Facebook-ის ადმინისტრაციასთან შეხვედრა პროკურატურას სურს
როგორც ჩანს, Facebook თანდათან დიდ ჯაშუშურ მანქანას ემსგავსება. კონეკტიკუტის შტატის გენერალური პროკურორი, მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, პროკურორს Facebook-ის ადმინისტრაციასთან, სოციალურ ქსელში ჩართულ ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით სურს კონსულტაცია.
მარკ ცუკერბერგმა და „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ გადაწყვიტეს, სოციალურ ქსელს კიდევ ერთი ფუნქცია შემატონ. საქმე ეხება, ფოტოსურათებზე ადამიანების ამოცნობისა და ავტომატურად მონიშვნის სერვისს. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური ქსელის მომხმარებელი საკუთარ სურათზე მეგობარს ერთხელ მაინც მონიშნავს, სისტემა, იმავე ადამიანს სხვა სურათზე გამოჩენის შემთხვევაშიც ამოიცნობს და შესაბამის ოპერაციას ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელი ამ ქმედებას მომხმარებლის დაუკითხავად ატარებს და ფოტოები ხელმისაწვდომი ყველასათვის ხდება.
კონეკტიკუტის შტატის პროკურორი, Facebook-ში აღნიშნული ფუნქციის დამატების გამო აღშფოთებულია და აცხადებს, რომ ადმინისტრაცია ადამიანის უფლებებს არღვევს. სოციალური ქსელის ადმინისტრაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროსაბჭომაც გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ Facebook მარკ ცუკერბერგმა დააარსა. მან თავისი პროდუქტი, მსოფლიო ქსელში 2004 წლის 4 თებერვალს გაუშვა, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც იხილა Phillips Exeter Academy - ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო. ამ სახელმძღვანელოს პირწიგნაკი ერქვა, საიდანაც შემდგომში მისმა შექმნილმა სოციალურმა საიტმა მიიღო სახელწოდება Facebook. პირველი პირწიგნაკი მან ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა, რისთვისაც მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და ამის გამო მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა.
ჰარვარდის სტუდენტების მოთხოვნით, მარკმა ისევ აღადგინა ეს სერვისი და ცოტა ხანში თითქმის სტუდენტდების ნახევარი დარეგისტრირდა. მათ, ამ საიტზე ჯგუფების თვითორგანიზებაც შეეძლოთ და თანდათან ეს საიტი პოპულარული ხდებოდა სტუდენტებში. რამდენიმე თვეში, მარკს ანალოგიური საიტის შექმნის თხოვნით მიმართეს სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებიდან.
ცუკერბერგმა გადაწყვიტა, დასახმარებლად მიემართა თავისი მეგობრისთვის დასტინ მოსკოვიჩისთვის, რომელთანაც ჰარვარდში, ერთ ოთახში ცხოვრობდა. მარკ ცუკერბერგი ყველაზე ახალგაზრდა ბიზნესმენია, რომელიც ფორბსის 2010 წლის მონაცემებით $4 მილიარდის მფლობელია.
კომენტარი