სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი: ლარის გაუფასურება გლობალური პროცესის ნაწილია

ქართული ლარის აშშ დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურების ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მოვლენა გამოწვეულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და გლობალური პროცესის ნაწილია, ამიტომ მისი განხილვა აღნიშნული კონტექსტის გარეშე არ იქნება სწორი, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

პრემიერმა მაგალითად დაასახელა კონკრეტულიქვეყნების ვალუტები, რომლებიც გაუფასურდა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარების პროცესის ნაწილია. (ვრცლად იხილეთ : http://e.gov.ge/Rdbya )

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია.

„საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო, ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის მსოფლიო ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტისა და ქართული წარმოების წახალისების მიზნით.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია იყოს კონტროლის ქვეშ. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა, ხოლო ეროვნულ ბანკს სთხოვა, დროულად მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100