„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი რეგიონში მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს
პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს.
როგორც მან ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
“ჩემი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, უკვე გვაქვს 4-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდება და შესაბამისად, ის პრობლემებიც გადაიჭრება, რომელიც დღეს ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს”, - აღნიშნა გოგიამ.
პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.
კომენტარი