სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი იქნება საქართველოს ახალი კონსტიტუცია?

საკონსტუტიციო კომისიამ კონსტუტუციის ახალ ვარიანტზე მუშაობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე დაასრულა. ივლისში თბილისში ელიან ვენეციის კომისიის წევრების ჩამოსვლას, ეს ვარიანტი მათ უნდა განიხილონ, ივლისის შუა რიცხვებში საბოლოო ტექსტის შემაჯამებელი კენჭისყრა გაიმართება და ახალი ტექსტი შემოდგომაზე პარლამენტს გადაეცემა განსახილველად. ზაფხულში აუცილებელი პროცედურაა ამ ტექსტის გამოქვეყნება და მასზე საჯარო განხილვების მოწყობა.

კონსტუტუციის იმ ვარიანტს, რომელიც კენჭისყრაზე გავიდა და ხმების უმრავლესობა მიიღო, პირობითად უწოდებენ დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტს. კენჭისყრაზე კიდევ ორი პროექტი იყო გატანილი, მათ შესახებ ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.

„დრონი. ჯი“ დაინტერესდა კონსტიტუციის ამ ახალ ვარიანტში რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელიც დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, თენგიზ შარმანაშვილი ამ ვარიანტის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ მასში ჩადებულია ყველა პირობა საიმისოდ, რომ საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ტოტალიტარიზმისაკენ გადახრა.

შარმანაშვილის განცხადებით, 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ იყო ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების შეფასებები, რომ ძალაუფლების კონცენტრაციამ თავი მოიყარა პრეზიდენტის ინსტიტუტში. დაირღვა ძალთა შორის ბალანსი და წონასწორობოს მექანიზმი, კომისიისა და კერძოდ, კი ამ ვარიანტის ავტორთა ამოცანა იყო წონასწორობის მექანიზმის აღდგენა კონსტიტუციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ და იურისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ვარიანტით უნდა მომხდარიყო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პრეზიდენტის დისტანცირება, ძირითადი ურთიერთობები წარიმართებოდა პარლამენტსა და მთავრობას შორის, პრეზიდენტი კი არბიტრის როლს შეასრულებდა კრიზისული მომენტების დადგომის პირობებში.

დემეტრაშვილ-შარმანაშვილის ვარიანტით, რომელიც უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, პრეზიდენტი პირდაპირი და საყოველთაო კენჭისყრით ირჩევა, ის არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, მართალია ხაზგასმით მასში ეს არ წერია, მაგრამ მთელ რიგ მუხლებში იგულისხმება, რომ პრეზიდენტია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მის დაქვემდებარებაშია მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც პარლამენტში დასამტკიცებლად პრეზიდენტს შეაქვს და ამ კანდიდატურის არგაზიარების შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის უფლებაც აქვს, პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაშია სამი ძალოვანი მინისტრი: იუსტიციის, შსს და თავდაცვის მინისტრები.

მთავრობას არ ჰქონდა უფლება პირდაპირ შეეტანა ბიუჯეტი პარლამენტში პრეზიდენტის თანხმობის გარეშე. დღევანდელი ვარიანტით პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურ მონაწილეობას იღებს მთავრობის ფორმირებაში, მას არ აქვს უფლება თავისი მოწონებული კანდიდატურები წარუდგინოს პარლამენტს.

„ჩვენი მოდელით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის პოლიტიკური პარტია ან ბლოკი, რომელიც საუკეთესო მაჩვენებლით იქნება, შესთავაზებს პრეზიდენტს პრემიერის კანდიდატურას, პრეზიდენტს არ შეუძლია დაბლოკოს ეს კანდიდატურა. თუ ეს კანდიდატურა არ იქნება მოწონებული პარლამენტის მიერ, პარლამენტს საშუალება აქვს მეორე კანდიდატურა წარადგინოს. თუ კიდევ ვერ შეძლებს კანდიდატურის წარმოდგენას, ეს ნიშნავს რომ ეს პარლამენტი უუნაროა და პრეზიდენტი მას დაითხოვს და ახალ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებს. პრემიერ-მინისტრი შეარჩევს მინისტრებს და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. ამ პროცედურას პრეზიდენტს არ უთანხმებს“ - განმარტავს შარმანაშვილი.

ბიუჯეტთან დაკავშირებითაც პრეზიდენტს მის ფორმირებასთან არაფერი ესაქმება. ეს ურთიერთობები პარლამენტსა და მთავრობას შორის ვლინდება. თუ ბიუჯეტი დაიწუნა პარლამენტმა, ეს არ ნიშნავს მის დათხოვნას, ამ შემთხვევაში მთავრობა იხელმძღვანელებს წინა წლის ხარჯვითი ნაწილის პარამეტრებით.
ახალი ვარიანტით პრეზიდენტი დამოუკიდებლად ვერ წარმართავს საგარეო ურთიერთობებს. სამიტებს დაესწრება, ხელშეკრულებებსაც მოაწერს ხელს, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პრემიერთან შეთანხმების გარეშე ვერ განახორციელებს. ნებისმიერი აქტი, რომელსაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს, პრემიერის ხელმოწერილიც უნდა იყოს, ისე ძალაში ვერ შევა, გარდა ამისა, პრემიერი ნიშნავს ელჩებს.

თუმცა ამ შეზღუდვების მიუხედავად არის ფუნქციები, რომელშიც პრეზიდენტს მოცილე არ ეყოლება და ეს არის უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია, საომარი ან საგანგებო ვითარების გამოცხადების დროს და მისი განხორციელების მომენტში პრეზიდენტს წარმმართველი როლი აქვს მინიჭებული. ეს არ არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. შარმანაშვილის განმარტებით, უცხოელი ექსპერტები საკონსტიტუციო კომისიას სთხოვდნენ მხედველობაში მიეღო ის გარემოება, რომ ბრმად გადმოღებული ნებისმიერი მოდელი ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციისა, წარუმატებელია.

კონსტიტუცია არ იწერება ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის, ერთი ან ორი წლის ან ერთი ან ორი თაობისთვის, ის თაობების კუთვნილებაა. Eკონსტიტუციის ეს ვარიანტი შარმანაშვილის თქმით, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინონ.

საკონსტიტუციო კომისიაში ორი ალტერნატიული პროექტიც იყო წარმოდგენილი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მკვეთრად გამოხატული ელემენტებით, მხოლოდ ლევან რამიშვილის პროექტი გულისხმობდა ქვეყნის ფედერალურ მოწყობას, გონაშვილის პროექტი კი უნიტარულ სახელმწიფოს საპრეზიდენტო ნიშნით, დაახლოებით იმგვარ ვარიანტს, როგორიც იყო შევარდნაძის მმართველობის დროს.

ბოძაშვილ-გონაშვილის პროექტმა მხოლოდ ორი ხმა მიიღო. რამიშვილის ანუ „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტს რაც შეეხება, ფედერალიზმის იდეა საქართველოში არაპოპულარულია, უარი ამის გამო ეთქვა, რამიშვილის მოდელში იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ხალხსა და პრეზიდენტს აშორებდა ერთმანეთს, კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარები ირჩევდნენ ხმოსნებს და ხმოსნები ირჩევდნენ პრეზიდენტს.

ეს იმას ნიშნავდა, რომ პრეზიდენტი პირდაპირ არ აირჩეოდა ხალხის მიერ. Fფედარალიზმს რაც შეეხება, თენგიზ შარმანაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მოწყობის ეს მოდელი საქართველოს დეზინტეგრაციას გამოიწვევს, დემოგრაფიული შემადგენლობა მოქალაქეებისა შეიცვლება, გარდა ამისა, საქართველოში შეიქმნება ფედერალური ერთეულები ეროვნული ნიშნით, რაც საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე არ უნდა იყოს დაშვებული.

ცოტა ხნის წინ ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განგაში ატეხა იმის გამო, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით აირჩეს პრეზიდენტად. მესამე ვადაზე ახალ პროექტში არაფერია ნათქვამი, მაგრამ გიგი წერეთლის თქმისა არ იყოს, 2013 წელს სააკაშვილი 46 წლის იქნება, ამ ასაკში პენსიაზე არ გავა, სავარაუდოდ, არც პოლიტიკას ჩამოშორდება და არც პარტიალ საქმიანობას.

კონსტიტუციის ახალი პროექტი სააკაშვილსაც არ უკრძალავს პრემიერ-მინისტრობას, ხელი შეიძლება შეეშალოს მაშინ, თუ მოქმედ პრეზიდენტს დაამხობენ. სხვა შემთხვევაში სააკაშვილსაც და სხვა ნებისმიერ ადამიანსაც უფლება აქვს გახდეს პრემიერ-მინისტრი. შარმანაშვილი ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს კარგად მოემზადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გამარჯვებული ძალა ფაქტობრივად ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში აიღებს. დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტის მიმართ საპრეტენზიო, როგორც გამოჩნდა, არც მმართველ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას აქვს და არც იმ პარტიებს, ვინც კომისიაში მუშაობს. შერეული მოდელი გადახრილი საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მოიწონა კომისიის უმრავლესობამ, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მართალია კომისიის წევრი არ არის და დეტალებში ამ პროექტს არ იცნობს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენის საფუძველზე ამბობს, რომ პროექტი დემოკრატიული განვითარების დონეს აწევს ქვეყანაში და ასეთი მოდელი დროის მოთხოვნაა.

რაც შეეხება ვითომ დაპირისპირებას უმრავლესობის წევრებს შორის რამიშვილისა და დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტების გამო, დარჩიაშვილი ასეთ დაპირისპირებას უარყოფს. მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს, რაც შეეხება ჯანსაღ კამათს ასეთი რამ ყველა პარტიისთვის დამახასიათებელი პროცესია და ეს დაპირისპირებად მოინათლოს, მართებული არ იქნება.
სტატია დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს (გამოდის ყოველ ორშაბათს) 31 მაისის ნომერში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100