სტროს -კანის მსხვერპლი ქალბატონი ყოველ დღე ტირის
გვინეელი ქალბატონი, ნიუ-იორკში მდებარე სასტუმროს, Sofitel - ის დამლაგებელი ნაფისატუ დიალო, დომენიკ სტროს კანის წინააღმდეგ მორიგ განცხადებებს მედიით ავრცელებს. ქალბატონი, ვისზე თავდასხმასა და სექსუალურ ძალადობას საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის კარიერა და რეპუტაცია შეეწირა, ირწმუნება, რომ ის და მისი ქალიშვილი ყოველ დღე ტირიან. არ მსურს, ის რაც მე გადამხდა, სხვა ქალბატონსაც დაემართოს - ამბობს დიალო და სამართლიანობისათვის ბრძოლის აქტიურად გაგრძელებას აპირებს.
დამლაგებლის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა ყოფილი მაღალჩინოსანი, ამ საქმიდან „იოლად გამოძვრეს“ და საქმე სასამართლომდე აღარ მივიდეს. ევროპულ მედიაში კი ჩნდება ინფორმაციები, რომ გვინეელმა ემიგრანტმა, დაკითხვისას, ბევრი რამ მოიტყუა და სტროს-კანისათვის ფულის გამოძალვასაც გეგმავდა. ასევე, ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ, თავის დროზე, აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად, დიალომ ფალსიფიცირებული ისტორია შეთხზა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის გვინეაში ჯგუფურად გააუპატიურეს.
ადვოკატების თქმით, ქალბატონის საუბრებში აღმოჩენილი უზუსტობები, მისი ინგლისურის ცუდი ცოდნითაა განპირობებული. დამლაგებელი ინგლისურად მკვეთრი გვინეური აქცენტით საუბრობს. საქმეში გაჩნდა ახალი დეტალებიც, საიდანაც გაირკვა, რომ დიალოს კრიმინალთანაც ჰქონია კავშირი: მარიხუანას მსხვილი პარტიის შენახვისათვის, მისი მეგობარი ციხეში იმყოფება. სასტუმროს თანამშრომელი ყველა ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, მათ სტროს-კანის მიერ გავრცელებულ ჭორებს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილი ჩინოვნიკი კვლავ ციხეში დაბრუნდეს.
თავად სტროს-კანი ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის. მას საჯაროდ არასდროს მოუყოლია, თუ რა მოხდა რეალურად სასტუმროს ნომერში. მისი ადვოკატები კი, ექს-მაღალჩინოსნისა და პოლიტიკოსის მისამართით გამოთქმულ ყველა ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ.
კომენტარი