ეპილოგი ბრმის დღიურიდან: ვკვდები, ხვალ ჩემთვის პირველად ამოვა მზე...
ეკლესიიდან ყრუდ გამომავალ მღვდლის ქადაგებას
"მოითხოვეთ და მოგეცემათ-ს" კიდევ უფრო ახშობდა
ღობესთან მდგარი ბრმა ბიჭის სიმღერა:
"მე მინდა გიყურო მაგ ლამაზ თვალებში".
***
რაც დრო გადიოდა
უფროდაუფრო აგვიანებდა
გაზეთების მოტანას მოხუცი ფოსტალიონი,
ცხარობდა ბაბუ.
ერთ დღესაც ძალიან დაწყვიტა გული დროულად მოტანილმა გაზეთმა...
***
(ბავშვობის მეგობრებს)
კაკუნის ხმამ გამაღვიძა,
წამოვდექი, შარვალი ამოვიცვი, კარები გავაღე და...
მესმოდა კიბეებზე კისრისტეხით როგორ ჩარბოდნენ ჩვენი ბავშვობის აჩრდილები.
***
გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ,
დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა.
***
მათ რომ იცოდნენ
ჩვენი სიყვარულის ისტორია,
მთელი სამყარო ჩვენს გარშემო ილიტანიებდა.
***
ეპილოგი ბრმის დღიურიდან:
ვკვდები,
ხვალ ჩემთვის პირველად ამოვა მზე...
***
(ქეთის)
შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ,
უფროდაუფრო ვრწმუნდები იმაში,
რომ ცა ვიღაცამ ვადაგასული საღებავით შეღება...
***
ყოველი შეხვედრის ბოლოს შენ მემშვიდობებოდი,
მემშვიდობებოდი სიტყვებით:
"მიყვარხარ, დროებით",
მე კიდევ მხოლოდ დღეს მივხვდი,
რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი...
***
ყველაზე იღბლიანი უიღბლო გამოვდექი,
შენ რომ გაგიცანი და
შენ რომ მეძავი ხარ.
.
წამოდი ბეატრის,
ავიდეთ იმ ცათამბჯენის სახურავზე,
სადაც თებერვლის სუსხიან ღამეს,
მე მოგატყუე,
და დაგარწმუნე იმაში,
რომ ბედნიერება სულაც არ ჰგავდა დღენახევრიან პეპელას...
***
მათხოვრის ფეხი-
ყველა ზომის ფეხსაცმელს ირგებს.
***
მზის ამოსვლა-
შენი გაღვიძების რეზონანსი.
***
ჩვენ ორნი -
უნაშთოდ ვიყოფთ ერთ საწოლს.
კომენტარი