პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან ერთად იწყებს
15 ოქტომბერს, 13:00 საათზე მედიაციის სახლში (მის: ც. დადიანის ქ. 34) ეროვნულ კინოცენტრსა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს დანაშაულის პრევენციის ცენტთან ერთად დაიწყებს.
პროექტი გულისხმობს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარების, მათ შორის დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნებისთვის კინოჩვენებების მოწყობას. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სულ 10 კინოჩვენება, რომელსაც 25 მოსწავლე დაესწრება, ჩვენებების შემდეგ კი ისინი ტრადიციულად დისკუსიებში ჩაერთვებიან.
კინოჩვენებები 16 ოქტომბრიდან დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრებს გაუძღვება კინომცოდნე ნინო მხეიძე, ტექნიკურ მხარდაჭერას კი დანაშაულის პრევენციის ცენტრი უზრუნველყოფს. ბავშვთა უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ჩვენებები მედიისთვის დახურული იქნება. კინოჩვენებების პროგრამა კინომცოდნეების, ფსიქოლოგების, განათლების ექსპერტების დახმარებით შეირჩა და იგი ითვალისწინებს მოზარდებისთვის როგორც კლასიკური ნამუშევრების, ასევე წარმატებული თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებას. დისკუსიები კი მოზარდების კინოგანათლებას და კრიტიკული აზოვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ამოცანაა მოზარდების ენერგიისა და პოტენციალის მიმართვა სასარგებლო აქტივობებისკენ. ცენტრში შემავალი „მედიაციის სახლი“ განსაკუთრებულ აქცენტს დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე აკეთებს. კინოჩენებებს, სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეებიც დაესწრებიან. კინოცენტრი და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი, მემორანდუმის ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
პროექტი „კინო სკოლაში“ შექმნის დღიდან მუდმივად სიახლეებს სთავაზობდა საზოგადოებას. მისი საპილოტე ვერსია ეროვნულმა კინოცენტრმა პირველად 2 წლის წინ დაიწყო. რამდენიმე თვეში მან საქართველოს მასშტაბით 200 სკოლა მოიცვა, მათ შორის 90 სოფელი. ივლისის თვეში კი პროექტის საზაფხულო ვერსია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კინოჩვენებები საქართველოს საზღვრისპირა და ძნელადმისადგომ სოფლებში 2 კვირის მანძილზე ყოველდღიურად ტარდებოდა.
პროექტი ტრადიციულად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით ხორციელდება.
კომენტარი