სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მძღოლის ინფარქტის შემდეგ უმართავი ავტობუსი 13 წლის ბიჭმა გააჩერა (ვიდეო)

ამაღელვებელი ისტორია ბედნიერი დასასრულით: სასკოლო ავტობუსს 12 ბავშვი გადაჰყავდა და დიდი სიჩქარით მოძრაობდა, როცა მოულოდნელად, მძღოლს ინფარქტი დაემართა და გონება დაკარგა. ყველაზე ადრე გონს 13 წლის ჯერემი მოეგო, რომელმაც მძღოლის სახე სარკეში დაინახა, წამებში წამოხტა სავარძლიდან, საჭეს მივარდა, ავტობუსი გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე გადაიყვანა და ძრავა გამორთო.

ამის შემდეგ მას კიდევ ერთი კლასელი - ჯონი დაეხმარა და ბიჭები გონდაკარგულ მძღოლს ექიმების მოსვლამდე გულის არაპირდაპირ მასაჟს უკეთებდნენ. რომ არა ჯერემის სწრაფი რეაქცია, ბავშვების თქმით, ავტობუსი ეკლესიის ეზოში შეიჭრებოდა, სადაც ასევე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ.

„იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სიკვდილი არ მინდოდა. არც კი მახსოვს, რა თანმიმდევრობით ვმოქმედებდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ სწორად მოვქცეულვარ“, - უთხრა ჯერემმა ჟურნალისტებს.

იმ სკოლის დირექტორმა, სადაც ბავშვები სწავლობენ, განაცხადა, რომ სკოლის კურსებში შეტანილია სპეციალური მეთოდი, რომლის მიხედვითაც მოზარდებს უსფრთხოების წესებს ასწავლიან და ამ მეთოდებში შედის ისიც, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მოსწავლეებმა, თუკი უცაბედად გონებას დაკარგავს მძღოლი, რომელიც ავტობუსს მართავს. სკოლის დირექტორმა ჯერემის მოქმედებას „სწორი და მისაბაძი“ უწოდა.

ვიდეო: CBS News-ის სიუჟეტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100