მოსკოვში „ედინაია როსიას“ ყველაზე მეტი ხმა ერთ-ერთმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ მისცა
როგორც ვებ-გვერდი echo.msk.ru იტყობინება, მოსკოვის გილიაროვსკის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში დედაქალაქის მასშტაბით მმართველი პარტიისთვის მიცემული ხმების რეკორდული მაჩვენებელი - 93% დაფიქსირდა.
„ედინოროსებისადმი“ სრული სოლიდარობა და აბსოლუტური მხარდაჭერა - 100% „გამოავლინეს“ ტუვაში, ხოლო რესპუბლიკა, რომელსაც რამზან კადიროვი ხელმძღვანელობს, მას სულ ცოტათი ჩამორჩა: ჩეჩნეთში „ედინაია როსია“ ამომრჩეველთა 99,02 %-მა შემოხაზა. ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, სადაც მოსახლეობა „საპრეზიდენტო“ არჩევნებში კრემლის ჩარევით უკმაყოფილოა, მაინც „ედინოროსების“ ერთგული დარჩნენ: აქ რუსეთის მმართველმა პარტიამ ხმების 83 პროცენტზე მეტი აიღო.
მოსკოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში დაფიქსირებულმა მაჩვენებელმა რუსულ ინტერნეტსივრცეს კიდევ ერთხელ მისცა სკანდალური კლიპის: „ჩვენი საგიჟეთი ირჩევს პუტინს“ გახსენების საშუალება, სადაც ასეთი სიტყვები ისმის: «Все так сложно, все так запутанно, но разбираться некогда, брат. Наш дурдом голосует за Путина, наш дурдом будет Путину рад»...
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, "ედინაია როსიამ", რომელსაც 2007 წლის არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა სათათბიროში, მანდატები დაკარგა და საბოლოოდ ხმების 50%-ს ვერ ასცდა. მეორე ადგილზე რუსეთის კომუნისტური პარტია (20%), ხოლო მესამეზე ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია გავიდა.
კომენტარი