სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლუდის აქციზის საკითხზე ბიზნესთან შეხვედრა პრემიერის დღის წესრიგშია”

ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრაზე, პრობლემური საკითხების ირგვლივაც იყო საუბარი.

"პრობლეური საკითხები რა თქმა უნდა იყო, იყო საუბარი აქციზზე, ლუდის მაქვს მხედველობაში, საუბარი არაალკოჰოლური სასმელების მარკირებაზე, პრემიერის დღის წესრიგში ეს უკვე არის, შეხვედრა კოლეგებთან", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა გადაცემა "ბიზნესკონტაქტში"

მეწარმეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც დაზარალდა ინდუსტრია. მათივე განცხადებით, სახელმწიფოს როლი, უნდა იყოს ბიზნესისთვის წამახალისებელი ფუნქციის მქონე და არა სადამსჯელო..

ლუდზე აქციზური განაკვეთის გაზრდას მეწარმეების მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პროტესტი. "არ გამიძვირო ლუდი" - სწორედ ამ სახელის კამპანიით, საზოგადოება განაკვეთის 50 პროცენტიან ზრდას ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, დასული წლის 1 მარტიდან ლუდის აქციზის განაკვეთი გაიზარდა. დღეს კი მეწარმეები შემცირებულ რეალიზაციაზე საუბრობენ.

კომპანია ნატახტარის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი "აიპრესთან" საუბრისას კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებს, მისი თქმით, ინდუსტრიის მასშტაბით 15 პროცენტიანი ვარდნა ფიქსირდება. ლუდზე აქციზური განაკვეთის გაზრდას ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირთან ვალდებულებით ხსნიდნენ. თუმცა, დღეს მთავრობაში აღნიშნული რეგულაციის გადახედვაზეც საუბრობენ.

ბიზნესომბუდსმენი, გიორგი გახარია აღნიშნავდა, რომ ლუდზე აქციზის მატება, შესაძლოა, გადაიხედოს. მისი განცხადებით, ფისკალური ეფექტისა და გაყიდვების მაჩვენებლის დათვლის შემდგომ, შესაძლოა ლუდის აქციზის ხელახლა გადახედვა მოხდეს.

"ლუდის აქციზზე თემა დახურული არ არის. სეზონურობის თემა როგორც კი გადავა, ჩვენ ვნახავთ გაყიდვებს და საბიუჯეტო შემოსავლებს. თუ დავინახეთ, რომ აქციზის 50%-იანმა ზრდამ იქონია უკუშედეგი და შეამცირა როგორც გაყიდვები ასევე საბიუჯეტო შემოსავლები, მერწმუნეთ, რომ ჩვენ კომპანიების გვერდით ვიქნებით მოთხოვნით, რომ ლუდის აქციზი ხელახლა არის გადასახედი. ჩვენ გვჭირდება რიცხვები, უნდა ვნახოთ რა ეფექტი ჰქონდა ამას ბიზნესზე და ბიუჯეტზე. პირველადი მონაცემები გვაქვს და არც თუ ისე სახარბიელო. არის იქ გარკვეული პრობლემები და ვფიქრობ გარკვეული ქმედებების განხორციელება მოგვიწევს", - აცხადებდა გიორგი გახარია.

"2015 წლის 1-ლი მარტიდან მოხდა ლუდის აქციზის განაკვეთის 50%-იანი გაძვირება. დასაწყისშივე ვამბობდით, რომ ეს მძიმე შედეგი იქნებოდა ბიზნესისათვის და, სამწუხაროდ, შედეგმაც არ დააყოვნა. 1 მარტიდან 1 იანვრამდე, 2015 წელს, შემცირდა დაახლოებით 17%-ით 2014 წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით. თუმცა, წლის ჭრილში, 2014-სა და 2015 წელს რომ ვადარებთ, ეს არის მინუს 15%. აქციზთან ერთად, ჩვენზე იმოქმედა ლარის კურსმა, მყიდველუნარიანობის დავარდნამ და ზოგადად, ეკონომიკურმა ფონმა. სწორედ აქ ვხედავთ სახელმწიფოს როლს, რომელმაც ინდუსტრიის სტიმულირება უნდა მოახდინოს და გადახედოს არასწორად მიღებულ გადაწყვეტილებას. არასწორ გადაწყვეტილებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში, აქციზის გაძვირებამდე 2-ჯერ მეტი გადასახადი იყო, ვიდრე გერმანიაში, გაზრდის მომენტში კი პრაქტიკულად 3-ჯერ უფრო მაღალი იყო”- მიაჩნია ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს.

გარდა ამისა, „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი მთავრობას თხოვნით მიმართავს, რომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და ეს მოახდინოს აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად:

რა არის აქციზის ჰარმონიზაცია - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს, რომ ჩვენ 2017 წლის 1 სექტემბრიდან გადავიდეთ ევროპულ მოდელზე, ანუ აქციზის გადასახადი განისაზღვროს ალკოჰოლის შემცველობით და არა ლიტრაჟით. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევა, როცა ინდუსტრია სთხოვს მთავრობას, რომ უფრო სწრაფად აამოქმედეოს ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა, ვიდრე ვადაშია გაწერილი, მაგალითად, 2016 წლის 1 მარტიდან, ანუ წელიწად ნახევრით ადრე. რას მოგვცემს ეს - იმ შემთხვევაში, თუ ჰარმონიზებასთან ერთად გადაიხედება აქციზის განაკვეთი, ჩვენი შეთავაზება არის, რომ ერთ გრადუსზე განისაზღვროს 10 თეთრი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადრატულ ლუდზე აქციზი გახდება 50 თეთრი , ნაცვლად 60 თეთრისა , ხოლო მაღალალკოჰოლურ ლუდზე უფრო გაიზრდება,ანუ, როგორც მენავთობეები იტყვიან ხოლმე, აქციზის გადასახადი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რადგან სტანდარტული ლუდს ბაზარზე უმეტესი წილი უჭირავს, ვიდრე არასტანდარტულს, ანუ მაღალალკოჰოლურს, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ლუდის ინდუსტრიამ მიიღოს შეღავათი. შეღავათი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ბაზარს, ანუ 15%-იანი წლის ჭრილში დაკარგულ ბაზარს დავიბრუნებთ ნახევრით მაინც. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, იმისათის, რომ ხელი შევუწყოთ ინდუსტრიას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორედ აქ ვხედავ სახელმწიფო როლს, როდესაც ეკონომიკური არასახარბიელო მდგომარეობაა, ხელისუფლებას პჰონდეს წამახალისებელი ფუნქცია და არა სადამსჯელო. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ უკვე შევთავაზეთ პრემიერ-მინისტრს აქციზის გადახედვის საკითხი, ხოლო ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე კი კონკრეტული წინადადება გავაჟღერეთ: იმ შემთხვევაში თუ 2006 წელს შემცირებული აქციზის პირობებში ბიუჯეტი უფრო ნაკლებს მიიღებს, ვიდრე 2015 წელს, ჩვენ მზად ვართ ამ შესაძლო განსხვავების ღირებულების ნებისმიერი ბიზნეს და/ან სოციალური პოროექტის დაფინანსების ვალდებულება ავიღოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ აქციზის გადასახადი გადაიხედება და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგა უკვე პრაქტიკაში განხორციელდება ლუდის ინდუსტრიის მაგალითზე“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100