სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტიტანიკის“ სულმდაბალი მგზავრები, რომლებიც კატასტროფის დროს საშინლად მოიქცნენ - ის, რაზეც აქამდე არავინ საუბრობდა

როდესაც ვინმე „ტიტანიკზე“ საუბრობს, ყველას პირველ რიგში ჯეიმს ქემერონის ოსკაროსანი ფილმი ახსენდება, ჯეკისა და როუზის ტრაგიკული სასიყვარულო ურთიერთობა, მგზავრების გმირული ქმედებები, როდესაც ქალებსა და ბავშვებს უთმობენ ნავებს, რათა ისინი გადაარჩინონ. თუმცა, რეალურ ისტორიაში ჩაძირულ გემზე იყვნენ მგზავრები, რომლებიც სულმდაბლად მოიქცნენ, რათა თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ. მართალია, ექსტრემალურ სიტუაციაში ყველას არ შეუძლია გმირობაზე იფიქროს, როცა საქმე თვითგადარჩენას ეხება, თუმცა, ეს ადამიანები სხვებზე გაცილებით შეყვარებულები აღმოჩნდნენ საკუთარ თავებზე.

ბიშოპ დიკინსონი

დიკინსონმა ნაპირზე გამოსვლის შემდეგ უამბო ყველას, რომ ცოცხალი მხოლოდ შემთხვევით გადარჩა. მან დააჯერა ხალხი, სხვების ევაკუირებით იყო დაკავებული, რა დროსაც ვიღაცამ უკნიდან ხელი ჰკრა და სამაშველო ნავზე გადავარდა, საიდანაც გემზე ვეღარ დაბრუნდა.

მასაბუმი ჰოზონო

ის მგზავრებს შორის ერთადერთი იაპონელი იყო. მასაბუმი აპირებდა ხალხის გადარჩენას, როგორც ნამდვილი სამურაი, თუმცა, როცა დაინახა გემი შუაზე იყოფოდა, სასწრაფოდ ჩახტა ნავში და სხვისი ადგილი დაიკავა. ეს ამბავი ნაპირზე გამოსვლისთანავე გავრცელდა, რის გამოც ჰოზონო ქვეყნის სირცხვილად შერაცხეს და სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

დენიელ ბაკლინი

ეს მამაკაცი ძალიან მარტივად გამოვიდა რთული სიტუაციიდან - მან დიდი შალის მოსახვევი წამოიფარა და თავი ქალად მოაჩვენა ყველას. როდესაც ნავზე ავიდა, მოსახვევი მოსძვრა და ყველამ დაინახა, რომ იქ კაცი იჯდა. ოფიცრები მივიდნენ მასთან და მოსთხოვეს ნავის დატოვება, რადგან ის ადგილი მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. დენიელი ატირებული წამოდგა, მის დანახვაზე ერთ-ერთ მსხდომთაგან ქალს შეეცოდა, ჩუმად დასვა და თავისი მოსახვევი გადააფარა ისე, რომ ოფიცრებს არ დაენახათ.

უილიამ კარტერი

როდესაც მან აისბერგთან შეჯახების ამბავი შეიტყო, შეშინებული შევიდა იმ კაიუტაში, სადაც ოჯახი ჰყავდა, უთხრა, რომ სასწრაფოდ ჩაეცვათ სამოსი და შემდეგ ისე გაიქცა იქედან, რომ ოჯახს აღარ დალოდებია, ჩუმად ჩაჯდა ნავში და გაცურა ნაპირისკენ. მისი ოჯახის წევრები მოგვიანებით, თუმცა ცოცხლები დაუბრუნდნენ ნაპირს. კარტერმა რომ დაინახა ისინი, ირონიულად ჰკითხა დაგვიანების მიზეზი და უსაყვედურა, რომ საუზმეს ვერ ჩამოუსწრეს.

ბრიუს ისმეი

ბრიუსი „ტიტანიკის“ მფლობელი იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ისე ეჩქარებოდა დანიშნულების ადგილზე მისვლა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე სიჩქარის გაზრდის ბრძანება გასცა. რომ არა მაღალი სიჩქარე, გემი აისბერგს ასცდებოდა. იმასაც ამბობენ, რომ გამგზავრებამდე ხარჯის ეკონომიის მიზნით მან სამაშველო ნავების სრული რაოდენობა არ შეიძინა. კატასტროფის შემდეგ კი ცალკე სამაშველო ნავი მოითხოვა, რათა ნაპირზე ცოცხალი დაბრუნებულიყო. ის ამ დროს ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

სერ კოსმო დაფ გორდონი

ის მდიდარი ადამიანი იყო, რომელმაც სხვა დიდგვაროვან მგზავრებთან ერთად ცალკე სამაშველო ნავი მოითხოვა თანხის სანაცვლოდ. როგორც შემდეგ გაიკრვა, მათ თითო ადამიანზე 5 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

ჰენრი უილიამ ფაუენტარი

კატასტროფის შემდეგ ჰენრის პანიკის შეტევა ჰქონდა. სიკვდილის ისე შეეშინდა, რომ გემიდან სამაშველო ნავში ჩახტა, რომელიც უკვე წყალში იყო ჩაშვებული. მას გაუმართლა იმ ადამიანისგან განსხვავებით, ვისაც დაეცა - ერთ-ერთ მგზავრს ჰენრის დაცემის შედეგად ნეკნები ჩაემტვრა.

„ტიტანიკის“ ჩაძირვის მხოლოდ სხვების გადარჩენით დაკავებული მამაცი ადამიანები არ დაღუპულან. გარდაცვლილებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეშინებულნი ხტებოდნენ წყალში, ასევე იყვნენ ისინი, რომლებიც ნავში ჩაჯდომის სურვილით სხვების რიგს იკავებდნენ, ამის გამო რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და შემთხვევით გადაცვივდნენ გემიდან.

„ტიტანიკი“ 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძრა. ტრაგედიას 1517 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100