"ლეიბორისტული პარტია" პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობს
"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობს . ამის შესახებ ინფორმაცია "ლეიბორისტულმა პარტიამ", რეგლამენტის თანახმადვე, დღეს პარლამენტის ბიუროს მიაწოდა.
"მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, რომ თქვენი პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალადობითა და მოსყიდვით, არჩევნების მასობრივი გაყალბებით საპარლამენტო ხელისუფლების უზურპაცია მოახერხა, რის გამოც ჩვენ, ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა უარი ვთქვით დავმჯდარიყავით თქვენ, უკანონო დეპუტატების გვერდით და კვლავ ვაგრძელებთ მის პოლიტიკურ ბოიკოტს.
რაც შეეხება თქვენ მონა ტელევიზიებს, რომლებიც ყოველი საპარლამენტო სესიის წინ აპიარებენ ჩვენ მიერ კანონიერი ხელფასის აღების ფაქტს, მათ შევახსენებთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი თანხის ჩუქებას ზოგიერთი უსაქმური დეპუტატისთვის პრემიების სახით. 1999 წლიდან, ჩვენი პარლამენტში არ შეშვებით, სუფთა მატერიალური ზარალი პარტიისთვის შეადგენს 2 500 000 ევროს.
ეს გაანგარიშება წარდგენილია ევროსასამართლოში და ამ თანხას აუცილებლად ამოვიღებთ სააკაშვილის კრიმინალთა ჯიბეებიდან. ასევე, განვლილ პერიოდში თქვენმა პარლამენტმა უშრომლად შეიტყაპუნა ხელფასის სახით 35 500 000 ლარი, მივლინებებზე 3 400 000 ლარი და სატელეფონო ხარჯებზე 1 500 000 ლარი", - ნათქვამია "ლეიბორისტების" განცხადებაში, რომელსაც ხელს "ლეიბორისტი" პარლამენტარები – შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, იოსებ შატბერაშვილი და კახაბერ ძაგანია აწერენ.
ინტერპრესნიუსი
კომენტარი