამიანის პოზიტიურ განწყობასა და ბედნიერებას უზრუნველყოფს.
ასევე არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც შოკოლადი ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს. ერთადერთი საკითხი კი, რომელსაც მეცნიერები ერთხმად ეთანხმებიან გახლავთ ის, რომ შოკოლადი კალორიებით არის გაჯერებული და ორგანიზმის წონის მატებას უწყობს ხელს.
კომენტარი